გაშიშვლებული და შეუნიღბავი არდიფესტი

სცენა სპექტაკლიდან „არა უშავს”
ფოტო:არდიფესტი
სცენა სპექტაკლიდან LOVE RATS
ფოტო: ფოტო:არდიფესტი
  25-წუთიანი სპექტაკლების ფესტივალ არდიფესტზე, რომელსაც სამეფო უბნის თეატრმა 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით უმასპინძლა, 14 სპექტაკლი იყო წარმოდგენილი. ფესტივალის ბოლო დღეს, გამარჯვებულების გამოცხადებას მონაწილეებთან ერთად მაყურებელიც ინტერესით ელოდა. ჟიურის (თემურ ჩხეიძე – თავმჯდომარე, მურაზ მურვანიძე, ნინო კასრაძე, მანანა გეგეჭკორი, დათო დოიაშვილი, გიო ცინცაძე, ზურაბ გეწაძე) არჩევანი ასეთი აღმოჩნდა: 

1. საუკეთესო დრამატურგი – დათა ფირცხალავა 
2. საუკეთესო მხატვარი – გიორგი უსტიაშვილი
3. საუკეთესო კომპოზიტორი – ალექსანდრე ნიკოლაძე
4. მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი – გაგა შიშინაშვილი
5. ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი – მარი კიტია
6. საუკეთესო რეჟისორი – პაატა ციკოლია
7. ჟიურის სპეციალური პრიზი – ნინი ჩაკვეტაძე 
 
გაგა შიშინაშვილი
ფოტო: ფოტო:არდიფესტი
 დაჯილდოების ცერემონიაზე, ფესტივალის დამფუძნებელმა ნიკა თავაძემ პედაგოგიური მოღვაწეობისა და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დიპლომი გიზო ჟორდანიას გადასცა. ეს ამბავი რეჟისორისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაყურებლისთვის კი, რომელსაც საფესტივალო წარმოდგენები არ გამოუტოვებია, სრულიად ლოგიკური. 25-წუთიან სპექტაკლებში, გიზო ჟორდანიას მიერ ახლახან გამოშვებული სამსახიობო ჯგუფის ოთხი გამორჩეულად კარგი ახალგაზრდა მონაწილეობდა. ბატონ გიზოს არც ერთი საფესტივალო დღე არ გაუცდენია და ახალგაზრდების მუშაობას თვალს პარტერიდან ადევნებდა. ერთ-ერთ საფესტივალო დღეს რეჟისორი და თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი, შალვა გაწერელიაც ესწრებოდა. მათ გარდა, საკუთარი სტუდენტების და, ზოგადად, მომავალი თაობის გულშემატკივრობის სურვილი, სამწუხაროდ, არავის გასჩენია. 
 
ნაბიჯით უკან! 

შარშანდელი ფესტივალი პლასტიკაზე აგებული წარმოდგენების სიმრავლით გამოირჩეოდა. წელს ფიზიკური თეატრის მიმართულებით მხოლოდ ერთმა ჯგუფმა იმუშავა. ოთხკაციანი გაერთიანების სამმა წევრმა (შალვა გოგოლაძე, ლაშა რობაქიძე, გიო ღონღაძე) შარშან, თეატრ „სინთეზის” ეგიდით, წარმოდგენა “დრო” შემოგვთავაზა. შემადგენლობას წელს იაკობ გოგიტაშვილიც შეემატა, მაგრამ ჯგუფის წევრთა რაოდენობის მატებამ მათი წარმოდგენის ხარისხის ზრდაზე ვერ იმოქმედა. “სიზმარს” საინტერესო იდეა ჰქონდა, თუმცა მსახიობებმა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლეს. ღარიბი, განმეორებითი და გამომსახველობას მოკლებული მოძრაობების ნახვა, მაყურებლისთვის მოსაწყენი აღმოჩნდა. 

დათა ფირცხალავა
ფოტო: ფოტო:არდიფესტი
 რეჟისორ-დრამატურგების არჩევანი 

არდიფესტის ერთ-ერთი მიზანი თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარებაა. შარშანდელ ფესტივალზე საუკეთესო დრამატურგისთვის განკუთვნილი პრიზი გაუცემელი დარჩა. სასიხარულოა, რომ წელს ნომინაციის გაუქმების სურვილი არავის გაუჩნდა, რამდენადაც ფესტივალისთვის საგანგებოდ დაწერილი პიესებიდან ერთი-ორის გამორჩევა ნამდვილად შეიძლებოდა. წარმოდგენილი 7 პიესიდან სამი პროფესიით რეჟისორებმა შექმნეს. კიდევ ერთის ავტორმა კი, საკუთარი ნაწარმოების სცენაზე გაცოცხლება თავად მოიწადინა და, საბოლოოდ, საუკეთესო დრამატურგის პრიზიც დაიმსახურა. 
 
მესამედ ორგანიზებული ფესტივალის ისტორიას რომ თვალი გადავავლოთ, აღმოვაჩენთ, რომ მისი მონაწილეების გარკვეული ნაწილი უცვლელია. ამათგან რამდენიმემ საკუთარი ძალები ახალი მიმართულებითაც მოსინჯა. მაგალითისთვის დავასახელებ ალექსანდრე ლორთქიფანიძეს, რომელიც შარშან ნინო ჩაკვეტაძის “ანამ დახურა ფანჯრების” პიესის ავტორი და კომპოზიტორი იყო, წელს კი საკუთარი პიესის რეჟისორად მოგვევლინა და უფერული “თევზის იავნანა” შემოგვთავაზა. 
 
ქართული პიესებიდან გამორჩევას იმსახურებს ორი პიესა. Wodka gorbatchoW – 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ეხება და ორი პოლონელი ჟურნალისტის მიერ გამოგონილი რუსეთ-საქართველოს ომის ამბავს მოგვითხრობს. წარმოდგენის რეჟისორია თეონა მესტუმრე, რომელმაც დათო ჩიხლაძის პიესა სათანადოდ ვერ გააცოცხლა და სათქმელიც სუსტად წარმოაჩინა. მსახიობებიდანაც მხოლოდ სალომე მაისაშვილს თუ გამოვარჩევთ. მეორე პიესის – “ტკბილი სახლი” – ავტორი და რეჟისორია დათა ფირცხალავა, რომელმაც საუკეთესო დრამატურგის პრიზი აიღო. აბაზანაში ჩაწოლილი ორი ძმის იუმორით სავსე დიალოგი, რომელიც მხატვარ თინა დალაქიშვილის მიერ გემოვნებითა და სადად მოწყობილი ავანსცენის შუაგულში ვითარდება და ტრაგედიით ისე მთავრდება, რომ სახეზე ღიმილს გიტოვებს, მაყურებლისთვისაც დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 
 
საუკეთესო მხატვარი

დრამატურგ პაპუნა ჭელიძის, რეჟისორ ლევან ხვიჩიასა და სამი მსახიობის (ჯაბა პაპუაშვილი, ანუკა გრიგოლია, გიგა წიქარიძე) ერთობლივი ნამუშევარი “სალათის ფურცლები” მხოლოდ სცენოგრაფიით აღმოჩნდა აღსანიშნავი. რეჟისორისგან განსხვავებით, სცენოგრაფმა სივრცის მხატვრულად ათვისება კარგად შეძლო და გასაფორმებლად მხოლოდ ტუალეტის ქაღალდის ხვეულები გამოიყენა. თანაც ისე, რომ სხვადასხვა ფაქტურის დეტალები და საგნები შემოგვთავაზა. დასანანია, რომ გამართულ კომპოზიციაში წარმოდგენის სხვა კომპონენტები ხელოვნურად და გაუგებრად “ჩაეწერა”. 
 
ჟიურის რჩეული 

პირადად მე, 14 წარმოდგენიდან საუკეთესო რეჟისორის პრიზის მფლობელი არ მეგულებოდა. თუმცა ჟიურიმ გადაწყვეტილება მიიღო და პაატა ციკოლია საკუთარი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლისთვის, სახელწოდებით “LOVE RATS” დააჯილდოვა. ფესტივალებსა და კონკურსებზე ჟიური გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, “ყველაფერი შედარებითიას” პრინციპით იღებს, რადგან საუკეთესოები მხოლოდ მონაწილეებიდან უნდა გამოავლინოს. ასეთ დროს რთულია გაითვალისწინო, თუ რამდენად გაამართლა მოლოდინი ხელოვანმა, რომელსაც საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული იმისთვის, რომ სათქმელი 25-წუთიან ფორმატში მოაქციოს. პაატამ შეძლო ზუსტად შეერჩია ცოცხალი მუსიკალური გაფორმება (ლილი სოლოშვილი, ვოკალი: თეო ლომსაძე, სალომე ხომასურიძე, თაკო საკანდელიძე) და ზომიერი მინიშნებებით გამორჩეული მხატვრობა (მხატვარი ქეთი ნადიბაიძე). თუმცა გადაჭარბებული იყო ის აგრესია, რომელიც სცენიდან მოდიოდა. რეჟისორის ჩანაფიქრი თუ მხოლოდ ძალადობის გადმოცემა იყო, მაშინ მისი ამ ფორმით გადაწყვეტაც გამართლებულია. 
 
სცენა სპექტაკლიდან „არა უშავს”
ფოტო: ფოტო:არდიფესტი
 მოულოდნელი და მოსალოდნელი გადაწყვეტილებები 

სიმართლე რომ ითქვას, ბევრისთვის გაუგებარი დარჩა ჟიურის მიერ ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად მარი კიტიას დასახელება. სამაგიეროდ, წინასწარვე მივხვდით, რომ შემფასებლებისთვის მამაკაცი მსახიობის გამორჩევა შედარებით იოლი იქნებოდა. საბოლოოდ, საუკეთესო მამაკაცი მსახიობის პრიზი გაგა შიშინაშვილს გადაეცა, რომელიც მონოსპექტაკლში “მიაუ” (პიესის ავტორი სემ შვარცი, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი), ბოლომდე დაიხარჯა. 
 
დასკვნა

წლევანდელი არდიფესტი რომ შევაჯამოთ, ძალიან მოკლედ მისი დახასიათება ასე შეიძლება: გადაჭარბებული ძალადობა სცენიდან და დაუძლეველი მთავარი პრობლემა – რეჟისურა, იდეებისა და თემების ნაკლებობა, პლუს სუსტი საშემსრულებლო ხელოვნება. 
 

კომენტარები