მუსიკაში ნათარგმნი მოდა

 წელს თბილისის მოდის კვირეულის მუსიკალური მხარის უზრუნველყოფისთვის შვედი დიჯეი, ალექსანდრ მაქსველი გახლდათ მოწვეული. მის ჯგუფს, MODE-F-ს განსაკუთრებული პროფილი აქვს – ის ექსკლუზიურად მოდის კოლექციებისთვის ქმნის მუსიკალურ კომპოზიციებს. ქართული მოდის კვირეულზე იშვიათად მოისმენ მუსიკას, რომელიც ორგანულად ერწყმის დიზაინერის კოლექციას და საერთო განწყობას ისე აძლიერებს, რომ მომდევნო საათების განმავლობაშიც მიგყვება. ამჯერად ასეთი მუსიკალური გარემო სწორედ MODE-F-ის დამსახურებით შეიქმნა.

მაქსველმა თავისი ჯგუფის წევრები – ლორან ბალო და ნანო დე კლოზელი პარიზში, თერთმეტი წლის წინ გაიცნო. ისინი აუდიოინჟინერიის სკოლაში, რამდენიმე პროექტზე ერთად მუშაობდნენ. ერთმანეთთან მუსიკის სიყვარული აკავშირებთ, თორემ ისე სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნიან – ლორან ბალო ელექტრონული მუსიკის ბიტებით ცოცხლობს, დე კლოზელი პოპით, თავად მაქსველი კი „როკ-ენ-როლის ბიჭია”. სწორედ ამ მდიდარმა მუსიკალურმა განათლებამ შთააგონა მათ იდეა, რომ ე.წ. ხმის დიზაინერები გამხდარიყვნენ. ასე შეიქმნა MODE-F. 
 
 ჩვენებებისთვის მუსიკის შეთხზვა რთული შემოქმედებითი პროცესია, მაშინაც კი, როდესაც სხვა მუსიკოსების კომპოზიციებს იყენებენ. მათთვის მთავარი ისტორიაა, ამბავი, რომელსაც დიზაინერი თავის შემოქმედების ნაყოფზე, შთაგონების წყაროსა და გავლენაზე უყვება. კოლექციის ნახვის შემდეგ იწყება შთაბეჭდილებების, ასოციაციების შეჯერება, რომლებიც ხმის სტუდიაში „მიაქვთ” და იწყებენ სიმღერებთან მათ სინთეზირებას. „ეს ჩვენთვის ადვილია, რადგან ხმის ინჟინერიას ვსწავლობდით”, – ამბობს მაქსველი. თავიანთი საქმე კი მართლა ძალიან კარგად იციან – ასე ფიქრობენ Prada-ს, Dior-ის, Guerlain-ის, Lanvin-ის, Givenchy-ს, Yves Saint Laurent-ის და სხვა ცნობილი მოდის სახლებიც.
 
ვეკითხებით, რატომ მაინცდამაინც მოდა. როგორც ჩანს, პარიზის გავლენა აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს – არა მხოლოდ მაქსველის აქცენტზე, არამედ საქმიანობაზეც. წლების წინ მოდის დედაქალაქში ოტ კუტიურის შემქმნელი დიზაინერები გაიცნო, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. „ეს ადამიანები ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობენ თავიანთ სამოსზე. მე ვაფასებ ამ ენთუზიაზმს. მოდა, ისევე როგორც მუსიკა, ხელოვნებაა და  მათი დაკავშირება, სტილის მუსიკალური ექსპრესია გვინდოდა”.  
 
ჯგუფის წევრები საკუთარ თავს არ აძლევენ უფლებას, რომ მათმა მუსიკალურ გემოვნებამ ჩვენების გაფორმებაზე გავლენა მოახდინოს. სტილის სრული თავისუფლება რომ მისცენ, მაინც იმას აირჩევენ, რომლის ასოციაციასაც კონკრეტული ნამუშევარი გამოიწვევს. „ეს ის ადგილი არ არის, სადაც საკუთარი ეგოს დემონსტრაცია უნდა გააკეთო, თუმცა, ზოგადად, ჩემზე, როგორც მუსიკოსზე, ისეთი ხალხი ახდენს გავლენას, როგორც ჯეფ ბაკლი და ბობ დილანია”, – ამბობს მაქსველი.
 
თბილისიდან MODE-F კანში გაემართა, Louis Vuitton-თან სამუშაოდ. ჩვენთან, ალბათ, კიდევ დაბრუნდებიან. ყოველ შემთხვევაში, ალექსანდრ მაქსველი მაინც. როგორც აღმოჩნდა, ის საქართველოში პირველად არ არის. „ეს ჩემი მეექვსე თუ მეშვიდე ვიზიტია. მე უკვე თითქმის ქართველი ვარ, გული მაქვს ქართული”, – აცხადებს მაქსველი. თბილისსა და მის მცხოვრებლებზეც საკუთარი აზრი გააჩნია: „ძალიან ძლიერი კონტრასტია ძველ თბილისსა და ახალ შენობებს შორის. ამასთან, აქ საკმაოდ შთამბეჭდავი ურბანული გარემოა. თბილისი რომ წარმოვიდგინოთ, როგორც პოდიუმი, აქაურების სტილს მუსიკალურად ასე ვთარგმნიდი – დავიწყებდი აუცილებლად კლასიკური მუსიკის კომპოზიციით და თანდათან შემოვიყვანდი რამე ინდუსტრიულს, თანამედროვეს. ასეთი ქალაქია”. 
 
MODE-F-ზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენი აეროპორტის რკინიგზამ, სადაც დათუნა სულიკაშვილის ჩვენება გაიმართა. „გიჟური იდეები აქვს ასევე გიორგი ქებურიას, მოგვწონს გიორგი შაღაშვილთან, თამუნა ინგოროყვასა და თამარა ბოჩიკაშვილთან მუშაობაც”, – აღნიშნა მან საუბრის დასასრულს. 
 

კომენტარები