Google+-ს თამაშები დაემატა; ფეისბუქმა თამაშების პლატფორმა განაახლა

დღეიდან გუგლის სოციალურ ქსელ Google+-ს თამაშები დაემატა. ფეისბუქისგან განსხვავებით გუგლის სოციალურ ქსელში თამაშები მომხმარებლის კედელზე არ გამოჩნდება.

“ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს ჩვენ ვაძლევთ საშუალებას აკონტროლოს როდის და როგორ ითამაშებს და ვის გაუზიარებს თამაშის შედეგებს”, — განაცხადა გუგლის ვიცე პრეზიდენტმა ვიჩ გუნდოტრმა.

Google+-ის ინტერფეისს სპეციალურად თამაშებისთვის ახალი მენიუ დაემატა, სადაც თავს იყრის თამაშების ჩამონათვალი და მოწვევები მეგობრებისგან. აქვე მომხმარებელი თვალს მიადევნებს რას თამაშობენ მისი მეგობრები და მიიღებს ინფორმაციას მათი შედეგების შესახებ.

დასაწყისისთვის Google+ მომხმარებლებს 16 თამაშს სთავაზობს - Angry Birds, Bejeweled Blitz, Bubble Island, City of Wonder, Collapse! Blast, Crime City, Diamond Dash, Dragon Age Legends, Dragons of Atlantis, Edge World, Flood-It!, Monster World, Sudoku, Wild Ones, Zombie Lane and Zynga Poker.

გუგლის საპასუხოდ ფეისბუქმა საკუთარი სათამაშო პლატფორმა განაახლა. ახალი ფუნქცია Game Ticker ჩეთის ფანჯარას ალტერნატიულ სიახლეების კედლად აქცევს.Google+-ის სათამაშო მენიუს მსგავსად, მისი საშუალებით მომხმარებელი თვალს მიადევნებს რას თამაშობენ მისი მეგობრები, შეიტყობს მათი შედეგების შესახებ და აკონტროლებს მოწვევებს. მომხმარებელი თავად გადაწყვეტს რომელი თამაშები გამოჩნდეს ალტერნატიულ კედელზე. გარდა ამისა, განახლებული პლატფორმა სოციალური თამაშების მოყვარულებს უფრო დიდ სათამაშო ეკრანს და თამაშების ჩანიშვნის ფუნქციას სთავაზობს, რაც საყვარელი თამაშების მიგნებას უფრო კომფორტულს გახდის

კომენტარები