ისლანდია ახალ კონსტიტუციას ფეისბუქის დახმარებით ქმნის

ისლანდიის ახალი კონსტიტუციის ჩამოყალიბებაში ქვეყნის თითოეულ მონაწილეს აქვს მონაწილეობის მიღების საშუალება ფეისბუქის და სხვა სოციალური ქსელების მეშვეობით. ისლანდიის ხელისუფლებამ მსგავსი გადაწყვეტილება კონსტიტუციის მიღების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობის მიზნით მიიღო.

როგორც ცნობილია, ისლანდიის მოსახლეობის ორი მესამედი ფეისბუქის მომხმარებელია. ახლა თითოეულ მათგანს აქვს საშუალება საკონსტიტუციო საბჭოს ყოველკვირეულ სხდომებს ონლაინ რეჟიმში  ადევნოს თვალი ფეისბუქის სპეციალური გვერდიდან. იგივე სერვისი ხელმისაწვდომია თავად საბჭოს ვებ გვერდზე, ასევე Twitter-ზე, YouTube-ზე და Flickr-ზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი.

”ჩემთვის დიდი ხანია ცხადი იყო, რომ კონსტიტუციის საფუძვლიანი გადახედვა მხოლოდ ისლანდიელი ხალხის სრული ჩართულობის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი,” განაცხადა ისლანდიის პრემიერ მინისტრმა. მისი თქმით, შესაძლოა ახალი კონსტიტუციის პროექტი საბოლოო დამტკიცებამდე რეფერენდუმი გაიმართოს.

ახალი კონსტიტუციის მიღების საჭიროება ისლანდიაში 2008 წლის მწვავე ეკონომიკური კრიზისის შემდეგ დადგა. ისლანდიის კონსტიტუციის პირველი ვარიანტი 1944 წელს მიიღეს მას შემდეგ რაც კუნძულმა დანიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ისლანდიის ხელისუფლებამ მაშინ კონსტიტუციის საფუძვლად დანიის კონსტიტუცია აიღო და მასში რამდენიმე მცირე ცვლილება შეიტანა - მაგალითად, სიტყვა ”მეფე” ”პრეზიდენტით” შეცვალა. ბოლოს ისლანდიის კონსტიტუციაში ცვლილებები 1991 წელს შევიდა. 

კომენტარები