ინტერვიუ ირაკლი გილაურთან

 კომერციული ბანკი ქვეყნის ეკონომიკის ნერვული სისტემაა – ის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს და მოთამაშეებს ერთმანეთთან აკავშირებს. კომერციული ბანკი რომ არ არსებობდეს, ქვეყნის კაპიტალის დიდი ნაწილი სრულიად უმოქმედო იქნებოდა: ბანკი სხვადასხვა საინვესტიციო მიზნებისათვის მოქალაქეების დანაზოგების მობილიზებას ახდენს. გარდა ამისა, დოვლათის გაცვლის, განაწილებისა თუ მოხმარების პროცესში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თანამედროვე ვაჭრობაც, ბანკების გარეშე, უბრალოდ წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, ქვეყნის საბანკო სისტემაზე, მისი ეკონომიკის ყველა შოკი თუ მიღწევა, განსაკუთრებულად აისახება. ტაბულა ბაზრის ლიდერთან – საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორ ირაკლი გილაურთან ინტერვიუს გთავაზობთ. 

საქართველოში მაღალი ინფლაციაა. საქსტატის ინფორმაციით, 2011 წლის აპრილში, 2010 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ინფლაციის დონემ 13.5% შეადგინა. რა არის ამის მიზეზი?

 მნიშვნელოვანია ის, თუ რა სახის ინფლაციასთან გვაქვს საქმე – ე.წ. ძირითად ინფლაციასთან (core inflation) თუ სავაჭრო ინფლაციასთან (tradable inflation). საქართველოში დაბალია ძირითადი ინფლაციის მაჩვენებელი, ხოლო მაღალია სავაჭრო ინფლაციის მაჩვენებელი, რაც გამოწვეულია პირველადი მოხმარებისსაგნებზე ფასების ზრდით. სახეზე გვაქვს მიწოდებით და არა მოთხოვნით განპირობებული ინფლაცია. მაგალითად,  თუ  საერთაშორისო ბაზრებზე ხორბალი ორჯერ გაძვირდა, ეროვნულმა ბანკმა რაც არ უნდა გააკეთოს, ის საქართველოშიც გაძვირდება. აქ, როგორც წესი, ჩნდება კითხვა – ბრიტანეთშიც გაძვირდა ხორბალი, თუმცა იქ ინფლაციის მაჩვენებელი უფრო დაბალია – რატომ? ძალიან მარტივი მიზეზის გამო – საქართველოში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე დაბალია და ამ შემოსავლის დიდი წილი საკვებზე იხარჯება. შესაბამისად, ინფლაციის კალათის დათვლის დროს, საკვებ პროდუქტზე ინფლაციას მეტი წონა აქვს, ვიდრე ბრიტანეთში. შედეგი ისაა, რომ ინფლაცია საქართველოში 10%-ზე მეტია, ბრიტანეთში მხოლოდ 3%. ბრიტანეთის ინფლაციის გაანგარიშებისას, თუ იგივე წონებს მივუყენებთ ინფლაციის კალათას, რასაც საქართველოში ინფლაციის გაანგარიშებისას ვიყენებთ, ბრიტანეთშიც ინფლაცია საქართველოს ინფლაციის დონეს მიაღწევს.

 
მეორე მხრივ, იმპორტირებული ხორბლის ფასი, საქართველოსგან განსხვავებულ ვალუტაშია. გამოდის, რომ ხორბლის გაძვირებაზე გავლენას ახდენს გაცვლითი კურსიც. ასე არ არის?
 
მართალია. თუმცა ლარი მყარდება და აქ ბევრი ნიუანსია, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მაგალითად, ევროსთან მიმართებაში ლარი არ მყარდება, აშშ დოლარი სუსტდება და ა.შ. ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა სწორედ იქით არის მიმართული, რომ ინფლაცია არ გაიქცეს და ყველა პროდუქტზე ფასები არ გაიზარდოს. ახლა, რეალურად, ფასები მხოლოდ საკვებზეა გაზრდილი. ვფიქრობ, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია სტაბილიზაციას მიაღწევს და წლიური ინფლაცია 10%-ზე დაბლა ჩამოვა. ამის წინაპირობაა ის, რომ თვიდან თვემდე ინფლაცია 0%-ის ფარგლებშია მარტშიც და აპრილშიც, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ამ ტენდენციის ფონზე, 2011 წლის მეორე ნახევრის ინფლაცია დასტაბილურდება და შესადარ პერიოდთან მაღალი ვეღარ იქნება. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია საქართველოში უკვე მაღალი იყო.
 
ბოლო  წლების განმავლობაში საქართველოში ფულის მასა გაიზარდა. ამას არც ეროვნული ბანკი უარყოფს. რა გავლენა აქვს ამას საქართველოს ეკონომიკაზე?
 
ფულის მასის ზრდა პრობლემურია მაშინ, როდესაც ის იმატებს და არა ეკონომიკა. როდესაც ფულის მასის ზრდა ეკონომიკის ზრდის პროპორციულია, ეს ნორმალურია. ეროვნულმა ბანკმა უკვე გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, რაც ფულის მასას ქვეყნის ეკონომიკაში შეამცირებს. და ის უკვე შემცირდა 800 მილიონი ლარით. 
 
როგორ აისახება ეროვნული ბანკის გამკაცრებული პოლიტიკა საბანკო სექტორზე?
 
შეიძლება ბანკებმა განაცხადონ, რომ ეროვნული ბანკის მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდის შედეგად, სესხებს იმავე მოცულობით ვეღარ გასცემენ. ფულის გაზრდილი ნაწილის შენახვა ეროვნულ ბანკში უწევთ, ხოლო იქ განთავსებულ თანხაზე, საპროცენტო სარგებელი 0%-ია, შესაბამისად, ბანკს ფულის დიდი ნაწილი უფრო ძვირი უჯდება. საერთო ჯამში, ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული – ინფლაცია ცუდია ეკონომიკისთვის და ბანკისთვის, ხოლო რაც კარგია საქართველოსთვის, კომერციული ბანკისთვისაც დადებითი შედეგი მოაქვს. ზოგჯერ ამბობენ, რომ ბანკებს უხარიათ ინფლაცია, რაც მცდარი მოსაზრებაა. მაღალ ინფლაციას, ცალსახად, ცუდი გავლენა აქვს მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობაზე, რაც სესხებზე მოთხოვნას ამცირებს.
 
მთავრობა ამბობს, რომ აპრილში ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევრობონდის გამოშვების გამო, საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო შემცირდება. რა კავშირია ევროობლიგაციებსა და კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთებს შორის?
 
ბანკის საწარმოო მასალა ფულია. ფულის ღირებულება პირდაპირ არის მიბმული რისკის ღირებულებასთან. რაც უფრო რისკიანად აფასებს  ინვესტორი ქვეყნის განვითარებას, მით უფრო ძვირი უჯდება კომერციულ ბანკს ფული. შესაბამისად, სესხებზე საპროცენტო განაკვეთებიც უფრო მაღალია. 
 
ევროობლიგაციების კუთხით, ყველაზე მთავარი სწორედ ისაა, რომ უცხოელმა ინვესტორებმა ქვეყანას ნდობა გამოუცხადეს – ნახევარმილიარდიან ევროობლიგაციებზე მოთხოვნა, მათი მხრიდან მიწოდებას, 5.3-ჯერ აღემატა. ამასთან, ინვესტორებმა ქვეყნის მიმართ ნდობა, მთელი 10 წლით გამოხატეს. საქართველოს 10-წლიან ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი 7.125%-ზე დაფიქსირდა, რაც დაახლოებით ხორვატიის
10-წლიანი ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთს უტოლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ  ინვესტორებს საქართველოს ბიზნესგარემოს შეუქცევადი გაუმჯობესების სჯერათ. 
 
რადგან ინვესტორების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არის დადებითი და მათი რისკის აღქმა ქვეყნის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდა, ყოველივე, დეპოზიტების და სესხების საპროცენტო განაკვეთის კლებაზე აუცილებლად აისახება. თუ დღეს დეპოზიტებზე სარგებელი საშუალოდ 8-9%-ს შეადგენს, მომდევნო 1 წლის განმავლობაში, აუცილებლად დაიწევს 6-7%-მდე. სესხების საპროცენტო განაკვეთებმა გაასწრო მოვლენებს და საპროცენტო განაკვეთების შემცირება უკვე მოხდა. 
 
თუმცა ეს მაინც ვალია. 10 წლის შემდეგ ქვეყანას ამ ფულის უკან დაბრუნება მოუწევს. იქნებ უმჯობესი იყო, ქამრების მოჭერის პრინციპით, მთავრობას ვალი დაეფარა და ახალი აღარ აეღო?
 
ვალის ოდენობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში უნდა იქნას განხილული. მაასტრიხტის აქტი ამბობს, რომ ვალის მიმართება მთლიან შიდა პროდუქტთან არ უნდა იყოს 60%-ზე მეტი. საქართველოს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 60%-ზე მნიშვნელოვნად დაბალია. ევროობლიგაციების განთავსება ამ შემთხვევაში იყო ოპტიმალური სვლა და საუკეთესო გამოსავალი. 
 
10-წლიანი ობლიგაციების გამოშვებით, მთავრობამ „ახალი ფული” ძალიან მცირე ოდენობით მოიზიდა. ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ახალი ობლიგაციების გამოშვებით, მოხდა ძველი, 420 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციების გამოსყიდვა. შესაბამისად, რეფინანსირების თუ გადახდის რისკმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე 2013 წელს იდგა, 2021 წლამდე გადაიწია. 
 ვალს და დეფიციტს რა გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე?
 
ყველაფერი კონტექსტში უნდა გავიაზროთ. დიდი მნიშვნელობა აქვს საბიუჯეტო დეფიციტის დინამიკას. დეფიციტი ყოველწლიურად მცირდება – 2009 წელს 9%-დან, 2011 წელს 4%-მდე. რაც შეეხება ვალს, დღეს მშპ-სთან მიმართებაში საგარეო ვალი 35%-ია. მაშინ, როდესაც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საგარეო ვალი მშპ-ს მიმართ 100%-ზე მაღალია. ვალის დიდი ოდენობით აღებისკენ, ევროპას ალბათ მაინც სოციალური დაცვის კუთხით არსებული რეგულაციები და ვალდებულებები უბიძგებს. საქართველო ამ მხრივ უფრო დისციპლინირებულია.  
 
რას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის?
 
ქვეყანაში არსებობს გარკვეული რაოდენობის ფულის მასა. თუ გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, საჭიროა ქვეყანაში მეტი ფული გაჩნდეს, ამისთვის კი უნდა შემოვიდეს უცხოური ინვესტიცია და გაიზარდოს ექსპორტი. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შეიქმნას კონკურენტული გარემო. 
თავისუფალი ბაზარი თავად დაარეგულირებს თუ კონკრეტულად რომელი საექსპორტო ბაზარი უნდა განვითარდეს. ბიზნესი კი მოძებნის პროდუქციის გასაღების გზას. მთავრობისგან ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ის, რომ მოხდეს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება სხვადასხვა პოტენციურ ქვეყანასთან. 
 
რა არის საქართველოს კონკურენტული უპირატესობები გლობალურ ბაზარზე?
 
საქართველოს რამდენიმე მთავარი უპირატესობა აქვს: გეოგრაფიული მდებარეობა, ტურიზმის და ჰიდროენერგოპოტენციალი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი –  ლიბერალური გარემო. საქართველო ბუნებრივად არის ტრანსპორტის და ლოგისტიკის ცენტრი, გვაქვს ზღვაზე გასასვლელი და სავაჭრო კორიდორის ფუნქცია. მაგალითად, აზერბაიჯანს, სომხეთს, აგრეთვე ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ვისაც სურს ევროპასთან ვაჭრობა, შეუძლიათ ეს საქართველოს გავლით განახორციელონ. კონკურენტული უპირატესობა სახეზეა და ვერსად წავუვალთ. 
 
თუ გვინდა, რომ ეს სატრანსპორტო პოტენციალი გამოვიყენოთ და საქართველო იქცეს ტრანზიტულ ქვეყნად, ეს ყველაფერი უნდა განვავითაროთ და პოტენციურ მომხმარებელს სწორად წარვუდგინოთ. რაც შეეხება ტურიზმს, აქ აქცენტი უნდა გაკეთდეს რეგიონალურ ტურიზმზე. საქართველო თურქეთს არ უნდა შეეჯიბროს მასობრივ ტურიზმში. 
 
კიდევ ერთი უპირატესობა – ჰიდროენერგოპოტენციალია. მართალია, ჩვენ არ გვაქვს ნავთობი ან გაზი, მაგრამ გვაქვს უამრავი მდინარე ბევრი წყლით. ეს შეიძლება აქციო ელექტროენერგიად და მიიღო შემოსავალი. თუმცა სინამდვილეში არც ერთი, არც მეორე და არც მესამე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც  ჩვენს ქვეყანაში არსებული ლიბერალური გარემო. 
 
რას გულისხმობთ ლიბერალურ გარემოში?
 
როგორც არსებობს კონკურენცია კომპანიებს შორის, ასევეა ქვეყნებს შორისაც. საქართველოს ბევრი უშუალო კონკურენტი ქვეყანა ჰყავს – თურქეთი, ბულგარეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი... წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ რაღაც რაოდენობის თანხა და გინდათ ამ რეგიონში ჩადოთ ინვესტიცია – შეიტანოთ თქვენი ტექნოლოგიები და აწარმოოთ პროდუქცია. სად წახვალთ? ვის აირჩევთ? რა თქმა უნდა, იმ ქვეყანას ანდობთ ფულს, რომელიც გაგიმარტივებთ ბიზნესის აწყობას, რეინვესტირებისა და განვითარებისთვის მეტ ფულს დაგიტოვებთ. ხომ მართალია? ლიბერალურ გარემოში ვგულისხმობ ყველაფერს, რაც ინვესტორისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია – ნაკლები რეგულირება, გადაწყვეტილებების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა, ბიზნესის ადვილად კეთება, დაძლეული კორუფცია. 
ბევრ უცხოელს ვერც კი წარმოუდგენია, როგორ შეიძლება, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაში დაძლიო კორუფცია. მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა და სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსებიც მიუთითებს ამაზე. ინდექსები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი მეშვეობით ინვესტორი მისთვის საინტერესო ყველა კითხვას პასუხობს მანამ, სანამ ქვეყანაში ინვესტიციის შემოტანას გადაწყვეტს.  
 
საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის გზაზე, მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას. ევროკავშირი, თავის მხრივ, საქართველოსგან მთელი რიგი რეგულაციების შემოღებას მოითხოვს. თქვენი აზრით, როგორ აისახება ეს საქართველოს კონკურენტუნარიანობაზე?
 
დღეს მთავრობის ყველაზე რთული მისია, ჩემი აზრით, არის ის, რომ ევროპასთან სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. თუმცა ქვეყანამ, რაც შეიძლება ნაკლები ვალდებულებები აიღოს, რეგულაციების შემოღების თუ გამკაცრების კუთხით. თუ მთავრობა ამ კომბინაციას მიაღწევს, ეს იქნება
დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის. 
საქართველო, ევროპასთან შედარებით, განვითარების სხვა ეტაპზეა და არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რეგულირების დიდი ტვირთი ზიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაფიქრებელია, უღირს თუ არა ქვეყანას ამ ხელშეკრულების დადება, რეგულაციებით დამძიმებულ გარემოდ. ეს ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, გაართულებს და საქართველოს კონკურენტუნარიანობას მკვეთრად შეამცირებს. 
 
დღეს რა დაკვეთა არსებობს ბიზნესისგან მთავრობის მიმართ?
 
ბიზნესის მხრიდან არსებობს მუდმივი დაკვეთა – მისი ხელშეწყობის. ამ გზაზე, მთავარი დაკვეთა საგადასახადო კუთხით არსებობდა, რასაც მთავრობა ასრულებს. მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ის, რომ უკვე შესაძლებელია, საწარმოო დანაკარგების ოდენობა, საგადასახადოსთან შეთანხმებით ინდივიდუალურად დადგინდეს. ასევე საუბარია აუდიტორული კომპანიების ჩართვაზე საგადასახადო შემოწმებაში. არაერთი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბიზნესი ხედავს პროგრესს საგადასახადო მიმართულებით. 
 
 თუმცა გაჩნდა დამატებითი რგოლი – ბიზნეს ომბუდსმენი. როგორ  ფიქრობთ, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას ჰყავს სახალხო  დამცველი და აქვს ასევე ბიზნეს დავების საბჭო, რატომ გახდა საჭირო კიდევ დამატებითი ერთეული მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციისათვის?
 
საქართველოს საგადასახადო სისტემა, მკაცრი ადმინისტრირებიდან უფრო ლიბერალურ მიდგომაზე გადადის. მკაცრი ადმინისტრირება აუცილებელი იყო, რადგან ბიზნესის დიდი ნაწილი ე.წ. შავი გახლდათ. გადასახადის გადახდის კულტურის დამკვიდრება აუცილებლად უნდა დაწყებულიყო. ეს პროცესი, ჩემი აზრით, დასრულდა, ბიზნესი მნიშვნელოვნად „გათეთრდა” და დღეს მთავრობა უკვე ბიზნესის კეთების ხელშეწყობით არის დაკავებული. ეს კი გაზრდის ბიზნესის კეთების „მადას”, რაც ეკონომიკის განვითარების და წინსვლის მნიშვნელოვანი საწინდარია.
 
რა შეიძლება ისწავლოს მთავრობამ ბიზნესისგან და პირიქით?
 
ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროა. კარგი იქნება, თუ თითოეული მათგანი ერთმანეთის პოზიციაში ჩადგება, რადგან წარმატებული ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა, შეძლო სიტუაციის მეორე მხრიდან შეფასება.
 
თქვენი აზრით, სად ვიქნებით ეკონომიკურად 10-20 წლის შემდეგ?
 
ეს დამოკიდებულია იმაზე, შენარჩუნდება თუ არა  ჩვენი ქვეყნის განვითარების ლიბერალური კურსი. პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული. მერყევი და არანათელი ეკონომიკური პოლიტიკა ინვესტორებს ყველაზე მეტად აფრთხობს. 
 
მთავრობამ დიდი რეკლამა გაუწია საკუთარ ინიციატივას, რომ 2010 წლიდან საშემოსავლო გადასახადს შეამცირებდა. თუმცა ბოლოს  ეს დაპირება არ შესრულდა. როგორ ფიქრობთ, ამ ფაქტს ჰქონდა გავლენა ინვესტორებზე?
 
არა. ეს სხვა შემთხვევაა. ქვეყანას გადატანილი ჰქონდა ომი და გლობალური ეკონომიკური კრიზისი. გასაგებია, რომ გადაწყვეტილების შეცვლა თავად შეცვლილმა, ობიექტურმა რეალობამ გამოიწვია. 
 
როგორ შეიძლება ლიბერალური კურსის შენარჩუნება?
 
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური თავისუფლების აქტი კანონად იქცეს. ლიბერალური განვითარების კურსი თუ შენარჩუნდება, ეს მთავრობის გზავნილი იქნება ინვესტორებისადმი, რომ კურსი არ შეიცვლება და ქვეყანა იქნება თანმიმდევრული, ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით. შესაბამისად, ინვესტორთა რწმენა ქვეყნის მომავლისადმი კიდევ უფრო გაიზრდება და მერწმუნეთ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ნახვა 5-10 წლის თავზე ყველას გაგვახარებს.

კომენტარები