უკაცრავად, თქვენი 15 წუთი ამოიწურა!

0 კომენტარი
„მომავალში ნებისმიერს შეეძლება გახდეს მსოფლიოში ცნობილი 15 წუთით” 
ენდი უორჰოლი
 
„Жизнь ворам, смерть сукам” /„ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი”/ საბჭოთა კრიმინალური სუბკულტურიდან ურბანულ სივრცეში გადმოსული  ეს მისალმება-სლოგანი და მისი აბრევიატურა ЖВСС თავის დროზე ასეც იშიფრებოდა: „Жизнь Воинам Советского Союза”. მისი ორმაგი მნიშვნელობა მავანისთვის ქურდული სამყაროს ვითომ გასაიდუმლოებულ კოდექსს უსვამდა ხაზს და ქურდული „იდეოლოგიისთვის” დამახასიათებელი სოციალური გამიჯვნის დატვირთვასაც ატარებდა. ეს მაშინ, და სერიოზულად... დღეს ეს ფრაზა ღიმილს იწვევს და ქართველი თანამედროვე მწერლის, ზაზა ბურჭულაძის ქუთაისურ ეპატაჟამდე, ვერც კი წარმომედგინა რა კონტექსტში შეიძლებოდა მისი გაცოცხლება, გააქტიურება და მით უმეტეს, გამოყენება. თუმცა, ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ადამიანის ფანტაზია ამოუწურავია და შესაძლებლობები უსაზღვრო, მით უმეტეს დღევანდელ საქართველოში, სადაც  „წყალქვეშა ქვები” თითქმის მთლიანად გამქრალია და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს თუ დაჯგუფებებს შორის უკვე ცნობილი მარშრუტების გამოყენებით გვიწევს „ცურვა”, როცა ნებისმიერი საეჭვო და სწორხაზოვანი დეკლამაცია ადვილად პოულობს ადრესატს, მთავარია მონდომება. ყველამ კარგად ვიცით ვინ როგორ „ავაგდოთ” და ვის რამდენი ჩონჩხი აქვს „კლოზეტში” გადამალული. წარმატებისთვის კი, როგორც ცნობილია, მხოლოდ „სწორი დროის”, „სწორი ადგილის” და “სწორი ადამიანების” შერჩევაა საჭირო... 

ქუთაისის ოპერის თეატრში თბილისიდან ჩასულ მწერლებთან შეხვედრაზე მისული ქუთაისელი მაყურებელი აშკარად არ იყო მზად ბურჭულაძესთან შესახვედრად და არც საკუთარ დამსახურებაზე ჰქონდა რაიმე წარმოდგენა მწერლის მიერ დაგეგმილი თუ დაუგეგმავი დიდების 15 წუთში. 

აღშფოთებული ქუთაისელების გაგება ადვილია. არ ვიცი რა ღირდა საღამოზე დასასწრები ბილეთი და ღირდა თუ არა საერთოდ რამე, მაგრამ ამ ხალხის მიზანი, ეჭვი მაქვს, საღამოს საინტერესოდ და მშვიდობიანად გატარება იყო. ყოველ შემთხვევაში, მათი მხრიდანაც თუ რაიმე იგეგმებოდა, ამას ვეღარასოდეს გავიგებთ. არსებულ სიტუაციაში კი უფროსი თაობის „ინწილიგენციად” წოდებული წარმომადგენლების ინტერესი ახალგაზრდა თანამედროვე მწერლების მიმართ, ბურჭულაძის „ფამილარობამდე” მაინც, გამორჩეულ სოციალურ-კულტურულ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს პატარა ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ნებისმიერი ასეთი შეხვედრა მნიშვნელოვანია ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო განსხვავებული აზრის მქონე თაობებს შორის რთული, მაგრამ აუცილებელი დიალოგის საწარმოებლად. „ინწილიგენციის” ასეთი დასწრება ბურჭულაძეზე და მის კოლეგებზე მათ აშკარად გადაჭარბებულ წარმოდგენაშიც შეიძლება ვეძებოთ. ფაქტია, რომ ინტერესი დიდი იყო.  
 
მომხდარიდან რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომლებიც ძირითადად ბურჭულაძის აწ გამჟღავნებულ პრობლემატიკას ეხმაურება. პირველი ალბათ მწერლის განსხვავებული იუმორის გრძნობაა, რომლის მიზანი გარკვეული სოციალური ჯგუფის აგრესიაში ჩაგდებაა, რაც, უნდა ვაღიარო, დღევანდელ საქართველოში რთული არ არის.  ასევე კამათის საგანია ბურჭულაძის თავისებური წარმოდგენა ხელოვანის ადგილზე თანამედროვე სოციუმში, მის პოზიციაზე და როლზე, მისი მოღვაწეობის მნიშვნელობაზე პოსტტოტალიტარულ სივრცეში და მის დამოკიდებულებაზე სოციალურ პრობლემებთან. სამწუხაროა, რომ რთულ დიალოგს სხვა დროსა და სიტუაციაში ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობასთან ბურჭულაძემ ადვილი ეპატაჟის გზა არჩია. გაცილებით საინტერესო იქნებოდა, დარბაზთან მწერლის შემოქმედებით, მისი იდეებით პროვოცირებული ურთიერთგაცვლის თუნდაც ზედაპირული მცდელობა და არა ქალაქის პრობლემური წარსულის უადგილო  წამოძახებით გამოწვეული მყისიერი კონფრონტაცია.
ადამიანებისთვის შანსის მიცემა და არა საეჭვო წარმოშობის  სლოგანებით საკუთარი „უპირატესობის” და უკომპლექსობის ჩვენება. ყველაფერი ზემოთქმული შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ მომხდარს თუ ცოტა ღრმად გავიაზრებთ, ერთი დასკვნა აშკარად იკვეთება: მიუხედავად ყველაფრისა, ზაზა ბურჭულაძე საქართველოში არსებული იმ შავ/თეთრი და ურთიერთდაპირისპირებული გარემოს ლოგიკური პროდუქტია, სადაც ეპატაჟი და აგრესია უფრო ადვილი და დაფასებულია, ვიდრე განსხვავებული შეხედულების, რელიგიური მრწამსის თუ ცხოვრების სტილის მქონე ადამიანთან დიალოგის თუნდაც მცდელობა. ამ დასკვნის საილუსტრაციოდ ისიც გამოდგება, რომ საზოგადოების ნაწილი აღაფრთოვანა ბურჭულაძის „გაბედულმა” საქციელმა და თავისუფალი თვითგამოხატვის აქამდე მიუღწეველმა სიმაღლეებმა. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ასეთი განაცხადისთვის დარბაზში სულ ცოტა ერთი ქურდი და ერთი ბოზი მაინც უნდა მჯდარიყო და ეს ამბავი ბურჭულაძეს ზუსტად უნდა სცოდნოდა. სხვანაირად, დარბაზში მსხდომი მოქალაქეების მიმართ ნასროლი რეპლიკა, ბურჭულაძის სტილი რომ გამოვიყენო, „ნახალკის” დადება იყო, რასაც ადამიანები, მიუხედავად მათი პოლიტიკური, სოციალური, ასაკობრივი, რელიგიური თუ გეოგრაფიული კუთვნილებისა, ნამდვილად არ იმსახურებდნენ ლიტერატურული საღამოს, შეიძლება პოლემიკურ, მაგრამ წესით მშვიდობიან და შემოქმედებით გარემოში. საბოლოო ჯამში, აღშფოთებულთა რაოდენობა სულ რაღაც 20 ადამიანით შემოიფარგლა. 20 განრისხებული „ინწილიგენტი” აბა რა ყურადღების ღირსია. ჩვენ ხომ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ მნიშვნელოვანი მხოლოდ იმ მასების აზრია, რომელიც ერთნაირად ფიქრობს, ან ნაკლებ განაწყენებულია, ან სულაც დარბაზიდან გასვლა ეზარება. 
 
ასეა თუ ისე, ზაზა ბურჭულაძის “15 წუთი” მალე ამოიწურა, მით უმეტეს საქართველოს პრეზიდენტის გამოხმაურების შემდეგ. ქუთაისის სენიორ სიტიზენებს (უფროსი თაობის მოქალაქეებს) კი კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ ოპერის სცენის შუქით დაბრმავებული მწერლის გზასაცდენილი ხუმრობა.
არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები