დასვენების სტილში

0 კომენტარი

 კრუიზის, გნებავთ საკურორტო (resort) კოლექციები, განსაკუთრებული ფენომენია. თავიდან ისინი შეძლებული ხალხისთვის იქმნებოდა, რომლებიც ზამთარში თბილ ქვეყნებში დასასვენებლად და სამოგზაუროდ მიდიოდნენ. დღეს, კომფორტულობის გამო, ეს სამოსი მთელი წლის განმავლობაშია პოპულარული. მათი ჩვენება ზაფხულში იმართება და მომავალი წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდის ანონსად იქცევა.

შესაბამისად, მოდური ახლა 2011 წლის კურორტის კოლექციებში წარმოდგენილი სამოსია. 2012 წლის კურორტის მოდა უკვე ორ თვეზე მეტია, პოდიუმებზე ვიხილეთ. აქედან გამომდინარე, უცნაური იქნებოდა დავინტერესებულიყავით მხოლოდ იმით, რაც მოდური უკვე იანვარში გახდა. სინამდვილეში, საქმე არც ისე რთულადაა. 2011-ის საკურორტო მოდის ბევრი ტენდენცია მომავალი წლის მოდას თანხვდება და გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებსაც ეხმიანება. ზაფხული ალბათ წელიწადის ერთადერთი დროა, როდესაც სამი სეზონის ტენდენციები ერთმანეთში ირევა და აქტუალური ხდება.

Gucci
წლევანდელი ცხელი სეზონის მოდაში, ამჯერად, რამდენიმე ძირითადი თემა შეიძლება გამოიყოს:

Voyageur – მოსახერხებელი ტანსაცმელი, დიდი ზომის ჩანთები... ყველამ ვიცით, თუ როგორ იმოსებიან მოგზაურები. თუმცა ამჯერად, ამ ტენდენციას სხვა დატვირთვაც მიენიჭა. 2011 წლის ზაფხულის კოლექციები დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მაშინაც გამოგზაურებთ, თუ თვითმფრინავის ბილეთი არ გაქვთ აღებული. ლუი ვუიტონმა გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში არტ-დეკოსა და ორიენტალისტური ელემენტების სინთეზირებით ჩინური ესთეტიკა გააცოცხლა. მარკ ჯეიკობსმა (რომელიც ვუიტონის სახლისთვის მუშაობს) წლევანდელი საკურორტო კოლექციებით, ქალებს პარიზელი ფრეფის სტილი შესთავაზა, პასტელის ფერებითა და ფრანგულ შარმზე აქცენტით. ტორი ბარჩმა და პრადამ კი არდადეგების გატარება მექსიკურ რივიერაზე ამჯობინეს.

ეგზოტიკის მოყვარულებისთვის გუჩიმ, ელი ტაჰარიმ, მაიკლ კორსმა, ლუი ვუიტონმა ზაფხულის კოლექციებში საფარის სტილი და აფრიკული პრინტი ამჯერადაც მოდურად აქციეს. მამაკაცები დანიშნულების ადგილის შერჩევაში გაცილებით თავისუფლები არიან – მათ შეუძლიათ მოსახერხებელი ფეხსაცმლითა და ელეგანტური casual სამოსით მოგზაურობა ხმელთაშუაზღვისპირეთიდან დაიწყონ და ნებისმიერი მიმართულებით გააგრძელონ. სტივენ ალანის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში დეტალური ინსტრუქცია ვიხილეთ.

Christian Dior
Color blocking – ორი წელი მაინც იქნება, რაც სამოსში რამდენიმე კონტრასტული, ამასთან, შეთავსებადი ფერის გამოყენება, მოდური გახდა. წლევანდელ საგაზაფხულო კოლექციებში თამამი პალიტრა უმეტესად მინიმალისტურ სილუეტებზე ვიხილეთ. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია შემდეგ წელსაც გაგრძელდება. ამას 2012 წლის კურორტის ნარცისო როდრიგესის, დონა კარანის, დაიან ფონ ფურსტენბერგის კოლექციებიც მოწმობს. ფერთა შეხამება თითქოს ნაკლებად თამამი ხდება, თუმცა არქიტექტურული კონსტრუქციის განცდა და გეომეტრიული ფორმები აქტუალურობას კვლავ შეინარჩუნებს.

Minimalism – მინიმალისტური სტილი თბილ სეზონზე კარგ ალტერნატივად იქცა მათთვის, ვისაც ეთნო სიჭრელემ, მაქმანებმა, რთულმა ფორმებმა თავი მოაბეზრა. მოდაში ე.წ. ახალი მინიმალიზმია – რბილი, ქალური სილუეტებით და ფერთა ნაზი პალიტრით. თეთრი ფერის total look-ის პოპულარობამ მინიმალიზმი კიდევ უფრო საგრძნობი გახადა. ყველაზე წარმატებული ნამუშევრები, სტელა მაკარტნის, სელინის მოდის სახლებმა, გაზაფხულის კოლექციებში წარმოადგინეს.

Marc Jacobs
Retro chic – რეტროს სუნთქვა წელს იმ კოლექციებშიც კი იგრძნობა, სადაც წამყვანი მიმართულება ფუტურიზმია. ამასთან, გაზაფხული-ზაფხულის სამოსში სრული მონოპოლია 70-იანებს აქვს მოპოვებული. ფართოტოტებიანი შარვლები, ქალური სილუეტები ივ სენ ლორანის ხელწერით, დიდი ზომის საზაფხულო ქუდები, კომბინეზონები კვლავაც მოდური გახდა. პრადას, დიორის და სხვა მოდის სახლების წყალობით, ტროპიკული რეტრო-სიჭრელისთვის, გარდერობში კვლავ გაჩნდა ადგილი. ყვავილების, პალმების, ხილის ნახატიანი სამოსის შეძენა პრაქტიკული არჩევანი იმის გამოც იქნება, რომ საკურორტო მოდა ამ თემას შემდეგი წლისთვისაც განავრცობს.

Mixed Prints – ზოლიანი კუბოკრულთან, ყვავილით მოჩითული – ზოლიანთან... დიზაინერები სიჭრელისა და მრავალფეროვნების ხასიათზე გასული წლის ზაფხულიდან არიან. საკურორტო, ასევე გაზაფხულის კოლექციებში ამ თემაზე ბევრმა მოდელიორმა იმუშავა. თუმცა, გამბედაობა ყოველთვის წარმატებული შედეგის გარანტია როდია. გემოვნებიანი მაგალითი გვიჩვენა ბალენსიაგამ – 2011 წლის კურორტის, ერდემმა გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში.

louis vuitton
Prints... – წელს, სამოსში ყვავილოვანი ნახატის, დომინანტური ხაზის, გაზაფხულის კოლექციაში პასტელის ფერების და ნაზი ყვავილის პრინტის გამოყენებით, დოლჩე და გაბანამ, მაქსიმალურ ჰაეროვნებას მიაღწია. დიორმა ყვავილს ადგილი სამკაულებშიც მოუძებნა, მარკ ჯეიკობსმა კი ის ქამრებსა და ქალის თავზე მოათავსა.

თუმცა, ზაფხულის დასასრულამდე პოპულარობის პიკზე მაინც ზოლები იქნება. მოდაშია ზოლიანი კაბები, ჩანთები, ღუზის ფორმის სამკაულები, მოკლედ ყველაფერი, რაც საზღვაო სტილთან ასოცირდება. როგორი ბანალურიც უნდა იყოს, მეზღვაურის ჩაცმულობა, ზაფხულის დადგომასთან ერთად კვლავაც აქტუალური გახდა. კიდევ ერთი ნიუანსის გათვალისწინება მოგიწევთ – ამ ზაფხულს შეუმჩნეველი საცურაო კოსტიუმის ჩაცმა ნამდვილი დანაშაული იქნება. მოდური ტენდენციების გავლენით, უპირატესობას ბევრი ჩვენგანი, ალბათ მაღალწელიან ქვედა საცვალს, მთლიან კოსტიუმებსა და ვინტაჟის თემას მიანიჭებს.

Celine

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები