მეკობრეები დისნეილენდიდან

შეფასება 1.5/5

 ყველაფერი 2007 წელს, ტრილოგიის მესამე ნაწილით უნდა დასრულებულიყო. „კარიბის ზღვის მეკობრეები 3: სამყაროს დასალიერს” ფრენჩაიზში ყველაზე სუსტი ნაწილი იყო – მცირე დოზით იუმორი და თითიდან გამოწოვილი სიუჟეტი. თუმცა რეჟისორმა გორ ვერბინსკიმ იმდენი მაინც მოახერხა, რომ ფილმი ლოგიკურ ფინალამდე მიიყვანა და თითქოს მეკობრეების ისტორიაც დაასრულა. თუმცა ნამუშევარმა, მსოფლიო კინოგაქირავებაში, 963 მილიონი დოლარი მოიტანა. ეს, სამწუხაროდ, პროდიუსერებისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რათა კაპიტან ჯეკ ბეღურას (ჯონი დეპი) ახალ თავგადასავალზე და მორიგ მილიონებზე ფიქრი დაეწყოთ. 


 2011 წელს „კარიბის ზღვის მეკობრეები 4: უცნაურ ნაპირებზე” გამოვიდა. ფილმის პროდიუსერმა ჯერი ბრუკჰაიმერმა ფრენჩაიზის გადახალისება გადაწყვიტა. გორ ვერბინსკის ნაცვლად რეჟისორის სავარძელი რობ მარშალს ჩააბარა, რომელსაც ახალი სისხლი უნდა „გადაესხა”  – ისევე როგორც პენელოპე კრუსისა (ანჟელიკა) და იან მაკშეინის (კაპიტანი შავწვერა) პერსონაჟებს. მეოთხე ნაწილში ორლანდო ბლუმისა და კირა ნაიტლის გმირებისთვის ადგილი არ მოიძებნა. ისინი წინა ნაწილების სუსტ წერტილებადაც მიიჩნეოდნენ. რეკორდული 55,5 მილიონი დოლარის მიღების შემდეგ, პროექტში ჯონი დეპი დაბრუნდა და მისი უმთავრესი მეტოქე ჰექტორ ბარბოსაც (ჯეფრი რაში) ფილმის გემბანზე აღმოჩნდა. 

 ნამუშევარი დამაიმედებლად იწყება. ლონდონი. სასამართლო დარბაზი. მოსამართლის სამოსში გადაცმული კაპიტანი ბეღურა, რომელიც თავისი თანამებრძოლის, გიბსის, დახსნას ცდილობს. ამ პროცესისას მას დაიჭერენ და დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-ს მიჰგვრიან. მონარქი ჯეკ ბეღურას ახალგაზრდობის შადრევნის საპოვნელ ექსპედიციაში ჩაბმას უბრძანებს, რომელსაც ჯეკის დიდი ხნის ნაცნობი და მტერი ჰექტორ ბარბოსა მეთაურობს. შავი მარგალიტის ყოფილმა კაპიტანმა ფეხი და გემი დაკარგა და მეფის სამსახურში ჩაება. ექსპედიციამ ესპანელებზე ადრე უნდა იპოვოს ახალგაზრდობის შადრევანი. ჯეკი იქამდე მისასვლელ რუკას ფლობს. ბეღურა გაქცევას მოახერხებს, თავის ყოფილ სიყვარულს, ანჟელიკას ნახავს და მასთან ერთად აღმოჩნდება სასტიკი მეკობრის, კაპიტან შავწვერას გემის ბორტზე, რომელსაც თავის მხრივ უკვდავება სწადია. 

 მას შემდეგ, რაც მოქმედება გემზე ინაცვლებს, ფილმი უარესდება, თითქოს კალიფსო ექაჩება უფსკრულისაკენ. ჯონი დეპმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მეოთხე „მეკობრეებში” მონაწილეობას მანამდე დათანხმდა, სანამ სცენარს ან იდეას გაეცნობოდა. როგორც აღმოჩნდა, ამერიკელმა მსახიობმა დიდი შეცდომა დაუშვა, რადგან ფილმის სცენარი საშინელია. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ტედ ელიოტსა და ტერი როსიოს სცენარის წერისას შემოქმედებითი კრიზისი ჰქონდათ. ახალი პერსონაჟები საერთოდ არ ვითარდებიან, არ ჩანს არანაირი ლოგიკური ჯაჭვი მათ ქმედებებსა და მოტივებს შორის. ძველი გმირები სიახლეს არ გვთავაზობენ, ისევ ძველი გაცვეთილი ხუმრობები, ჯეკ ბეღურას გაცვეთილი  მიმიკები და ფრაზები. გაუგებარია რაში დასჭირდათ სცენარისტებს ბარბოსას ცალფეხად დატოვება ან რატომ ჩაანაცვლეს ბლუმი-ნაიტლის სასიყვარულო ისტორია სემ კლაფინ (ფილიპი) – ასტრიდ ბერჯეს ფრისბის (სირენა) ამბით. 

  „კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირებზე” აჩრდილია იმ ფილმებისა, რომლებმაც ოდესღაც კაპიტანი ჯეკ ბეღურა საკულტო პერსონაჟად აქცია და სათავგადასავლო  ჟანრში ახალი სიტყვა თქვა. ფილმი დისნეის 250 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე ატრაქციონს ჰგავს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ქრონომეტრაჟით წინა ფილმებზე პატარაა, ძალიან გაწელილი და უსაშველოდ ერთფეროვანია. მიუზიკლიდან სათავგადასავლო ფენტეზიში რობ მარშალის გადმონაცვლება კრახით დასრულდა. ფილმი 3D (3D ეფექტები არაფრით გამორჩეული არ არის) ფორმატის და წინა ფილმების წარმატების ხარჯზე მსოფლიო კინოგაქირავებაში წარმატებულად ჩაება (350 მილიონზე მეტი 5 დღეში), რაც პროდიუსერებს, მეკობრეებზე ფილმის გადაღების საშუალებას, სულ მცირე, ერთხელ მაინც მისცემს. 

კომენტარები