10 კითხვა მიშა ცაგარელს

 ძირითადად რა კითხვით მოგმართავენ ადამიანები?
 
ზოდიაქოს ნიშნები, ბედ-იღბალი, მეუღლეთა შორის წყობა, პირადი წარმატებები.

სამყაროს დასასრულის პოპულარული ვერსიებიდან რომელიმესკენ თუ იხრებით?
 
ეს ვერსიები უკვე 500-ჯერ იქნა სხვადასხვა საუკუნეში გაპიარებული, ხალხი იჯერებს, მაგრამ დასასრული არასდროს დგება. 

ერთი კითხვა რომ გქონდეთ უცხოპლანეტელებთან, რას შეეკითხებოდით?
 
როდის გახსნით თქვენს საიდუმლოებას, როდის შედგება კონტაქტი ჩვენ შორის?
 
წინა ცხოვრებაში მიხეილ ცაგარელი იყო...
 
... ეს ნოუ-ჰაუა... ვიყავი ემოციური, მგრძნობიარე, ოჯახსა და სახლში ყოფნას ვუთმობდი დროს, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი პროფესიულ-კარიერულ საკითხებს. კოსმიური მისიაა, ეს ყველაფერი დააბალანსო, დაიოკო ემოციური მხარე. მე შევძელი.
 
თქვენი ყველაზე საყვარელი წიგნი, ფილმი...
 
უამრავი რამ, დოსტოევსკიდან კამიუმდე, მაგრამ გამოვყოფდი ოშო რაჯნიშის „მდოგვის მარცვალს”. ფილმებიდან კუროსავას „გიჟური ტრამვაი”, ძეფირელის „იესო ნაზარეველი”, „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”.

ასტროლოგიის გარდა, რა აინტერესებს მიხეილ ცაგარელს?
 
აქტიურად ვთამაშობდი წყალბურთს, ფეხბურთს, რაგბის. პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი სამედიცინო აკადემიაში. პოლიტოლოგიაში წითელი დიპლომი მაქვს. აღმოსავლური ენერგეტიკული ვარჯიშები, საგალობლებთან ურთიერთობა, სწორად ლოცვის სისტემა. 

წარსულში აქტიურად იყავით მუსიკით გატაცებული. არის რაიმე კავშირი, თუნდაც სიმბოლური, მუსიკასა და თქვენს ახლანდელ საქმიანობას შორის?
 
თბილისის, ბაქოსა და ერევნის საესტრადო მუსიკის ფესტივალის ლაურეატი ვარ. კავშირი არის – ენერგეტიკული, კოსმიური. 
 
მკითხაობასა და ვარსკვლავთმრიცხველობას შორის რაიმე მსგავსება-ნათესაობა თუ არსებობს? 
 
ორივე ეზოთერულ სფეროს ეხება, განსხვავება ისაა, რომ მკითხავი გეტყვით მხოლოდ იმას, თუ რა გელით. ასტროლოგი პრობლემათა კარმულ მიზეზებზე დაგელაპარაკებათ და დაგისახავთ მათი გადაწყვეტის გზებს. ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. 
 
 ტაბულა პირველად 2010 წლის 15 მარტს გამოვიდა. როგორია მოკლედ მისი ასტროპორტრეტი?
 
თევზების ნიშანია – ერთ-ერთი ყველაზე ეზოთერულ-კოსმიური ნიშანი. ეზოთერულ თემებს უნდა აშუქებდეს. ყველაზე კეთილმოსურნე, სამართლიანი ნიშანია, რომელიც მზადაა, მტერიც სიმართლის გზაზე დააყენოს. მაგრამ, ამავე დროს, მატყუარა ნიშნების სამეულში შედის. არჩევანში თავისუფალია.  
 
 რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
 
როდის შევძლებ საკუთარი თავის სრულ რეალიზაციას ეზოთერულ სფეროში? 

კომენტარები