დონ კარტერისთვის

0 კომენტარი

დალას მავერიქსი NBA-ს ჩემპიონობას ზეიმობს ფოტო: REUTERS
კომენტატორის უჰაერო ჯიხურიდან ან ბარში, კარგი ხალხის გარემოცვაში კომენტარის გაკეთება იოლია. ზოგჯერ იოლი და ზედმეტი. ზოგჯერ, იოლი და მისაღები. უფრო ხშირად, უბრალოდ, იოლი. ლებრონ ჯეიმსისთვის დალასთან ბოლო სერიის წაგება იოლი არ იყო. დალასთან წაგების შემდეგ, იოლი გახდა ლებრონის იმპოტენციაზე ჭორაობა. დალასი პირველია, ლებრონი მეორე, დუეინ უეიდი ნაწყენია და კრის ბოში – კანონმორჩილი მოქალაქე. დალასმა ლარი ო'ბრაიენის თასი დაირტყა!
დალასმა ფინალი 4:2 წამოიღო. დალასმა სერია ფლორიდაში 105:95 მოგებით დახურა და დალასი ამერიკის ჩემპიონია. მავერიქსის ბოსმა, საკუთარ გუნდზე შეყვარებულმა მარკ კიუბანმა, საძინებლიდან ცოლი გააგდო და ცოლის წითელ ღამის პერანგში ლარი ო'ბრაიენის თასი შეახვია. საბანი გადააფარა, ცივ კანზე ხელი გადაუსვა, თვალები დახუჭა, თასთან ერთად ჩაეძინა. მარკ კიუბანი ბედნიერია. მარკ კიუბანმა მოსაგები მოიგო და მარკს დირკ ნოვიცკი ესიზმრება. დირკს ქარი გრძელ, ქერა თმას უშლის, დირკს აცვია ცისფერი პერანგი და ტილოს თეთრი შარვალი. დირკს მარკისთვის ლარი ო'ბრაიენის თასი მიაქვს. მარკი ამ სიზმარს სულ სიზმარში ხედავდა და სიზმარმა სიზმრის დერეფნიდან გამოსასვლელს მიაგნო და დაისვენა. 
დირკ ნოვიცკი ხუთი წლის წინ ფინალში მაიამიზე გავიდა. უეიდის, მოუსვენარი ბაბუს, შაკის მაიამიზე და დირკმა ვერ გაიგო, იმ სერიაში როგორი უნდა ყოფილიყო. დალასმა 2:0 წაიყვანა, მესამე, ფლორიდულ ტესტშიც გაიქცა და სერიის ბოლომდე ვეღარ გაინძრა. დალასი დადგა და მაიამი თეთრ სახლში პრეზიდენტთან პაემანზე გაიქცა. 
დალასი მაიამიზე გუნდი იყო. მაიამიში პატ რაილიმ დაიტოვა უეიდი, წამოიყვანა ბოში, ვეტერანის მოჭრილი ხელფასით შეაფუთინა მაიკ მილერი, დაიმატა ლიტველი ჟირაფი ჟიდრუნას ილგაუსკასი. ილგაუსკასი მაიამიში ლებრონის ამბავში წამოვიდა. სადაც ჩემი ლებრონი, იქაც მეო, თქვა ლიტველმა. ლებრონარიუმი კიდევ რამდენიმე მობალასტო ელემენტით შეივსო. რეგულარულის პროცესში, მაიამიში მაიკ ბიბიც მიდის. მაიამიმ სეზონი ჩვიდმეტიდან 8 წაგებით გახსნა და რეგულარულის ბოლომდე ვერ მიაგნო სტაბილურობას. დალასსაც აკლდა საჩემპიონო მუღამი, მაგრამ დალასს დირკ ნოვიცკი ჰყავდა. ბებერი ჯეისონ კიდით და მოტივირებული, მაგარ ფორმაში შესული ტაისონ ჩენდლერით. 
დუეინ უეიდი და მარიო ჩალმერსი ფოტო: REUTERS
 დალასმა ბუნჩულა ლებრონი ტექსასის პრერიაში გაიყვანა და ლებრონს შეეშინდა. ლებრონი დაიკარგა, ოაზისს  ვერ მიაგნო და ცნობილი გიდი, მისტერ უეიდიც დაღალა თავისი წიკვინით. ჯეიმსი კარგად იწყებდა და ვერ ამთავრებდა. ჯეიმსმა ბოლო ტესტშიც თავიდან აკრიფა და ხუთ წუთში დადგა. ჯეიმსმა რეგულარულში ღამის კლუბების მოცეკვავე გოგონებს სთრითბოლის თამაში ასწავლა და ამ ამბებში გართულს, კალათბურთის თამაში დაავიწყდა. ჯეიმსმა ვერ გაიხსენა, რომ კალათბურთს ბოლომდე თამაშობენ და დაავიწყდა, რომ დირკ ნოვიცკი რეალური კრიმინალი იყო. დირკმა შეასრულა და უკვე იქ, ზედა ეშელონშია. ლებრონი ფლორიდის ბორდელების სახე და გადაჯოკრილი ყვავის ტუზია. ჯოკერი დირკ ნოვიცკი იყო. 
ნოვიცკი ფინალის MVP გახდა. 
ხუთი წლის წინ დირკმა წააგო და დეპრესიონიზმის გამოფენების სერია მოაწყო. სტუმრები ეცნობოდნენ ნოვიცკის შედევრებს და ვერ იგებდნენ, რისი თქმა სურდა დირკს ტილოზე დატანილი ფერებით. ნოვიცკი ფიქრობდა და ფიქრის პროცესი გაიწელა. 
2007. ნოვიცკი რეგულარულის MVP ხდება. დალასი პირველ წრეში დონ ნელსონის გოლდენ სტეიტთან აგებს. დონ ნელსონი მანამდე დალასში იყო, დირკს უკომპლექსო კალათბურთის ლექსიკონს აზეპირებდა. მარკ კიუბანმა, მავერიქსის ბოსმა მთავარი მწვრთნელი, ეივერი ჯონსონი გაუშვა. ეივერი ჯონსონი მანამდე სეზონის ყველაზე კარგ მწვრთნელად დაასახელეს. კიუბანმა ეს არგუმენტები ვერ მიიღო. 
2010. დალასი დასავლეთის, შტატის, ლიგის ფავორიტია. დალასი პირველ წრეში დაშლილ, დაღლილ და თაბაშირში ჩასმულ სან ანტონიოს ხვდება. დაშლილმა ბანდამ დალასი დაშალა. 
ჯეიმსმა ფლორიდაში ნიჭი, მეჯიქის პასი, ლარის სიმშვიდე და მაიკლის მაჯა წაიღო. ეს ინგრედიენტები რაილის ბრიოლინის ქილაში შეინახა და ფლეი ოფს დაელოდა. რაილიმ ფლეი ოფამდე ქილაში ბრიოლინი ჩაუშვა. პასი დასველდა, სიმშვიდე აიზილა და მაჯა დამძიმდა. ჯეიმსმა ინგრედიენტები დაკარგა და სერია წააგო. 
ფინალური  სერიის მეექვსე ტესტი დალასმა ელეგანტურად მოიგო. 
ჯეისონ ტერიმ 27 ქულა აკრიფა და კარგი იყო. ჯეი ჯეი ბარეამ პირველ ორ მეოთხედში 13 ქულა და 5 პასი შეაგროვა. ბარეა ბარეაზე უკეთესი იყო. ჯეისონ კიდმა დაცვაში ჩვიდმეტწლიანი გამოცდილება ჩადო და უეიდი შეაწუხა. დირკ ნოვიცკიმ 13 სროლიდან 12 ვერ ჩასვა და მაიამი მაინც დაძაბული იყო. დირკ ნოვიცკიმ თითქმის ყველაფერი გააფუჭა და მაიამი მაინც დაძაბული იყო. მაიამის მოგების მოერიდა. ჯეიმსს ბოლო მეოთხედში ლიდერობის მოერიდა. უეიდი მოურიდებელი ბიჭუნაა, მაგრამ დაიღალა და ვეღარ გაქაჩა. უეიდმა ჩასაგდები პირველ ტაიმში ჩააგდო. 
დირკ ნოვიცკი ფოტო: REUTERS
ჯეიმსმა 6 შეცდომა დაუშვა. ჯეიმსმა აღმოსავლეთში, ბოსტონთან და ჩიკაგოსთან თამაშში  ფლეში გაშალა და დალასთან კალათბურთი ვერ ითამაშა. მაიამი ქუჩის ბანდა იყო, რომელიც ძველბიჭობით, გლოკის ტრიალით და უსისტემო კალათბურთით კალათბურთს კლავდა. დალასმა კალათბურთი დაიცვა და ლებრონს ზებულონ სტუმბის ლასო წაუჭირა. სერიის მეექვსე ტესტის პირველ ოთხ წუთში ლებრონმა ცხრა ქულა დაირტყა. ლებრონმა მოკლე დისტანციაზე უსაინ ბოლტს ჩაურბინა და შემდეგ იმავე პრეპარატზე ჩავარდა, რომელსაც ბენ ჯონსონი დილის კოქტეილთან ერთად იღებდა. ჯონსონი მორჩა. მორჩა ჯეიმსიც. 
ნოვიცკიმ თითქმის ყველაფერი მოიგო. ჯეიმსმა ყველაფერი უნდა მოიგოს. ნოვიცკი გუნდია. ჯეიმსი უვაზნო უზი. ნოვიცკიმ ფინალში საშუალოდ 26 ქულა და ბევრი მოგონება აკრიფა. ლებრონმა ფინალში 20 ქულაზე ცოტა წამოიღო და ვერ გაერთო. 
ბოლო წამები ჯეისონ ტერის მოქნილ თითებში გათავდა და დაიწყო სეზონის ბოლო, ყველაზე თბილი, კაცური, მოლოდინში გახვეული წამები. 
სცენაზე ადის მარკ კიუბანი. გვერდით ჭაღარა ბიძა უდგას. მარკმა დევიდ სტერნისგან ლარი ო'ბრაიენის თასი მიიღო. კიუბანი იჭერს პაუზას, აძლევს თასს ჭაღარა ბიძას და სიმპათიურმა მოხუცმა თასი აღმართა. ამ მოხუცმა 31 წლის წინ დალასი დააარსა. ამ მოხუცმა დალასში ბევრი მილიონი და ენერგია ჩააქსოვა. ეს მოხუცი ლეიკემიით არის დაავადებული და ჰოსპიტალიდან მარკ კიუბანმა წამოიყვანა. ეს მოხუცი დალასის პირველი მფლობელი, დონ კარტერია. ბებერმა დონმა თასი თავის ცოლთან ერთად ასწია. უბრალო და თბილი მომენტი იყო. 
ლებრონ ჯეიმსი ფოტო: REUTERS
ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფალი ქვეყანაა. ყველას ყველასთან ყველაფრის უფლება აქვს.
დირკს ჩემპიონობის უფლება ჰქონდა და დირკი ჩემპიონია. 
ლებრონ ჯეიმსს კლივლენდიდან წასვლის სურვილი ჰქონდა, წავიდა და კლივლენდი წაგესლა.
კლივლენდს ფინალის ყურების უფლება ჰქონდა და კლივლენდმა ფინალს უყურა.
კლივლენდს სიცილის უფლებაც ჰქონდა. 
კლივლენდი იცინის. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები