პოეზია

ანტიტყაოსანზე უპირატესობა

მე მართლა მომწონს იმ პოემის რამდენიმე ნაწილი, რომლითაც პაატა საზოგადოებამ გაიცნო... როგორც გურამ შარაძის მკვლელი. ახალი არაფერი მითქვამს, ჩვენთან ხალხი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ახალ ავტორებს უცნაური ფორმით იმჩნევს – ზეპარტიულ გაზეთ ასავალ-დასავალის ყდაზე კი დაახლოებით ასე ეწერა – „ანტიტყაოსნის” გამოჩენას მეცნიერის მკვლელობა მოჰყვა. ხოლო „მართლა მომწონს”-მეთქი, იმიტომაც ვთქვი, რომ მე და პაატა ვთანხმდებით, რომ ნაწარმოებს რაღაც-რაღაც აკლია – თუმცა ავტორის ნიჭიერება, განსაკუთრებით პროსოდიულ პასაჟებში, ადვილად საცნობია.

პაატამ კი ახალი პოემით წინამორბედზე უპირატესობის მოპოვება შეძლო – ამ ტექსტს და საერთოდ წიგნსაც ასე ჰქვია – „უპირატესობა” (გამომცემლობა დიოგენე) . მასში პოეტის რამდენიმე ლექსიცაა შესული და გასული წლის ერთ-ერთი საუკეთესო კრებულია.
პირველი, რაც ამოვიკითხე – პაატა ინარჩუნებს ერთგვარ პროვოკაციულობას, მაგრამ იგრძნო და ისწავლა, თუ როგორ აცდეს ზედაპირულ ეპატაჟს და ბეწვის ხიდზე დადის. ის, რომ ავტორი ხშირად „ეხება” ბიბლიას, ღმერთს, სულაც არ ნიშნავს, რომ რამე იაფ სკანდალს დაეძებს – როგორც თვითონ აღნიშნავს, წმინდა წერილის მისეული გადაწერაა, ახლის აღმოჩენის და სხვათათვის გადადების სურვილი.
გრძელი ჩამონათვალი და საკუთარი სახელების მონაცვლეობა პაატას საფირმო ნიშანთაგანია, ეს ამძაფრებს მისეულ ნარატივს, ლექსს „აჩქარებს” – თითქოს პოეტური სვინგია – თანაც ირონიული. სწორედ ეს უკანასკნელი, გარდა სათქმელისა, განასხვავებს შამუგიას მსგავს ტექსტებს მუხრან მაჭავარიანის მეთოდებისგან (ვთქვათ, მუხრანის „ანდუყაფარო, ლიპარიტო”, „ვითარცა მტკვარი” და პაატას „კონიუნქტურული „დედაენა” უცხოელი ტურისტებისათვის”, „ეგზისტენციური ეგზეგეზა”).
პაატა ტროპებს დიდად არ ეტანება, თუმცა ხანდახან მეტაფორას, რიტმისგან დაღლილი, როგორც ბალიშს „თავს მიადებს” – თითქოს ისვენებს –  ეს მაშინ, „როცა კორპუსები ფანჯრებს მოხუჭავენ/ და მთვარეები აყვავდებიან გუბეებში / და მდინარეები ტალღებს დაიკაპიწებენ” (სანიშნე) და „ხეებსა და ხეებს შორის / გაკიდულია შაშვების სტვენა”(დილის დოლი).
თვითონ პოემა – „უპირატესობა” – ათი ლექსი-ნოველაა, პოსტსაბჭოთა სტრესის სუბლიმაცია – უფრო ადამიანური ენით რომ ვთქვათ; პაატა საკუთარ ისტორიას გვიყვება (ერთგან მობილური ტელეფონის ნომერსაც კი მიუთითებს) უპირატესობებზე და პირიქით – მარცხებზე. საბოლოოდ, ეს მაინც იმედგაცრუების ეპოქაა, ამობრუნებული ანდაზების დრო – „უნდა გვესმოდეს, რომ/ვინც მადლი ქნა და ქვაზე დადო/გამოიარა და წინ დახვდა... ქვა”, ანაც ერთი საშინელი თვისება აქვს, სულ უკან გვეძახის, ნაბიჯებს გვიშლის. აი, როგორ ასრულებს პაატა – „პოემა აქ მთავრდება, წარსული კი, რასაკვირველია, გრძელდება”. ნაწარმოებიც გრძელია და, ბუნებრივია, აქვს სუსტი წერტილებიც – მაგალითად, ზოგან ნეოლოგიზმების ხელოვნური სიჭარბე, პროზაული ეპიზოდები ხან ამოვარდნილივით მეჩვენა, მაგრამ როგორც ჩვენი წანაპრები იტყოდნენ, ტექსტში დაშვებული ლაფსუსები მის ზოგად დონეს ვერაფერს აკლებს.
ასეა თუ ისე, პაატას ეს წიგნი, საკუთარ ძალებში დარწმუნებულ პოეტს ეკუთვნის. მას შეუძლია, მოვიდეს და დედა-ენა თავიდან გასწავლოს:
„აი ქალწულობის შემნახველი სალარო
აი ეროვნული სული
აი ცივილიზაცია
აი ჩვენ!”  

კომენტარები