დევნილთა გამოსახლება დასრულდა

ივლისს, დევნილთა დაახლოებით 50 ოჯახს, თბილისში მდებარე ოთხი შენობა დაატოვებინეს. დევნილთა სამინისტროში ამბობენ, რომ უკანონოდ შეჭრილი დევნილების განსახლების პროცესი ამით დასრულდა და უახლოეს მომავალში გამოთავისუფლებული ობიექტები პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ოთხ შენობაში დევნილები 2 წლის წინ შევიდნენ. მათ შორის არ იყვნენ აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები. ისინი პირველი ტალღის დევნილები არიან და უმეტესად სამეგრელოდან ჩამოვიდნენ.

მათ, ვისაც თავშესაფარი არ აქვს, ფართები სწორედ სამეგრელოში, კერძოდ – აბაშაში, ხობში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ზუგდიდში შესთავაზეს. ასევე კახეთის ორ რაიონში – ბაკურციხესა და ლაგოდეხში. საცხოვრებლები მათ საკუთრებაში გადავა. რამდენი დათანხმდა რაიონებში საცხოვრებლად წასვლას, ამაზე სამინისტროსგან პასუხი ვერ მივიღეთ. თავად დევნილების ნაწილი აცხადებდა, რომ შეთავაზებას არ მიიღებდნენ, რადგან რეგიონებში თავის რჩენის შესაძლებლობა არ აქვთ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ბინების საკუთრებაში გადაცემის პარალელურად, დევნილებს ადგილზეც დაეხმარებიან. მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებს ურიგებენ და დამუშავებაში ეხმარებიან. გარდა ამისა, სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, ხელს შეუწყობენ, რომ საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ.

გამოსახლების ბოლო პროცესმა, წინა გამოსახლებებთან შედარებით, სამ ობიექტზე, მშვიდად ჩაიარა. პოლიციას წინააღმდეგობა 204-ე ბაგა-ბაღში მცხოვრებლებმა გაუწიეს. ისინი შენობაში ჩაიკეტნენ და კარი აჭედეს. საბოლოოდ, სამართალდამცავებმა უკანა შესასვლელიდან შეძლეს შესვლა. დევნილთა გამოსახლების პროცესს თვალს ევროკავშირისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ადევნებდნენ.

კომენტარები