წმინდა სინოდის სხდომის შედეგი - კომპრომისული შეთანხმება

0 კომენტარი

წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. მისი დასრულების შემდეგ მეუფე იობმა განაცხადა, რომ სინოდმა მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც  "სასარგებლოა ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის". ხოლო ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ კი აღნიშნა, რომ სინოდმა შენიშვნა მისცა პარლამენტს სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ვინიდან სინოდს მიაჩნია, რომ „აღნიშნული კანონის მიღება მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეუთანხმებლად, არის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევა“.  მისივე თქმით,  კანონის შეცვლა უკვე გამორიცხულია, „რადგან ამას პარლამენტი არ დაუშვებს“,  თუმცა მასში შეტანილი იქნება დამატებითი ახსნა-განმარტება.

მეუფე სერაფიმეს თქმით, ხელისუფლებამ დაარწმუნა საპატრიარქო, რომ „რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებით სხვა გაერთიანებებს არ მიეცათ ისეთივე უფლებები, როგორიც აქვს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას“ და ასევე არ მოხდება მათთვის საკუთრების გადაცემა. „ამის შესახებ წუხელ საპატრიარქოში მოსულმა თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა,“ აღნიშნა მეუფე სერაფიმემ და დასძინა, რომ დღეს საპატრიარქოს ამის პირობა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაშა თორდიამაც მისცა. არაოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტისთვის შენიშვნის პარალელურად, მამა ბართლომეს დეპუტატთა დაწყევლისთვის სინოდმა საჯელი დაადო. სოციალური ქსელებით გავრცელდა მამა ბართლომეს ქადაგება, რომელშიც მან დასწყევლა ის 70 დეპუტატი, რომლებმაც რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონის მიღებას ხმა მისცა.

არაოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმება  შემდეგ საკითხებზე შედგა:  შეიქმნება კომისია, რომელიც კონკორდატში გაწერილი მუხლების ასამოქმედებლად  მექანიზმებს შეიმუშავებს. ამავე კომისიამ უნდა  გადაწყვეტოს  სადავო ტაძრების და სხვა ქონების ბედი.  ამ შეთანხმების  მიხედვით, პარლამენტმა რელიგიური გაერთიანებების შესახებ მიღებულ კანონის  განმარტებითი ბარათი საპატრიარქოს უნდა გადასცეს.

დღესვე  სააგენტო ინტერპრესნიუსმა ეკა ბესელიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუშინ ღამე საპატრიარქოში თბილისის მერი გიგი უგულავა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და დეპუტატი რუსუდან კერვალიშვილი იმყოფებოდნენ და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან „დაძაბული მოლაპარაკებები“ გამართეს. ბესელიამ  სააგენტოს განუცხადა, რომ ამ პირებმა საპატრიარქო დილით 5 საათზე დატოვეს.

სინოდის გადაწყვეტილება რამდენიმე პუნქტისგან შედგება, მის სრულ ვერსიას საპატრიარქო დღესვე გამოაქვეყნებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები