შავი გედი

შაკმა
ეპილოგი გადაიკითხა და დაფიქრდა. დაწყებაზე რთული ყოველთვის დასრულებაა. ბევრი ქვეთავი დაიწერა, ბევრი მელანი გადავიდა ფურცელზე და მოგონებებში ბევრი შაკი იქნება. ის სულ ბევრი იყო. შაკმა ეპილოგს გადახედა, გაეცინა, დიდი თითებით პირში მარწყვი ჩაიყარა და ჩანაწერების რვეული დახურა. ჩანაწერებს სხვა გამოიყენებს, შაკი კი წავა და წასულიც დარჩება. ო'ნილი მთელი ლიგა იყო. დაიხურა კარიერა, რომელიც მენავეს მოგონებების კუნძულზე გაცილებით ადრე უნდა გადაეყვანა. დაიხურა კარიერა, რომელიც უფრო სრული, შეკრული, მეტი მოგონებით დამძიმებული უნდა ყოფილიყო. შაკის კალათბურთი იყო ბალეტი. ეს იყო მძიმე, ცენტნერიანი შავი გედი, ნატალი პორტმანზე ბევრად მძიმე შავი გედი, რომელიც ძირითადად დადიოდა, მაგრამ მაინც სხვაზე ელეგანტური იყო.
მეორე შაკი არარეალურია. ბუნჩულა დათუნია ბრიფინგებზე ვინი პუჰივით დაბნეული და სასაცილო იყო. ბუნჩულა დათუნია მოედანზე დაუნდობელი გრიზლი იყო და სხვებს სისხლის, კანის ნაფლეთების, ოფლის და ტკივილის ოკეანეში ახრჩობდა. შაკს ურტყამდნენ და შაკი დარტყმას, მეორე გუნდის მოტეხილი ფარით პასუხობდა. შაკს არ ინდობდნენ და შაკის კალათბურთი იმ ერთჯერად ტიპებზე დაუნდობელი იყო.

ლიგის ისტორიაში, საუკეთესო მეხუთე ნომრების რეიტინგში შაკი პირველ ოთხეულშია. ბილ რასელი, უილტ ჩემბერლენი და ქარიმ აბდულ-ჯაბარი სამეულში არიან და შემდეგ მოდის შაკი. უკეთესი, ვიდრე ადმირალ რობინსონი, ჰაკიმ ოლაჯუონი, ბილი უოლტონი, ჯორჯ მაიქენი, პატ იუინგი, არვიდას საბონისი. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა პივოტი.

პირველ 14 სეზონში ო'ნილი 26.2 ქულას იღებდა. პირველ 14 სეზონში ო'ნილი ოთხჯერ გახდა ჩემპიონი. პირველ 14 სეზონში ო'ნილმა უილტის აგრესია და ქარიმის ქარიზმა შეკრა, ზურგჩანთაში ჩაიგდო და სულ თან ატარებდა. ო'ნილმა დაანგრია ადმირალის და ტიმ დანკანის სან ანტონიო. ო'ნილმა თავის ბორანზე შეაგდო ჭორიკანა კობი და კობიმ ო'ნილი ლეიკერსიდან გააძევებინა.

შაკის პირველი სამი ფინალი ლეიკერსში იყო კლასიკა. ინდიანასთან, ფილადელფიასთან და ნიუ ჯერსისთან მოძრავი კილიმანჯარო რეპავდა, ტვისტს ცეკვავდა და დიუკ ელინგტონის თემებს გვახსენებდა. შაკი ბევრ ქულას, ბევრ მოხსნას, ბევრ ფოლს და უფრო მეტ მოგონებას აგროვებდა. შაკი კობის გარეშე სამივე ფინალს მაინც მოიგებდა. შაკი იყო ლეიკერსი და ლეიკერსმა 2004-ში კობი დაიტოვა.
შაკის გულში ბოღმა და შური უბილეთოდ მგზავრობისთვის დასაჯეს, იქიდან, გულიდან გააძევეს და აღარც გახსენებიათ. შაკი მაიამიში მეოთხედ იგებს ფინალს და დალასის მიტყეპვის მერე, კობის იხსენებს. გაიხსენებს, რომ კობისთან ერთად სამჯერ გახდა ჩემპიონი და დუეინ უეიდს ბოდიშს მოუხდის, sorry, ძმაო, კობი შენზე ნიჭიერი, კარგი, დიდი იყოო. უეიდმა შაკისგან ესეც მიიღო. შაკმა უეიდს მოსაგები მოაგებინა.

შაკმა ეპილოგი კიდევ ერთხელ გადაიკითხა. დაფიქრდა. დაწყებაზე რთული ყოველთვის დასრულებაა და შაკისთვის ყველაფერი რუტინა, სასიამოვნო პროცესი იყო. ბევრი ქვეთავი დაიწერა, ბევრი მელანი გადავიდა ფურცელზე და მოგონებებში მელანზე ბევრი შაკი იქნება. შაკი სულ ბევრი იყო. შაკმა ეპილოგს გადახედა, გაეცინა, დიდი თითებით პირში მარწყვი ჩაიყარა და ჩანაწერების რვეული დახურა.  
ის ჯერ ერთობა და მალე მოიწყენს.

უშაკოდ უკვე მოვიწყინეთ.

შავი გედი, ძირითადად, დადიოდა, მაგრამ მაინც სხვაზე ელეგანტური იყო

კომენტარები