პორტუს მეოთხე ევრომწვერვალი

ოთხშაბათს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, დაბლინ არენაზე უეფას ევროპის ლიგის ფინალში პორტუმ ბრაგას კოლუმბიელი ფორვარდის, რადამელ ფალკაოს ერთადერთი გოლით 1:0 სძლია. ეს იყო პირველი პორტუგალიური ფინალი ევროტურნირების ისტორიაში.

გოლი, რომელმაც ფინალის ბედი გადაწყვიტა, შესვენებამდე წუთით ადრე გავიდა: პორტუს ნახევარმცველმა გუარინმა მეტოქის შეტევა ჩაჭრა, ფლანგზე წაიწია და საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ფალკაომ ბრწყინვალედ ითამაშა – მოხდენილი თავურით ანგარიში გახსნა – 1:0. ეს რადამელ ფალკაოს მე-17 გოლი იყო წლევანდელ გათამაშებაში. გარდა იმისა, რომ მან ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიგო, ევროთასების რეკორდიც დაამყარა: ერთ გათამაშებაში ამდენი გოლი არავის გაუტანია!
 
„ძალიან ბედნიერი ვარ! წლევანდელ სეზონში შესანიშნავად ვთამაშობთ და მიხარია, რომ ტიტულებს ვიხვეჭთ. ევროპის ლიგის მოგება, ეს ასრულებული ოცნებაა!” – განაცხადა 25 წლის ფალკაომ, რომელიც ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ბრაგას მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მეკარე ელტონთან პირისპირ გასულმა მოსორომ ცუდად დაარტყა – პორტუს კაპიტანმა მეკარემ ბურთი ტერფით მოიგერია.
 
პორტუს 33 წლის მწვრთნელის – ანდრე ვილიაშ-ბოაშისთვის დუბლინში მოგებული ევროპის ლიგა მეორე ტიტულია ორიოდ კვირის წინ მოგებული პორტუგალიის ჩემპიონატის შემდეგ. ვილიაშ-ბოაში ევროთასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ტრიუმფატორია! მისი ხელმძღვანელობით პორტუმ ამ სეზონში რამდენიმე რეკორდი დაამყარა: ევროპის საკლუბო ტურნირებზე ერთ სეზონში ყველაზე მეტი მატჩი მოიგო – 14 (პორტუგალიის რეკორდი); ქვეყნის ჩემპიონატში ყველაზე მეტი მოგება ზედიზედ – 16; ქულების სარეკორდო რაოდენობა – 84; უდიდესი უპირატესობით გამარჯვება – 21 ქულა მეორეადგილოსანთან; წაუგებელ მატჩთა სერია – 36 (საკლუბო რეკორდი). ამას გარდა, ვილიაშ-ბოაშის გუნდმა ბენფიკას რეკორდი გაიმეორა – პირველობა დაუმარცხებლად მოიგო!
 
დუბლინში მოგებული ევროპის ლიგის თასი პორტუს ისტორიაში მეოთხე ევროჯილდოა: 1987 და 2004 წლებში კლუბმა ჩემპიონთა თასი აღმართა, 2003 წელს კი უეფას თასი. თუ ფიფა-უეფას მიერ აღიარებულ საერთაშორისო ტიტულებს მივიღებთ მხედველობაში, პორტუს 7 გამარჯვება დაუგროვდება: 1987 წელს კლუბმა ევროპის სუპერთასი, 1987 და 2004 წლებში კი საკონტინენტთაშორისო თასებიც მოიგო. 7 საერთაშორისო ჯილდოთი პორტუ ევროპის კლუბებს შორის მე-9 ადგილზეა, საუკეთესო კი იტალიის მილანია 17 გამარჯვებით.
 
ზაფხულში პორტუს ევროპის სუპერთასის მეორედ მოგების შანსი ექნება: პორტუგალიელები მონაკოში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
 
„დუბლინური გამარჯვება უკვე ისტორიაა. მოვა დრო, როცა ამ წარმატების შესახებ შვილებს სიამაყით მოვუყვები, ახლა კი ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობ. ევროპის ლიგის თასზე უკეთესი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”, – განაცხადა რადამელ ფალკაომ. 
 

კომენტარები