სინდბადიდან ავთანდილამდე

0 კომენტარი

 “ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია”.
შოთა რუსთაველი

„რუსთაველის პოემის დასურათების ისტორიას დასაწყისი არა აქვს: უძველესი დასურათებული ხელნაწერები „ვეფხისტყოსნისა”, როგორც ჩანს, დაკარგულია. ამ ისტორიას არც დასასრული გააჩნია, რადგან ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების დაუშრეტელი წყარო – „ვეფხისტყაოსანი” – კვლავაც ელის ახალ დამსურათებლებს”, – წერს მიხეილ ქვლივიძე 1966-ში გამოცემულ „ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციების წინათქმაში.

2011 წელს ამ წიგნი-საოცრების ახალ დამსურათებელს წარმოგიდგენთ: დათო მაჭავარიანს, რომელმაც ქართული პოეზიის შედევრი, ისტორიკოსების და ენათმეცნიერების თავსატეხი „ვეფხისტყაოსანი” დაასურათა.

ორწლიანი შრომის და სიამოვნების შედეგად, დათოს შთამბეჭდავად, ტუშში ილუსტრირებულ „ვეფხისტყაოსანს”, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 30 ივნისს, ევროპის სახლში წარადგენს. პრეზენტაციასთან ერთად იქნება ილუსტრაციების გამოფენაც, სადაც ერთი ნახატი გაიყიდება.

დათოს გზა „ვეფხისტყოსნამდე” მრავალფეროვანი იყო და ლამის ისეთივე ეპიკური, როგორიც თვითონ პოემაა. თუმცა, ეს გზა ლოგიკურიც არის: 4-5 წლისა ბაბუამ კინოთეატრ გაზაფხულში „სინდბადის თავგადასავალზე” წაიყვანა. კინოთეატრიდან დაბრუნებულმა, ციკლოპების, დიდი ჩიტების შთაბეჭდილების ქვეშ, მთელი დიდი კედელი ნახატებით მორთო. რამდენიმე დღე ხატავდა.

ასე დაეწყო ხატვის „შეტევა”. ინტენსიურად იხატავდა საყვარელი ზღაპრების ილუსტრაციებს. იქვე იყო საყვარელი კარიკატურისტის, ჰერლუფ ბიდსტრუპის წიგნი, ფრანგული წიგნი სამყაროს შექმნაზე – “არამართლმადიდებლური, სასაცილო და ფილოსოფიურიც”, ნორმან როკველის ილუსტრაციები, კომიქსები, რომლებიც საბჭოთა კავშირში აღწევდა. მხატვარი დედა, დათოს ნახატებს აკვირდებოდა, უსწორებდა, განსაკუთრებით ადამიანის სხეულის აგებულებაზე უმახვილებდა ყურადღებას. ექიმი მამა კი ანატომიის წიგნებით ამარაგებდა.

მერე იყო პიონერთა სასახლე და ქანდაკების წრე, შემდეგ სამხატვრო სკოლა და აკადემიისთვის მომზადება; კერამიკის ფაკულტეტი, მერე მულტიპლიკაციის. დათოს მასწავლებელი აკადემიაში მამია მალაზონია იყო, რომელსაც თავად აქვს „ვეფხისტყაოსანი” დასურათებული.

იმ პერიოდში ირაკლი ჩარკვიანი გაიცნო – ირაკლი ახალგაზრდა დრამერს ეძებდა. მასთან ურთიერთობის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო – დღემდე ახდენს გავლენას დათოს ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანი იყო მუსიკაც, სადაც დათო ისეთივე გამომგონებლური გამოდგა, როგორც ხატვაში. იმდენად, რომ მუსიკასა და მხატვრობას შორის არჩევანის წინაშეც დადგა. არჩევანი რაციონალურობის და მხატვრობის სასარგებლოდ გააკეთა, თუმცა დღეს, შიგადაშიგ, როგორც DJ-ს, მუსიკა მსმენელამდე მიაქვს.

კომიქსებიც იყო – ბევრი და სხვადასხვა გამოცემაში, მათ შორის 24 საათში დაბეჭდილი – დასამახსოვრებელი გმირის, ჯიგარმენის ამბები ანუ „ხუმრობა იმაზე, რაც მაშინ ჩვენს ტელევიზორებში ხდებოდა”. არადა, როცა ამერიკაში ცხოვრობდა, გაზეთში განცხადებას წააწყდა: ვიღაც, სცენარისთვის კომიქსის მხატვარს ეძებდა. ასე აღმოჩნდა თავის ნამუშევრებთან ერთად კომიქსების კონვენციაზე. იქ, სადაც Star Wars-ის, Spiderman-ის, Lara Croft-ის დახლები დახვდა და უზარმაზარი მეინსტრიმ-კომიქს-კომპანიის (რომელიც Batman-ს უშვებს) გამომცემელი, რომელსაც იმდენად მოეწონა მისი ნამუშევრები, რომ ნიუ იორკში სამუშაო შესთავაზა. ამისათვის მუშაობის უფლება იყო საჭირო. ის, რაც დათოს არ ჰქონდა.

ახლახან, მისი ერთ-ერთი კომიქსი ავსტრიაში, 21-ე საუკუნის ევროპული კომიქსების ანთოლოგიაში დაიბეჭდა.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისთვის მანამდე სხვადასხვა წიგნების ილუსტრაციებზე იმუშავა (მაგალითად, აკა მორჩილაძის პოპულარული „მისტერ დიქსლის საიდუმლო ყუთი”). ისე კი, ბაკური ბევრად ადრე გაიცნო, თხუთმეტიოდე წლის წინ. სულაკაურს ერთ პატარა ოთახში ჰქონდა გამომცემლობა, თინასთან – მეუღლესთან და კიდევ ერთ ადამიანთან ერთად. დათოს მაშინ ბაკურისთვის უკითხავს: რაიმე ქართული წიგნისთვის ილუსტრაციას ხომ არ გეგმავო, მას კიდევ მტკიცედ უპასუხია – ათ წელიწადშიო.

აქედან უკვე სულ ახალი მხატვრული თავგადასავალი დაიწყო – გრძელი და ძნელი. გაეცნო აღმოსავლური სამყაროს უამრავ ვიზუალურ და ტექსტურ მასალას, მიაკითხა რუსთველოლოგ რეზო სირაძეს, იმუშავა ორი დაუვიწყარი წელი და ამის ძალიან მადლიერია. შემთხვევითობების არ სჯერა და თვლის, რომ “ვეფხისტყაოსანმა” მას “დასდო პატივი”. იდენტიფიკაციაზე თუ მიდგა საქმე, ყველაზე მეტად ამას ავთანდილთან გრძნობს. ყოველ შემთხვევაში, მოსწონს, რომ ავთანდილი რეალისტია, ქმედითი, თან ღრმა და სულიერი, რომ უკან არ იხევს და ვაჟკაცური გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.

სხვათა შორის, ილუსტრაციებზე მუშაობის პროცესში შთაგონება და მამოძრავებელი ძალა დათოს ცოლი, ნინო იყო.
30 ივნისიდან უკვე თქვენც გექნებათ საშუალება, ბაკურ სულაკაურის მიერ გამოცემული და ჩვენი დროის მხატვრის – დათო მაჭავარიანის ილუსტრირებული “ვეფხისტყაოსანი” შეიძინოთ. ეს წიგნი, ციფრულ ეპოქაშიც კი გააოცებს მკითხველს.



ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები