პორტუგალია: მე­მარ­ჯ­ვე­ნე­თა მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბა

პორტუგალიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი პედრო პასო კოელიუ
REUTERS
5 ივნისის პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნები, როგორც მოსალოდნელი იყო, მემარჯვენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამარჯვებით დასრულდა. დასავლეთ ევროპის ეკონომიკურად ყველაზე სუსტ ქვეყანაში, საერთო ევროპული ტენდენცია გაგრძელდა, რომლის მიხედვითაც, მემარცხენე პარტიებს ქვეყნის სათავეში მემარჯვენე პარტიები ენაცვლებიან. სოციალ-დემოკრატებმა 39%-ით გაიმარჯვეს (105 მანდატი 230-ადგილიან პარლამენტში), სოციალისტურმა პარტიამ 28% მოაგროვა (73 მანდატი), მესამე ადგილზე კი კონსერვატიული სახალხო პარტია გავიდა, რომელმაც ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად მიიღო ხმათა 11% (24 მანდატი). სოციალ-დემოკრატები სწორედ სახალხო პარტიასთან ერთად შექმნიან კოალიციურ მთავრობას. აღსანიშნავია, რომ რეალური ორიენტაციის მიუხედავად, პორტუგალიურ პოლიტიკურ პარტიებს მემარცხენე მიმართულების გამომხატველი სახელები ჰქვიათ. ისინი 1974 წელს, ავტორიტარული მმართველობის გადაგდების შემდეგ შეიქმნენ და მაშინდელი პოლიტიკური კონიუნქტურის გამომხატველი სახელები დღემდე შემორჩათ.

არჩევნებზე საკვანძო საკითხი ეკონომიკური რეფორმები იყო. პორტუგალია, 2009 წლის კრიზისიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დასაძლევად, ევროზონის წევრ ქვეყანას, ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 78 მილიარდდოლარიანი დახმარების პაკეტი ესაჭიროება. თუმცა ამისთვის საკუთარ თავზე გარკვეული ვალდებულებების აღება მოუწევს. აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჟოზე სოკრატესის მთავრობამ პარლამენტს ბოლო ერთი წლის მანძილზე ბიუჯეტის შეკვეცის 4 გეგმა შესთავაზა. საკანონმდებლო ორგანომ არც ერთი მათგანი არ მიიღო, რამაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოიწვია. ახალმა მთავრობამ უნდა შეამციროს სამთავრობო ხარჯები, მათ შორის სხვადასხვა სოციალური სუბსიდიები (უმუშევრობის დახმარებისა და პენსიების ჩათვლით) და საჯარო სექტორის მოცულობა შეკვეცოს. რეფორმა უფრო რადიკალური იქნება, ვიდრე დახმარების პაკეტის წინაპირობაში იყო მოცემული. პორტუგალიის საჯარო ვალი, მთლიანი შიდა პროდუქტის 80%-ს შეადგენს. 2009 წელს მშპ დაახლოებით 3%-ით შემცირდა, სხვადასხვა გათვლებით კი უახლოეს 2 წელიწადში, კიდევ 2-2%-ით დაიკლებს. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 23 ათას ამერიკულ დოლარს უდრის (ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 30 ათასი ამერიკული დოლარია), რითაც პორტუგალია ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის მე-19 ადგილზეა. უმუშევრობა ბოლო ორი წლის მანძილზე გაიზარდა და 12%-ს მიაღწია.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და მომავალმა პრემიერ-მინისტრმა კოელიუმ გამარჯვებისთანავე ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, პორტუგალიას უახლოესი 2-3 წლის მანძილზე მძიმე პერიოდი ელის, თუმცა ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ ქვეყანას ეკონომიკური განვითარების რელსებზე დააბრუნებს. რეფორმების აუცილებლობაში კოელიუს სახალხო პარტიის ლიდერი პაულუ პორტასიც ეთანხმება. ეს უკანასკნელი, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საუბრობდა საჯარო ხარჯების შეკვეცის აუცილებლობაზე. სოკრატესმა კი სოციალისტების მარცხი საკუთარ თავზე აიღო და პარტიის ლიდერობიდანაც გადადგა. მისი თქმით, პარტიას ახალი მიდგომების მოძიება ესაჭიროება.

პორტუგალიელი მიმომხილველების აზრით, მთავრობა წლების მანძილზე, იმაზე მეტს ხარჯავდა, ვიდრე საშუალება ჰქონდა. სოციალისტური მთავრობის ასეთმა პოლიტიკამ კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა და ქვეყანა რადიკალური და გადაუდებელი რეფორმების საჭიროების წინაშე დააყენა. ლისაბონის უნივერსიტეტის მკვლევრის, მანუელ კაბრალის აზრით, არჩევნებზე გამოჩნდა, რომ მოსახლეობა მზადაა მსხვერპლი გაიღოს, მისი პრიორიტეტი კი რეფორმებია.

ევროკავშირის 27 წევრიდან, მემარჯვენე მთავრობა უკვე 22 ქვეყანას ჰყავს. ხელისუფლების სათავეს სოციალისტური პარტია პორტუგალიის მეზობელ ესპანეთში შემორჩა. თუმცა ერთი თვის წინ, მათ ადგილობრივ არჩევნებში მარცხი იწვნიეს. 2012 წლის ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებზეც მემარჯვენე პარტიების წარმატებაა მოსალოდნელი. 
 

კომენტარები