რა სურს ქართველ მაყურებელს

ქართველი მაყურებლები უპირატესობას მუსიკალურ და გასართობ გადაცემებს ანიჭებენ. საინფორმაციო, შემეცნებითი და ანალიტიკური ტიპის გადაცემების მიმართ, მათ შედარებით ნაკლები ინტერესი აქვთ. 

ასეთი სურათი გვიჩვენა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით, კვლევითმა ორგანიზაცია BCG-მ ჩაატარა. ის 2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს.
 
ის, რომ ქართველ მაყურებელს გასართობი გადაცემები სხვა ტიპის ტელეპროგრამებზე მეტად იზიდავს, არც მოულოდნელია და არც უჩვეულო.
მაყურებლებს საზღვარგარეთაც მსგავსი პრიორიტეტები აქვთ. მაგალითად, Ofcom-ის – კომუნიკაციების ბრიტანული მარეგულირებლის – 2009 წლის მონაცემებით, ბრიტანეთში, ყველაზე ხშირად, გასართობ არხებს უყურებენ. 
 
თუმცა, საქართველოში, ხშირად კვლევის შედეგების მცდარი ინტერპრეტირება ხდება; თითქოს, კომისიამ მხოლოდ უმრავლესობის გემოვნების დაკმაყოფილებაზე უნდა იზრუნოს. არადა, მაყურებელთა უმრავლესობისთვის მოსაწონი გადაცემების შექმნას ბაზარი უზრუნველყოფს. კომისიის მიზანი „საბაზრო ჩავარდნის” კორექტირება უნდა იყოს – დემოკრატიულ ქვეყნებში, ამგვარი კვლევებისა და ზოგადად მაუწყებლობის სახელმწიფო რეგულირების დანიშნულება, პირველ რიგში, უმცირესობის ინტერესების დაკმაყოფილებაა. 
 
BCG-ის კვლევის მიხედვით, რეგიონალური და სათემო (ეთნიკურ, ენობრივ თუ სხვა ჯგუფებზე ორიენტირებული) მაუწყებლობის მომხრეები უმცირესობაში აღმოჩნდნენ. რეგიონალურს გამოკითხულთა 24% უჭერს მხარს. სათემო მაუწყებლებთან დაკავშირებით კი, კვლევაში ნათქვამია, რომ „სოლიდურ უმრავლესობას” მისი არსებობა არ სურს. თუმცა, არც მხარდამჭერების და არც მოწინააღმდეგეების პროცენტული მაჩვენებელი არ არის მოყვანილი. 
 
არც მათი რიცხვია დიდი, ვინც საინფორმაციო გამოშვებებითა და ანალიტიკური გადაცემებითაა დაინტერესებული – პირველი გამოკითხულთა დაახლოებით ათ პროცენტს აინტერესებს, ხოლო მეორე მაყურებელთა მხოლოდ ოთხ პროცენტს იზიდავს. 
 
მუსიკალურ გადაცემებს გამოკითხულთა 35,5% ანიჭებს უპირატესობას, გასართობ თოქ-შოუებს – 29%. სწორედ ამ  ტიპის გადაცემები ლიდერობს „ფიფლ მეტრების” მონაცემებითაც. მაგალითად, 2010 წლის იანვარში, ყველაზე რეიტინგული ჯეოსტარი, სერიალი „შუა ქალაქში” და თოქ-შოუ პროფილი იყო. 
 
რესპონდენტებს, გადაცემის ტიპების გარდა, იმ სასურველი თემების დასახელებაც სთხოვეს, რომლის გაშუქებაც სურთ. კვლევაში ვკითხულობთ, რომ ყველაზე სასურველია გადაცემები ქართველი ერის, მისი ტრადიციებისა და მენტალიტეტის შესახებ. პოპულარულია დასაქმებისა და სხვა სოციალური საკითხებიც. მაყურებლებს ასევე აინტერესებთ გადაცემები საქართველოს რეგიონებზე. თუმცა, ანგარიშის თანახმად, რესპონდენტებს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში მოქცევა არ სურთ – როგორც წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ამბების ცოდნაც უნდათ.
 
BCG-ის კვლევის საფუძველზე კომისიამ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს, რომლის მიხედვით ლიცენზიის მაძიებელთა სამაუწყებლო კონცეფციები შეფასდება. პრიორიტეტები 18 აპრილს დადგინდება. როგორც კომისიაში ამბობენ, კვლევამ აჩვენა, რომ მაყურებლებს მრავალფეროვანი ბადე იზიდავთ. შესაბამისად, პრიორიტეტული სწორედ მრავალფეროვნება იქნება. 
ამ დროისთვის კომისიაში ლიცენზიის მაძიებლების 25-მდე განაცხადია შესული, რომლებზეც ადმინისტრაციული წარმოება დროებით შეჩერებულია. პრიორიტეტების დადგენისთანავე კი განახლდება. 
 
მაყურებლების პრიორიტეტების კვლევა კომისიამ ყოველ 2 წელიწადში უნდა ჩაატაროს. პირველი კვლევა 2004 წლით თარიღდება. მაშინ მაყურებლები უპირატესობას საინფორმაციო გადაცემებს ანიჭებდნენ. სხვა მხრივ, ვითარება დღევანდელის მსგავსი იყო. 2006 წელს კვლევა არ ჩატარებულა, ხოლო უკანასკნელს 2 წელიწადზე მეტი დასჭირდა.
 
BCG-ის კვლევის შედეგები მედიის წარმომადგენელთა ნაწილს უჩვეულოდ მოეჩვენა. მათ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ 2009 წელს ჩატარებული ქართული მედიის კვლევა გაიხსენეს, რომელმაც საზოგადოების მაღალი ინტერესი  ახალი ამბებისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართ აჩვენა. 
 
CRRC-ის კვლევის თანახმად, სატელევიზიო ახალ ამბებს ყოველდღიურად რესპონდენტების 84% უყურებდა. ინტერვიუერებმა რესპონდენტებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის შესახებაც ჰკითხეს. კითხვარში მითითებული სფეროებიდან 75%-მა ინტერესი ჯანდაცვის, სასამართლოს, არჩევნებისა და სიტყვის თავისუფლების საკითხების გამოძიების მიმართ გამოავლინა. 
 
როგორც BCG-ის ჩატარებული კვლევის კოორდინატორი ხათუნა ხარჩილავა ამბობს, ამ ორი კვლევის მეთოდოლოგია და მიზნები აბსოლუტურად განსხვავებულია, რის გამოც მონაცემების შედარება მართებული არ არის. 

კომენტარები