სამუდამო დისკვალიფიკაცია გარიგებული თამაშებისთვის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, არალეგალურ გარიგებებში ჩართულ 5 ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია შეეფარდა. ესენი არიან საფეხბურთო კლუბ "ვიტ-ჯორჯიას"  ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია, ზუგდიდის "ბაიას" ფებურთელები  - როინ ონიანი და ლევან ვართაგაშვილი და საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" ფეხბურთელები – სპარტაკ გოგია და ზაზა კირთაძე.  ამ საკითხზე აღმასრულებელი კომიტეტის 17 წევრი დღეს ორი საათის განმავლობაში მსჯელობდა.

სხდომის დასრულების შემდეგ ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხდომა საკმაოდ დაძაბული იყო. მისი თქმით,  საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ხმები გაიყო. კომიტეტის 8 წევრი მიიჩნევდა, რომ  ფეხბურთელებისთვის 5-წლიანი დისკვალიფიკაცია საკმარისი სასჯელია იქნებოდა. ხოლო  აღმასრულებელი კომიტეტის 9 წევრი მათთვის სამუდამო დისკვალიფიკაციის შეფარდებას მოითხოვდა. საბოლოოდ, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული. 

”ეს სასჯელი  კარგი მაგალითია, რომ  მომავალში ფეხბურთელებსა და კლუბებს მატჩების გაყიდვის სურვილი  აღარ გაუჩნდეთ,” განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სხდომის დასრულების შემდეგ.   სიჭინავას თქმით, პრევენციული ხასიათის სხვა ღონისძიებებზე აღმასრულებელი კომიტეტი მომავალ სხდომაზე უფრო დეტალურად იმსჯელებს. ”კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მსგავსი ფაქტების გამეორებას გამორიცხავს,” აღნიშნა მან.  

კომენტარები