თქვენ რას იზამდით?

 
ბოლო ექვსი თვე, იმის გარკვევაში გავატარე, რატომ აღელდა ასე ძალიან საერთაშორისო ბიუროკრატია საქართველოში მომხმარებელთა და მშრომელთა ინტერესებზე. ეს სახელმწიფო და ზე-სახელმწიფო ორგანიზაციების მოხელეები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ მათ უფრო კარგად ესმით, თუ რა არის მომხმარებელთა და მშრომელთა ინტერესები, ვიდრე ხარბ ბიზნესმენებს. 

მყიდველის პირველი რეაქცია, როდესაც მას რაიმეზე უარის თქმა უწევს, მისთვის მიუღებელი ფასის გამო, სწორედ ესაა – გამყიდველი სიხარბეში დაადანაშაულოს. ირონია იმას გულისხმობს, რომ იგივე გამყიდველები, როდესაც ისინი ცდილობენ შრომითი მომსახურება იყიდონ – ანუ დაიქირაონ მათთვის სასურველი კვალიფიკაციის ადამიანები, ასევე მოხვდებიან ხალხის მტერთა სიაში. რატომღაც არავის ახსენდება, რომ ამ შემთხვევაში დამქირავებელი სწორედ ისეთივე მომხმარებელია, როგორც ის, ვინც კარტოფილს ყიდულობდა და ძვირი მოეჩვენა, უხარისხო. მისი დაცვა არავის უფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლებელია ძალიან უხარისხო საქონელი – არაკვალიფიციური შრომა – შესთავაზეს, რომელიც მას (მის ბიზნესს) ზიანს აყენებს. ადვილი შესამჩნევია, რომ ამ შემთხვევაში (ბიზნესისათვის) მიყენებული ზიანი არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემას – არამედ მთლიანად კომპანიის, მასში დასაქმებული ადამიანებისა და მესაკუთრეების, ასევე მათი მომხმარებლების სახითაც. 

ბიზნესების (ანტრეპრენერების) მიმართ ასეთი დამოკიდებულება არახალია. მათი სიხარბის, გაუმაძღრობისა და მატყუარა ხასიათის წინააღმდეგ, დიდი ხანია, ილაშქრებენ. ყველაზე მეტად მარქსმა და ენგელსმა იმარჯვეს, რომლებმაც მე-19 საუკუნიდან ისე მყარად მოახერხეს ადამიანთა გაბითურება, რომ დღემდე ყველას სწორედ მათი არგუმენტები აკერია პირზე. ეს არგუმენტი ძირითადად ეხება კაპიტალისტების საშინელ სწრაფვას ზემოგების მისაღებად. ამისათვის ისინი ცდილობენ იაფად იყიდონ მატერიალური და შრომითი რესურსები, მერე ძვირად გაყიდონ პროდუქცია, შექმნან მონოპოლიები ფასების გასაზრდელად, მოატყუონ მყიდველები და გაასაღონ უხარისხო პროდუქცია. 

მოკლედ, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან ეს მარქსისტული არგუმენტი დაგხვდება: 

– პურის წონაში იტყუებიან

– საკვებს ქართულად არ აწერია

– კარაქი მცენარეულ ცხიმებს შეიცავს

– კარტოფილი თურქულია, ვაშლი ირანული!

– შაქარმა გემო დაკარგა და გაძვირდა

– კოკა-კოლა ქიმიაა 

ასეთი ყოველდღიური ბრალდებების საწინააღმდეგოდ მომხმარებელს ერთი ძლიერი იარაღი აქვს – არჩევანი, ან იყიდოს ან არა. მართალია, ერთი ცალკეული მომხმარებლის შესაძლებლობა, პროდუქტის ხარისხსა და საჭირო თვისებებში გაერკვეს, საკმაოდ შეზღუდულია, თუმცა მას შესაძლებლობა აქვს დააკვირდეს ბაზარს და იმოქმედოს იმის მიხედვით, თუ რა პროდუქტზე იზრდება მოთხოვნა და რაზე მცირდება, რა პროდუქცია უფრო მეტად ფასობს და რას ეკარგება ფასი. მომხმარებელს ასევე შეუძლია თავისი მეგობრების, კოლეგებისა და ნათესავების წრეში გამოიკითხოს და მიიღოს რჩევები. 

ნებისმიერი მცდელობა, ასეთი კერძო მეთოდების გვერდის აქცევით, მთავრობის მხარდაჭერით მივაღწიოთ საკვების უვნებლობას, ნიშნავს შევზღუდოთ ჩვენი საკუთარი არჩევანი და პასუხისმგებლობა გარეშე პირების მხრებზე გადავიტანოთ. ამ პირების მოქმედების შედეგიანობა შეზღუდულია (სხვა თუ არაფრით) დაბალი მოტივაციით – ყოველთვის გაუგებარია, თუ არა მოგების მიღება, რამ უნდა განაპირობოს ადამიანის სურვილი, იმაზე მეტად გაისარჯოს, ვიდრე მას ოფიციალურად დაავალეს.

შოტლანდიელი ადამ სმითი 200-ზე მეტი წლის წინ მიხვდა, რომ მცხობელის სურვილი ფუნთუშით გაგვიმასპინძლდეს, საკუთარი ინტერესიდან მომდინარეობს და არა ჩვენდამი კეთილგანწყობიდან. ლუდვიგ ფონ მიზესმა მე-20 საუკუნეში აგვიხსნა, რომ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მეწარმემ გააკეთოს მომხმარებლებისა და დაქირავებული ადამიანების წინააღმდეგ, ისაა, რომ მოგების მიღებაზე აიღოს ხელი, რადგან მისი მოქმედება სრულიად დაკარგავს მოტივაციას და მალევე გაკოტრდება.

ევროპელი ბიუროკრატების გულმოდგინება, იზრუნონ საკვების უვნებლობაზე საქართველოში, ბევრი თვალსაზრისითაა გაუგებარი. თუ ეს მხოლოდ საექსპორტო პროდუქციას ეხება – უპრიანია, რომ პირველ რიგში, მისმა მწარმოებლებმა და არა ქართველმა ან უცხოელმა მოხელეებმა იფიქრონ ამის შესახებ. მით უმეტეს გაუგებარია, რატომ უნდა გადავიხადოთ საკუთარი ფული – გადასახადები იმისთვის, რომ ვინმემ მავნე პროდუქცია არ შეაპაროს ევროპელებს.

თუ ეს ევროპელი ბიუროკრატების ზრუნვა მხოლოდ ქართველ მომხმარებლებს ეხებათ, უნდა შევატყობინოთ, რომ პრობლემას ის კი არ წარმოადგენს, თითქოს ქართველ მომხმარებლებს ხარისხიანი და უხარისხო საკვების გარჩევა უჭირთ, არამედ ის, რომ მათს დიდ ნაწილს უბრალოდ არ შეუძლია შედარებით ძვირადღირებული, უკეთესი ხარისხის საკვების შეძენა.

ამ პროცესის გარკვეულ ანტიპოდს წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მცდელობა მთავრობის მონაწილეობით – მაგალითად, ტანსაცმლის მწარმოებელი  ბრენდების გაყალბების საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში მომხმარებლის დამცველი ბიუროკრატები დუმან იმ ფაქტზე, რომ ამ მცდელობით მომხმარებლებს ხელი ეშლებათ საკუთარი არჩევანის გაკეთებაში. საკუთარი პრობლემების ქართველი მომხმარებლების (იგივე გადასახადის გადამხდელების) ხარჯზე გადაწყვეტის ნაცვლად, ბრენდის პატრონებმა სჯობს საკუთარი მცდელობით დაიცვან მათი სახელი: ან საკუთარი საქონლის წარმოდგენით იმ ბაზრებზე, სადაც ფალსიფიცირებული საქონელი იყიდება, ან სასამართლოს მხარდაჭერით. ნათელია, რომ სახელმწიფოს ჩარევა უფრო მეტად ართულებს და აძვირებს იმ მოსახლეობის ცხოვრებას, რომელთაც არ შეუძლიათ ნამდვილი პროდუქციის შეძენა. ამას გარდა, ბრენდის პატრონმა პროდუქციის სახელის გაყალბება თავისებურ რეკლამადაც შეიძლება გამოიყენოს – ფაქტია, რომ ცუდი ფირმების სახელს არავინ აყალბებს.

ახლა ისევ შრომის ყიდვა-გაყიდვას რომ დავუბრუნდეთ. როგორც ზემოთ ავხსენი, შრომის შეძენისას დამსაქმებელი ბიზნესმენი თვითონ გამოდის მომხმარებლად – პროდუქციის ხარისხისა და სარგებლიანობის შეფასება მასაც ისევე სჭირდება, როგორც სხვებს. ასეთივე გულისხმიერება უნდა გვქონდეს, მაგალითად, ვაშლის გამყიდველთან დაკავშირებითაც – ვინ თქვა, რომ ვაშლის მოყვანას,

ტრანსპორტირებას ან თუნდაც გაყიდვას შრომა არ სჭირდება? ვაშლის გამყიდველის შრომის დაცვა ისეთივე მეთოდით, როგორც ევროპული სოციალისტური  შრომის კოდექსით იგულისხმება, ნიშნავს, მასაც გარანტიები მივცეთ, რომ მისი ვაშლი გაიყიდება მას მერეც, მაგალითად, რაც მყიდველი მიხვდა, რომ იგი არ ვარგა (მავნებელია) – მყიდველმა მავნე ვაშლის ყიდვა უნდა გააგრძელოს, მაგალითად, შემდგომი 9 თვის განმავლობაში, რადგანაც ვაშლის გამყიდველი ფეხმძიმედაა და ზუსტად ოთხ თვეში უნდა იმშობიაროს და სანამ საქმეს სრულად დაუბრუნდება, ბავშვი რამით მანაც უნდა არჩინოს (როგორც დასაქმებულის ფეხმძიმობის პირობებში).

ასეთი პოზიციების სისუსტე, ეკონომიკური თეორიის მოხმობით ადვილი დასადასტურებელია. თუმცა ყველაზე ადვილი მეთოდი იმის გასაგებად, რაც ზემოთ დავწერე და არ დავწერე, შემდეგია: მკითხველმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას ასეთი კითხვა:

მე რას ვიზამდი მეწარმის ადგილას? 
 

კომენტარები