კონსერვატიული ვაკუუმი

ვარუნ განდი
REUTERS

 კორუფციულმა სკანდალებმა ინდოეთის მმართველ, მემარცხენე კონგრესის პარტიას წყალი შეუყენა. თუმცა, მიუხედავად კონკურენტის პრობლემებისა, ინდოეთის კონსერვატიული სახალხო პარტია (Bharatiya Janata Party – BJP) ჯერჯერობით რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივად ვერ იქცა. პარტიის საპარლამენტო დელეგაცია, ივნისის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ვიზიტის ერთ-ერთი თემა, სავარაუდოდ, მათი შიდაპარტიული საკითხებიც იქნება.

BJP-ს ინდოეთში, დაახლოებით, ისეთივე პოზიცია უჭირავს, როგორც რესპუბლიკელებს ამერიკაში, კონსერვატიულ პარტიას – ბრიტანეთში ან ლიკუდს – ისრაელში. მისი საგარეო პოლიტიკური კურსი პროდასავლურად შეიძლება ჩაითვალოს. ცივი ომის პერიოდში, კონგრესის პარტია საბჭოთა კავშირისკენ იხრებოდა, BJP კი ამერიკასთან დაახლოებისკენ ისწრაფვოდა. ცივი ომის შემდეგ ინდოეთ-ამერიკის ურთიერთობები სწორედ BJP-ს მმართველობის პერიოდში (1998-2004) გააქტიურდა. ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში მხოლოდ BJP-ს უჭირავს პროისრაელური პოზიცია. ისრაელის ერთადერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ინდოეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, არიელ შარონია (BJP-ს მმართველობის დროს, 2003 წელს). სხვა კონსერვატიული პარტიების მსგავსად, BJP შეიარაღებულ ძალებს მემარცხენეებზე მეტ ყურადღებას აქცევს. მის ლიდერებს შორის ყოფილი სამხედროებიც არიან. პარტია მხარს უჭერს
ანტიტერორისტული კანონების გამკაცრებას, თუმცა ეს მიდგომა ინდოელი მუსლიმების უკმაყოფილებას იწვევს.

BJP-ს საყრდენ ფენად მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები ითვლებიან. თუმცა ლიდერები მცირე მთავრობისა და ეკონომიკური თავისუფლების რეიგან-თეტჩერისეული იდეების მხარდაჭერით არ გამოირჩევიან. BJP-ს არ აქვს ჩამოყალიბებული ერთიანი ეკონომიკური გეგმა. კორუფციული სკანდალების შემდეგ მათ კონგრესის პარტია გააკრიტიკეს. მოითხოვეს არა ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება, არამედ ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეგულაციების კიდევ უფრო გაზრდა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პრაშანტ ბრუშანმა კი კორუფციის მაღალი დონე, ეკონომიკის ლიბერალიზაციას გადააბრალა. საგარეო პოლიტიკური კუთხით, BJP ამერიკასთან ან ევროპასთან უწინდელი სიახლოვით უკვე აღარ გამოირჩევა. 2008 წელს, ინდოეთის პარლამენტში, პარტიამ ამერიკა-ინდოეთის სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულებას მხარი არ დაუჭირა. 2009 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კი, მისმა ლიდერებმა ამერიკასთან ურთიერთობებში ბალანსის აღდგენის საჭიროებაზე, პოპულისტური გამოსვლები დაიწყეს
BJP იზიარებს ჰინდუტვას – ინდუიზმზე დაფუძნებულ კულტურული ნაციონალიზმის კონცეფციას. პარტიის იდეოლოგია გარკვეულწილად ეყრდნობა რადიკალურ ნაციონალური პატრიოტიზმის ორგანიზაციას (Rashtriya Swayamsevak Sangh). ძალამ ჯერჯერობით ვერ განსაზღვრა საკუთარი იდეოლოგიური ადგილი – ის აერთიანებს როგორც ზომიერ პოლიტიკოსებს, ისე ფანატიკოს რადიკალებს, რომელთაც დემოკრატიისთვის მიუღებელი მიზნები შეიძლება ჰქონდეთ.

პარტია რელიგიურ და ეთნიკურ რადიკალებთან კავშირშიც შეიმჩნევა. პარტიის ახალგაზრდა ლიდერი, ვარუნ განდი 2009 წელს გაკეთებულ აუდიოჩანაწერში მუსლიმებს უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს. გუჯარათის შტატის მთავარი მინისტრი, ნარენდრა მოდი კი 2002 წელს, საკუთარ შტატში ინდუსებსა და მუსლიმებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ამ უკანასკნელთა დახოცვაში არის ეჭვმიტანილი. მაშინ შეტაკებებს ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, მათი სამი მეოთხედი კი მუსლიმი იყო. BJP-ს ანტიმუსლიმური განწყობა, ქვეყნის ფარგლებშიც უქმნის პრობლემებს და საერთშორისო იმიჯსაც ლახავს. პარტიას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე აქცენტის გაკეთება და პრაგმატული საგარეო პოლიტიკური კურსის შემუშავება სჭირდება. ეთნიკურ-რელიგიური რადიკალიზმით გაჯერებული პოლიტიკოსები ინდოეთს სარგებელს ვერ მოუტანენ. 

კომენტარები