რუსეთის ბლატი

 რუსეთი კალათბურთში უხეში მოლაპარაკეა. ბოლო წლებში ეს სიუხეშე მშვიდი და სერიოზული მწვრთნელის, დევიდ ბლატის მოსანიშნ დაფაზე გადადის. დროთა განმავლობაში ეს სიუხეშე მისაღები და ნაკლებად უხეში გახდა. დევიდ ბლატი რუსეთის ნაკრებში მწვრთნელი, მთელი რუსული კალათბურთის მენტორი და კალინკებზე ჩაციკლული მასისთვის, ენიო მორიკონეა. კლაიპედაში რუსეთი საქართველოსთან დაჯდა. იქვე გვყავს სლოვენია, ბულგარეთი, ბელგია და უკრაინა. 

ევროპის ჩემპიონატის მოწინააღმდეგეების წარდგენას ვიწყებთ რუსეთით, ტურნირის ფავორიტით, რომელსაც 1 სექტემბერს ვხვდებით მეორე ტურში. 
 
ამბობს – დევიდ ბლატი
 
დევიდ ბლატი თელ-ავივის მაქაბიში მონდომებულ და მოტივირებულ მილიონერებს კალათბურთს ათამაშებს. ის მაქაბიშიც და რუსეთის ნაკრებშიც მთავარი მწვრთნელის დაწნულ სავარძელში ზის. ბლატი ფიქრში და განცდაში იზრდება, საკუთარ სქემებში ზედმეტ ხალხს არ ტვირთავს და ზედმეტ სქემებსაც არ ხაზავს. 

რუსეთში ბლატს ენდობიან და ამ ნდობას სანდო კალათბურთი მოაქვს. ეს კალათბურთი ხანდახან ოდნავ გამაღიზიანებელი, ოდნავ მოძველბიჭო და უმნიშვნელო დოზით არაყურებადია, მაგრამ ბლატი იგებს. ორი წლის წინ, ბლატს ევროპროგრამაში არ ჰყოლია წინა ჩემპიონატის რუსტერიდან ხუთი ჯოკერი და ბლატის ნაკრებმა მაინც კალათბურთი ითამაშა. 

დევიდმა ოთხი წლის წინ ესპანეთში აბურძგნული ბანდა ჩაიყვანა და იმ ბიჭებმა ბონუსი დასვეს. ბლატის რუსეთი ისმენდა. ის გუნდი კალათბურთის მუღამს ვერ იჭერდა, მაგრამ ამ მუღამს სხვას სადავო გდებამდე ართმევდა, პარავდა, უმალავდა. ბლატმა წელს მაქაბი ევროლიგის ფინალში შეიყვანა. ბლატი გემოვნებით იგებს. 

რუსეთს სერიოზული, მოქნილი შემადგენლობა ჰყავს. რუსეთს სურვილით, ლტოლვით და ბევრი სამიანით უნდა მოუგო. სამწამიანში რუსეთს ვერ წააქცევ. სამწამიანში რუსეთი კარელინივით დგას. 

დევიდ ბლატი ევროპულ ამბებში უფრო გრეგ პოპოვიჩია, ვიდრე ფილ ჯექსონი. ბლატის ბანდა, ეს მშრომელი მაზოხისტების ქასთინგი ისევე უხერხულად მისაღებია, როგორც – პოპოვიჩის. გრეგის ბანდაში ბრიუს ბოუენს პილორამა ეჭირა და ლებრონს ჭრიდა. ბლატის ბანდაში პილორამა მთელი გუნდია. ბლატი კალათბურთის ვუდი ალენია.

ბლატი ბავშვობაში ბავშვებს უვლიდა. ის დღესაც ბავშვებს უვლის. მაღალ, პიჟონ, ბრექ და ნიჭიერ ბავშვებს. დევიდის ბავშვებმა ოთხი წლის წინ პო გასოლის  ჯაზორკესტრში დისონანსი შეიტანეს. მაშინ, ევროპის ფინალში, რუსეთმა ესპანეთს 60:59 მოუგო. 
დევიდ ბლატი მშვიდი და საინტერესო მომვლელია. 
 
ისმენს – ვიქტორ ხრიაპა
 
კაპიტანი ყველგან უფრო სხვა, აზრზე მოსული, მშვიდი, მთქმელი და ყველაფრის შემკვრელი კაცი უნდა იყოს. ბლატის მონოპოლიაში კრუპიეს ხელფასს ვიქტორ ხრიაპა იღებს. მაღალი, მოძრავი, ჭკვიანი, დინჯი ხრიაპა. მძიმე ფორვარდი ფლეიმეიქერის აზროვნებით და კლასიკური დაცვით. ხრიაპა რუსეთის კაპიტანია. 

ხრიაპა ბლატის ტომ ჰეიგენია. თუ ანდრეი ვორონცევიჩს თამაში ეზარება და ცელქობას იწყებს, ხრიაპა ცსკა-ს ნიჭიერ ფორვარდს ეფერება, ესაუბრება და ვორონცევიჩი ისევ ჩუმი მკვლელი ხდება. ხრიაპამ თურქეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ვორონცევიჩი ორჯერ დაამშვიდა. ვორონცევიჩმა ორჯერვე ორმაგი დუბლი აიღო. ხრიაპა თურქეთში ვერ თამაშობდა, სულ სკამზე იჯდა, ზურგის და მაჯის ტრავმებით ისვენებდა.

ლიტვაში ხრიაპა იქნება. ბლატი მაღალ პროფესორს ყველა ვარიანტში წაიყვანს. ხრიაპას იდეალური სმენა აქვს. უკრავს ბალალაიკაზე, არემიქსებს სტრავინსკის და ტონი აიომის რიფებს მაკარევიჩის ლირიკას ადებს. ხრიაპამ კიდევ ერთხელ უნდა მოისმინოს. ესპანეთში ბიჭმა აკრიფა, სხვას არ ააკრეფინა და მთელი რუსეთი დაიცვა. სხვა გზა არ ჰქონდა, როდესაც მის სისხლს და ხორცს უჭირდა. ხრიაპამ მოისმინა, საშუალოდ 11.2 ქულა, 7.8 მოხსნა, 3.2 პასი აკრიფა და ფინალში გასოლს აჯობა. გასოლი დაიბნა, მორცხვად კუთხეში დადგა და აქვითინდა. 

ხრიაპა ისმენს და ესმის. 
 
ასრულებს – ანდრეი კირილენკო
 
ბლატს ანდრეი კირილენკო უყვარს. ის ისევ ბევრს აკეთებს, ინტელექტით ბლატზე მდიდარია და უფრო მომთმენი გახდა. დგას პერიმეტრზე და ჭაღარა კონდორივით შიფრავს სამწამიანს. შეისეირნებს იქ და ბებერი იაგუარივით წაუძინებს. ამ ბიჭმა იტირა, იუტაში ნაკლებად რომ ტვირთავდნენ. ამ ბიჭმა ბევრმილიონიანი კონტრაქტი მიიღო და უფრო ბევრ მილიონს იმსახურებს. დირკ ნოვიცკი ყველაზე მაგარი ევროპელია. პო გასოლი ყველაზე კარგი გასოლია. ტონი პარკერი  ევა ლონგორიას გატეხილი ყავარჯენია. რიკი რუბიო მომავალია. პეჟა სტოიაკოვიჩი წარსულია. ანდრეი კირილენკო კალათბურთის სიდ ვიშეზია. ახალი ვარცხნილობითაც ვიშეზია. 

ბლატმა რამდენიმე ფინალურ გასაუბრებაზე ვერ წაიყვანა რუსი სკოტი პიპენი. რუსების ბოსმა ძველ ტილოს ახალი ტილო გადააფარა, კონტურები ჩამოყარა, მთავარი თემა დადო, ძველი ამბები გაახსენდა. ძველ ამბებში კირილენკო ნიუ ორლეანის ტრუბადური იყო და ჰარი ეინჯელის წიგნაკში ბევრ რამეს იწერდა. კირილენკო წიგნაკის გახუნებულ ყდას მტვერს მოაშორებდა, ჩანაწერებს ჩახედავდა, გაიხსენებდა, რომ ბლატის ბანდაში ერთადერთი სოლოისტი იყო და ასრულებდა. 

კირილენკო მეოთხე ნომერია და ყველა ნომერზე დგას. კირილენკომ იმ ფინალში, რუსეთმა ესპანეთს რომ მოუგო, 17 ქულა წამოიღო და გასოლს აწყენინა. ერთხელ მიაფარა, ერთხელ მხარი მიარტყა, ორჯერ ქუჩურად გაურჩია და ერთხელ კლასიკურად მოუგვარა ყველაფერი. იმ ფინალში კირილენკო ესპანელზე ესპანელი და ყველაზე კარგი რუსი იყო. 

ლიტვაში წასაყვანები – ანდრეი კირილენკო (იუტა, NBA), ვიქტორ ხრიაპა (ცსკა), ტიმოფეი მოზგოვი (დენვერი, NBA), კელი მაკარტი (ხიმკი), ანდრეი ვორონცევიჩი (ცსკა), სერგეი ბიკოვი (ცსკა), ალექსეი შვედი (ცსკა), ალექსეი ჟუკანენკო (დინამო), ევგენი ვორონოვი (დინამო), საშა კაუნი (ცსკა), ვიქტორ კეირუ (დინამო), სერგეი მონია (ხიმკი), ანტონ პონკრაშოვი (სპარტაკი), ვიტალი ფრიდზონი (ხიმკი), დმიტრი ხვოსტოვი (დინამო), ალექსეი ზოზულინი (სპარტაკი). 

რუსეთი ევრობასკეტზე – 1993, II ადგილი, 1995, VII ადგილი, 1997, III ადგილი, 1999, VI, 2001, V ადგილი, 2003, VIII ადგილი, 2005, VIII ადგილი, 2007, I ადგილი, 2009, VII ადგილი. 

კომენტარები