განრიდების პროგრამა: პირველი ნაბიჯი

საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის გარდაქმნა გრძელდება. გასული წლის შემოდგომაზე, არასრულწლოვნებისთვის დანერგილი განრიდების პროგრამის გავრცელება, სრულწლოვან პირებზეც იგეგმება. თუმცა, განსხვავებული პირობებით. შესაბამისი კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

სრულწლოვანთა განრიდება სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმია. მასზე გადაწყვეტილებას პროკურორი იღებს – მას შეუძლია, არ დაიწყოს, ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა. პროკურორმა განრიდებას, შეიძლება, იმ შემთხვევაში მიმართოს, თუ დანაშაული ნაკლებად მძიმე, ან მძიმეა. თუმცა, ეს უკანასკნელი ძალადობრივი არ უნდა იყოს. 
 
თავის მხრივ, პირი მზად უნდა იყოს, გარკვეული პირობები შეასრულოს: სახელმწიფოს გადასცეს უკანონოდ მოპოვებული ქონება, ან აანაზღაუროს ამ ქონების ღირებულება; ჩააბაროს დანაშაულის იარაღი, ანდა სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტი; სრულად, ან ნაწილობრივ აანაზღაუროს თავისი ქმედებით გამოწვეული ზიანი; სახელმწიფო ბიუჯეტისთვის გადაიხადოს თანხა; უსასყიდლოდ შეასრულოს საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო.  
 
საქართველოს მთავრობის სურვილია, სისხლის სამართლის პროცესში პასუხისმგებლობის ალტერნატიული სახეები დაინერგოს. ამ შემთხვევაში ის ევროპულ გამოცდილებას იზიარებს. იუსტიციის სამინისტრო მიზნად სასამართლოს რესურსების დაზოგვასა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აქტუალიზაციასაც ისახავს. დამატებითი მოტივატორი კი, არასრულწლოვნებთან არსებული პრაქტიკა გახდა. 
 
არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2010 წლის 15 ნოემბრიდან ამუშავდა. ის, ნაკლებად მძიმე დანაშაულის პირველად ჩამდენ არასრულწლოვანს შეიძლება შეეხოს.
არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2010 წლის 15 ნოემბრიდან ამუშავდა. ის, ნაკლებად მძიმე დანაშაულის პირველად ჩამდენ არასრულწლოვანს შეიძლება შეეხოს. მედიაცია არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის დიალოგსა და შერიგებას გულისხმობს, თუ დაზარალებულიც თანახმაა. განრიდებულ არასრულწლოვანთან ინდივიდუალური ხელშეკრულება ფორმდება – მაქსიმუმ 12 თვით, რაც მას გარკვეულ მოვალეობებს აკისრებს დაზარალებულის, ან საზოგადოების წინაშე. 
 
ამ დროისთვის 22 განრიდება შედგა – აქედან რვა მედიაციით წარიმართა. მედიაციაში მონაწილეობაზე, დაზარალებულებმა მხოლოდ ორ შემთხვევაში თქვეს უარი. იყო შემთხვევები, როდესაც დაზარალებული 11-12 წლის იყო და მისი მედიაციაში ჩართვა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა. დანარჩენი ათი დანაშაული კი ცივი იარაღის ტარება იყო და რადგან კონკრეტულად არავის შეხებია – მედიაცია ვერც შედგებოდა. ამ დროისთვის რამდენიმე ხელშეკრულება დასრულდა, არც ერთი მათგანი არ დარღვეულა და არც რაიმე რეციდივი აღნიშნულა.
 
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტატისტიკა – თუ არ დავრწმუნდებით, რომ, მაგალითად, გაუმჯობესდა ამ ბავშვის სკოლაში დასწრება და მოსწრება, ან რომ განმეორებით დანაშაულს აღარ ჩაიდენენ, რაც 5 წლის განმავლობაში შეფასდება, მანამდე სერიოზულ დასკვნებს ვერ გამოვიტანთ”, – ამბობს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ანდრო გიგაური. ის პროცესის დასაწყისს წარმატებულად აფასებს.
 
არასრულწლოვანთა განრიდება და მედიაცია ჯერჯერობით თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს მოიცავს. წელს მისი გაფართოება  –  გორსა და სამტრედიაში – იგეგმება. დაგეგმილია რამდენიმე ახალი პროგრამის დაწყებაც – მაგალითად, განრიდება საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობებით, ან ცივი იარაღის ტარებისთვის. ანდრო გიგაური არ გამორიცხავს, რომ მომავალში არასრულწლოვანთა განრიდება და მედიაცია მძიმე დანაშაულსაც შეეხოს. ერთ-ერთი ჯგუფური ქურდობაა – თუ ის შინაარსით ნაკლებად მძიმეა, თუმცა, ჯგუფურობის გამო, მძიმე კატეგორიაში ხვდება. 
ამ და სხვა ცვლილებებით, ხელისუფლება ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკიდან უხვევს. ამ პოლიტიკამ, დანაშაულის დიდი დოზით შემცირების გარდა, უსაფრთხოების განცდაც დაბადა. ამას დანაშაულის კლების სტატისტიკა და საზოგადოებრივი განწყობების კვლევაც ადასტურებს. უფრო ლმობიერი მიდგომების დანერგვამ, შესაძლოა, მიღწეულ შედეგზე ნეგატიურად იმოქმედოს. ნულოვანი ტოლერანტობის არსი, სწორედ მცირე დანაშაულისადმი შეუგუებლობაა. 
 
არასრულწლოვანთა განრიდება და მედიაცია ჯერჯერობით თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს მოიცავს. წელს მისი გაფართოება – გორსა და სამტრედიაში – იგეგმება.
ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გატარების მოწინააღმდეგეებს არგუმენტად ციხეებში ბევრი პატიმრის ყოფნა მოჰყავთ და ის, რომ საქართველო, ამ თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. ეს არგუმენტი იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც პატიმრები გადასახადის გადამხდელ მოქალაქეებს აწვებიან წნეხად. საპირწონე კი უფრო არსებითი რამაა – საზოგადოებრივი უსაფრთხოება, რასაც საფუძველი დანაშაულისადმი და დამნაშავეებისადმი მკაცრმა მიდგომებმა შეუქმნა. დანაშაულისადმი ლმობიერი მიდგომები, საზოგადოებაში დაუსჯელობის შეგრძნების გაჩენის რისკს ქმნის. მით უფრო, რომ უსაფრთხოების სწრაფად მიღწეული ეფექტი, კანონმორჩილების ხანგრძლივი გამოცდილებით არ არის გამყარებული. 
 
ევროპული გამოცდილების გაზიარებამ, შეიძლება, შედეგი ვერ მოიტანოს. ის, რომ ესა თუ ის პროგრამა ევროპაში მოქმედებს, არ ნიშნავს, რომ საქართველოშიც იმუშავებს. მით უმეტეს, რომ ხშირად, ევროპაში, ამგვარი პოპულარული მიდგომების  საფუძველი იდეოლოგიური კლიშეა – თითქოს ვინმეს დანაშაული საზოგადოების ბრალია, რაც ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას გამორიცხავს და თავისი არსით ანტილიბერალურია.
გარდა ამისა, პრობლემები პრაქტიკული თვალსაზრისითაც შეიძლება შეიქმნას. ამ პროცესებში მონაწილე კვალიფიციური და პატიოსანი კადრების მოძიება რთული იქნება. არსებობს საშიშროება, რომ გაწერილი პროცედურები ფორმალობად იქცეს, ხოლო მასში მონაწილეებს კორუფციული ცდუნებები გაუჩნდეთ. 
 
ანდრო გიგაური ამბობს, რომ მათი მიდგომის არსი ისაა, რომ სადაც შესაძლებელია, ადამიანებმა ალტერნატიული ფორმით მოიხადონ სასჯელი – იქნება ეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა თუ უფროს-უმცროსების განრიდება. „უბრალოდ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათზე პოზიტიურად ვზემოქმედებთ. ეს დაუსჯელობის შეგრძნებას არ უნდა ქმნიდეს”, – ამბობს ის.
 
მას ესმის პრობლემები, რაც პრაქტიკულ დონეზე შეიძლება გაჩნდეს. იმედს პროცესში მონაწილე, სპეციალურად გადამზადებული ადამიანების პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე ამყარებს. გაამართლებს, თუ არა ეს, ამას მომავალი გვიჩვენებს. 

კომენტარები