თავისუფალი ვირტუალური ზონა – საქართველო

საქართველო საინფორმაციო-ტექნოლოგიურ განვითარებას იწყებს. კომპლექსური განვითარების ჯაჭვის პირველი რგოლი ქვეყნის თავისუფალ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ზონად გამოცხადებაა. საქართველოში დარეგისტრირებული, ექსპორტზე ორიენტირებული IT კომპანიები, 2011 წლის 1 იანვრიდან, საგადასახადო და მარეგულირებელი შეღავათებით სარგებლობენ.

ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო, ტექნოლოგიის და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ქაშიბაძის თქმით, ამჟამად საქართველოს თავისუფალ ვირტუალურ ზონაში, 13 კომპანიაა დარეგისტრირებული.

ვირტუალური ზონის პირის სტატუსი შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა იურიდიულმა პირმა, რომელიც  საინფორმაციო-ტექნოლოგიურ საქმიანობას ახორციელებს. ამისთვის კომპანიამ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განაცხადი უნდა დატოვოს. ის 48 საათში მიიღებს ამ სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს – სპეციალურ კოდს. ექსპორტის დროს, კომპანია მიუთითებს სერტიფიკატის ნომერს და  შეღავათებით ისარგებლებს.

თავისუფალი საინფორმაციო-ტექნოლოგიური ზონის შესახებ კანონის თანახმად, ის კომპანიები, რომლებიც კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლის, მხარდაჭერის, განვითარების, დიზაინის, წარმოების და დანერგვის სფეროში მუშაობენ, ექსპორტზე გადასახადისგან თავისუფლდებიან. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მათი მოგება არ იბეგრება. ასევე არ იბეგრება მათ მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება, დამატებითი ღირებულების გადასახადით და ქვეყნის თავისუფალი საინფორმაციო-ტექნოლოგიური ზონიდან გატანა ექსპორტის გადასახადით.
საგადასახადო შეღავათები, რომელიმე დარგის სექტორული წახალისებისთვის  მიუღებელია, თავისუფალი ვირტუალური ზონის შემთხვევაში კი – გამართლებული. მიზეზი მარტივია: თავისუფალი ვირტუალური ზონის პირობებში ქვეყნის ბიუჯეტს თანხა ემატება, სექტორული შეღავათების გამო – აკლდება.
სექტორული შეღავათების მხარდამჭერებს თავიანთი არგუმენტი აქვთ. მართალია, მოკლევადიან პერიოდში ბიუჯეტი გარკვეული ტიპის შემოსავლებს კარგავს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში – მას შემდეგ, რაც ეს სფეროები განვითარდება და შეღავათები მოიხსნება – ბიუჯეტში გადასახადების სახით უფრო მეტი თანხა შევა.

ლოგიკურია, თუმცა – არარეალისტური. სექტორული შეღავათები ხშირად ეკონომიკურზე მეტად, პოლიტიკური კი, ზოგ შემთხვევაში, პოპულისტური მოტივითაა განპირობებული. ამას გარდა, სულ მცირე, ორი მიზეზი მაინც არსებობს, ვიფიქროთ, რომ გრძელვადიანი პერსპექტივისას ყველა ზარალდება. პირველი – სექტორული შეღავათების გამო, საგადასახადო წნეხი არათანაბრად ნაწილდება – გადასახადს ვიღაც საერთოდ არ იხდის, ვიღაც კი მის მაგივრად უფრო მეტს. მეორე – ბიუჯეტს აკლდება შემოსავლები, მთავრობა ვერ ფარავს ვალდებულებებს და შესაბამისად,  საშინაო და საგარეო ვალის აღება უწევს.

თავისუფალი ვირტუალური ზონის პირობებში კი, ქვეყანა დარგის განვითარებაში, უფრო პროდუქტიული დარგისთვის ჩამორთმეულ ფულს კი არა, არამედ უცხოურ ინვესტიციას აბანდებს. საინფორმაციო-ტექნოლოგიური სფერო საქართველოში შედარებით ახალგაზრდა სექტორია. ჯერჯერობით შესაბამისი განათლების ხარისხი დაბალია და კვალიფიციური კადრების ნაკლებობაც იგრძნობა. ადგილობრივი ბაზარი იმდენად მცირეა, რომ მისით მსხვილი საერთაშორისო ბრენდკომპანიების დაინტერესება რთულია. თავისუფალი ვირტუალური ზონა კი, საგადასახადო შეღავათებით მიმზიდველი ხდება. მაგალითად, ხელსაყრელია იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც სხვაგვარად არ მოვიდოდნენ საქართველოში, რადგან ადგილობრივი ბაზარი არ აინტერესებთ – პროდუქციას აწარმოებენ მსოფლიოს ერთ ბოლოში და ყიდიან – მეორეში.

საქართველო, ამ მხრივ, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, კარგი ადგილია.
საერთაშორისო კომპანიების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს მომავალში დამატებითი ინიციატივების განხორციელებასაც აპირებს: ქვეყნის მასშტაბით ტექნოპარკები და IT ბიზნესინკუბატორები შეიქმნება. მსგავსი ფიზიკური ადგილები – სადაც დამწყებ კომპიუტერულ კომპანიებს, განვითარების პროცესში, წამყვანი მეცნიერები და მეწარმეები კონსულტაციას უწევენ – მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა.

ამერიკაში სილიკონის ველი  ყველაზე ცნობილი ადგილია, სადაც ბევრი უდიდესი ტექნოლოგიური კორპორაცია იყრის თავს. ის 1890-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. სხვადასხვა კვლევით, მასზე ყოველწლიურად საშუალოდ 300 ათასი სამუშაო ადგილი იქმნება – კერძო საინფორმაციო-ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებული ყოველი ათასი მოხელიდან 286 სილიკონის ველზე მუშაობს. მათი საშუალო ხელფასიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია – 145 ათასი აშშ დოლარი.

საინფორმაციო ტექნოლოგიების აუთსორსინგით ინდოეთიც ცნობილია. სხვადასხვა კვლევებით, ინდოეთში ბოლო წლებში, საინფორმაციო-ტექნოლოგიური სერვისების ექსპორტმა ყოველწლიურად საშუალოდ 13 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
საფრანგეთში პირველი ტექნოპოლისი 1969 წელს ააშენეს. აქ არის განთავსებული ქვეყნის უდიდესი კვლევითი პარკი.
ჩინეთში პირველი ტექნოპარკები 1988 წლიდან შეიქმნა. კომპიუტერული კომპანიების 50% თავისუფალ ვირტუალურ ზონებშია დარეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით 50 ასეთი ზონა ფუნქციონირებს. დასაქმებულია 8 მილიონი ადამიანი. 2006-2010 წლებში ელექტრონული ინფორმაციის დამატებითმა ღირებულებამ 2.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ბელარუსი, თავისუფალი ვირტუალური ზონისა და ტექნოპარკების პრაქტიკის ქვეყანაში დანერგვის უახლესი მაგალითია. აქ თავისუფალი ვირტუალური ზონა და ტექნოპარკები 2005 წლიდან შეიქმნა, სადაც 40 ადგილობრივი და უცხოური კომპანია ოპერირებს. დასაქმებულია 3.5 ათასი ადამიანი. შემოსავალმა 90 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

საქართველოს მიზანია, რეგიონში საინფორმაციო-ტექნოლოგიური ცენტრი გახდეს.  

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური საკომუნიკაციო ტექნოლოგიების 2010-2011 წლის კვლევა აჩვენებს, რომ ინტერნეტკომუნიკაციის მიხედვით, საქართველო მაღალი კონკურენციის მქონე ქვეყნების (მათ შორის, მსოფლიოს ტოპ 9 ქვეყანა, ევროპის უმეტესი სახელმწიფოები, იაპონია) ჯგუფში შედის. თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიების დანერგვისა და მთავრობის ეფექტიანობის კუთხით კი – მსოფლიო ორმოცდაათეულშია.

სხვა ქვეყნებთან შედარებით, მისი დამატებითი კონკურენტული უპირატესობებია: კორუფციის დაბალი დონე, ლიბერალური და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, უცხოური ინვესტიციების ნაკლები რეგულირება და მათი დაცულობის მაღალი ხარისხი, შედარებით იაფი სამუშაო ძალა, გეოგრაფიული მდებარეობა. ყველა ამ კომპონენტის მიხედვით, ქვეყანა, საშუალოდ, თავის მეზობლებს – თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და სომხეთი –  სჯობნის.

საქართველოს ეკონომიკა, დიდი საერთაშორისო კომპანიების მოზიდვით, მნიშვნელოვან სარგებელს ნახავს. უცხოური ინვესტიცია ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, განვითარებასა და გავრცელებას. არა მხოლოდ ინვესტიციის მოცულობა, არამედ დასაქმებაც გაიზრდება. განვითარდება მომიჯნავე ბიზნესებიც. ეკონომიკური აქტივობის მატება გაზრდის მოქალაქეთა და ბიზნესების მხარჯველობით პოტენციალს, რაც, თავის მხრივ, გაამძაფრებს მოთხოვნას ახალ პროდუქტებსა და მომსახურებაზე. თუ ეს პროდუქტები ან სერვისი საქართველოში გაიყიდება, მწარმოებელი მოგების გადასახადს გადაიხდის. გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება. ამით მოიგებს არა მხოლოდ ის, ვინც წინასწარ დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს და, შესაბამისად, შეღავათებით სარგებლობს, არამედ – ყველა.

კომენტარები