ისლანდიურმა ვულკანმა ავიაკომპანიებს კვლავ პრობლემები შეუქმნა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/vlk.png##fbimage#
ისლანდიაში ვულკან გრიმსვოტნიდან ამოფრქვეული  ფერფლის გამო შოტლანდიაში ყველა ავიარეისი გადაიდო. უცხოური მედიის ცნობით, შოტლანდიის აეროპორტში ფრენების აღდგენას ათასობით მგზავრი ელოდება.

ავიაკომპანიებმა British Airways, KLM, Aer Lingus და Easyget-მა უსაფრთხოების მიზნით შოტლანდიიდან და ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე აეროპორტიდან ყველა რეისი გადადეს. ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც რეისებს მაინც ასრულებს, Ryanair-ია. ირლანდიური კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ირლანდიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის წინააღმდეგ საჩივარსაც შეიტანენ რეისების გადადების შესახებ გაცემული ”გაუმართლებელი” განკარგულების გამო.

ვულკანი გრიმსვოტნი შაბათს ამოქმედდა. სამშაბათისთვის ვულკანურმა ფერფლმა შოტლანდიას, დღეს კი სკანდინავიას მიაღწია. ნაწილობრივ დახურულია საჰაერო სივრცე ნორვეგიის დასავლეთით და დანიის ჩრდილო-დასავლეთით. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვულკანური ღრუბელი დღეს საღამომდე ლონდონსაც დაფარავს.

გასულ წელს ისლანდიაში ვულკან ეიაფიალაიეკულის ამოფრქვევამ ევროპაში სატრანსპორტო პრობლემები შექმნა. მაშინ ერთ კვირაზე მეტი დროის მანძილზე ასობით ათასი მგზავრი ევროპის სხვადასხვა აეროპორტში ფრენების განახლებას ამაოდ ელოდებოდა. ავიაკომპანიებმა ეიაფიალაიეკულის ამოფრქვევის შედეგად გამოწვეული ხანგრძლივი შეფერხების გამო მილიარდობით ევროს ზარალი განიცადეს.  

 

კომენტარები