სამამულო სექსი

მხატვრულ ფილმ „ჭამა და სექსის” გადაღებისა და ქართულ კინოთეატრებში მისი გარკვეული წარმატებებით ჩვენების შემდეგ, მომეცა ერთგვარი მორალური უფლება, რაც მყისიერად გადაიზარდა რეალურ შესაძლებლობებში, ექსპერტული რიხითა და ალბათ, სულ მცირე, მეოთხე რეინკარნაციაში მცხოვრებისთვის დამახასიათებელ უკიდეგანო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვისაუბრო ჩვენი, ქართული ყოფიერებისა და პირად ურთიერთობათა კულტურის საკითხებზე. ნუ, მოკლედ რომ ვთქვათ, სამამულო სექსზე.

აქვე აღვნიშნავ, რომ სიტყვა „ექსპერტი” ზემოთაც ირონიული ინტონაციითაა დაწერილი – რადგან ექსპერტი არ ვარ. და ამიტომაც მთელი ეს ჩემი ნააზრევი, აბსოლუტურად მოკლებული იქნება, კარგა ხნის წინ მკვდარი თუ ცხოვრებაშივე აღიარებამოსწრებული, გამოჩენილი ბიჭებისა და გოგოების ციტატებს. მას მხოლოდ და მხოლოდ ერთი დაკვირვებული კაცის პირადი დაკვირვებებისა და ლოგიკური დასკვნების, მისსავე კომპლექსებისა და ბავშვობის შიშების პრიზმაში გატარების შედეგად მიღებულ, უკიდურესად სუბიექტურ ნაბოდვარზე ექნება პრეტენზია. იმედი მაქვს, მაინც საინტერესო და სასეირო წასაკითხი გამოვა და იქნებ ორიოდ სულელური ტაბუს დარღვევაშიც მიეხმაროს ორიოდ, ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელ ადამიანს – ყოველ შემთხვევაში, ამ კაცის, ანუ ჩემი სურვილი ასეთია – არავითარი მეცნიერული კვლევა, მხოლოდ ხარისხიანი ბულვარული საკითხავი!

სულ რაღაც ოცდაათიოდე წლის წინანდელი ანეკდოტი, საშუალო-სტატისტიკური ქართველი კაცის ოცნებას ასე აღწერდა – როკფელერის ფული მომცა, ალენ დელონის გარეგნობა და ჩემი გაგება!!
„გაგება”, ანუ მეოცე საუკუნის ქართველი მამაკაცის ერთგვარი „სამოქალაქო მრწამსი”, გამოიხატებოდა სამ უდიდეს ავტორიტეტულ წყაროზე დაყრდნობით – ნაწარმოებით სამი ცხოვრებისეული კანონის ერთობ ეკლექტური გაერთიანებით: 

1. რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის” პათოსის უკიდურესად ეგოისტური ინტერპრეტაცია – ძმაკაცი მტყუანიც რომ იყოს, მაინც ბოლომდე გვერდში უნდა დაუდგე! 

2. სახარების ათიდან ერთი მცნების ფორმით დაგრძელებული, შინაარსით კი შეკვეცილი ფორმულა – არა იმრუშო კაი ბიჭის დასთან!

და 3. უცნობი კანონიერი ქურდის ბიჰევიორისტული ანდერძი – კაცი თუ ხარ, შენი სიმართლე ლომის გალიაშიც უნდა გაიტანო!!

მას შემდეგ, ოცდაათი წელი კი გავიდა, რაც ერთი თაობის გამოცვლას უდრის რომელიღაც სოციალურ-მათემატიკურ მეცნიერებაში. თუმცა, თუ დავაკვირდებით, ჩვენს მენტალობაში რადიკალურად ბევრი არაფერი შეცვლილა, რადგანაც დღეისათვის იმ „გაგების” ხალხი დაღვინდა, დაკაცდა. მართალია, ცოტა ფული და თავგადასავლები შემოაკლდა, მაგრამ ჭაღარა და დამაჯერებლობა მოემატა და ახლა ამ ღირებულებებით ზრდის შვილებს, მომავალ თაობას. ამიტომაც, მოდით ამ ყველაფერს სულ ოდნავ ღრმად ჩავუკვირდეთ, ისე, ბულვარულად და არა მეცნიერულად.

თვალის ერთი შევლებითაც ნათლად ჩანს, რომ ლომების შეუპოვარი და ძმაკაცებზე თანგადაყოლილი ქართველისთვის, სექსი ქალის შეურაცხმყოფელი აქტია, რომელიც კაი ბიჭის დას არ უნდა აკადრო. რომც შევეცადოთ, გავუგოთ მას ამაში – რადგან საკუთრივ სიტყვა „სექსის” ქართულ-მამაპაპური შესატყვისის ეტიმოლოგიაც, როგორც ამბობენ, სიტყვა „დატყვევებიდან” ანუ თავისუფლებისა და ნების შეზღუდვიდან მომდინარეობს და ერთგვარ ძალდატანებით აქტად მოიაზრება – იმას რაღა ვუყოთ, რომ მაინც ნათელია – კაი ბიჭის დისთვის სექსის არკადრებაც არათუ ზოგადად ქალების, არამედ კონკრეტული ქალის პირადი ღირსებებიდან გამომდინარე პატივისცემითაც კი არ არის ნაკარნახევი. და მხოლოდ ნახევრადმითოსური კრებითი ინდივიდის, „კაი ბიჭის” მიმართ მოწიწებას გამოხატავს, ეს „კაი ბიჭი” კი სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი მეს პროექცია უფრო დიდკუნთებიან მამრში.

სხვა გზა არ არის, უნდა ვაღიაროთ, რომ დღესაც კი, ქართული სქესთაშორისი ურთიერთობის კულტურა, იმდენად სექსისტურ-დისკრიმინაციულია, მართლა შეიძლება გაგიჩნდეს ეჭვი, რომ ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში ამოხეთქილი გენიალური წინასწარმეტყველება – „ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია”, ბაგრატიონთა ერთ-ერთი შტოს ლოკალური პოლიტიკური მესიჯი იყო ძალაუფლებისთვის ბრძოლის საქმეში და არა გლობალური ახალი სიბრძნე, რომლის ღირსეულ ექოდაც მოჩანს თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში, არა უბრალოდ დეკლარირებული, არამედ ძირეულად დანერგილი და განხორციელებული გენდერული თანასწორობა. რამდენიც უნდა იყვირონ ტაშ-პატრიოტ-ურა-ისტორიოფილებმა, მე მაინც ჯიუტად და პრინციპულად დავრჩები ამ პოზიციაზე, სანამ ყველა ქართველ ქალს არ ექნება საკუთარ სარეცელზე რეალიზებული უფლება – ისარგებლოს ყველაზე ეფექტური და ქმედითი ანტიდეპრესანტით დღევანდელ, სტრესებით სავსე ცხოვრებაში – გაგიკვირდებათ და, ორგაზმი კაცების ექსკლუზივი არ არის!

ლათინოამერიკული სერიალების არაადეკვატურად მაღალი სატელევიზიო რეიტინგი ცხადჰყოფს, რომ მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ თეთრეულისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანები, სამზარეულოს კომბაინები, ათასგვარი ბლენდერები და მტვერსასრუტები მოიგონა და სკოლები და საბავშვო ბაღებიც მთელ პლანეტაზე მასობრივად გაიხსნა, ქალებს უზარმაზარი თავისუფალი დრო გამოუჩნდათ. ველური კაპიტალიზმი კი ადამიანის თავისუფალი დროის მატერიალურ სიკეთეებად გარდაქმნის ავტომატია. ქალებს შესაძლებლობა მიეცათ მიიღონ განათლება, დაეუფლონ პროფესიას და  ეკონომიკურად დამოუკიდებელნი გახდნენ. ასეთი დამოუკიდებლობა, ადამიანის თავისუფლებისკენ ბუნებრივად მისწრაფებასთან ერთად, ქმნის ახალ რეალობას, სადაც გენდერული თანასწორობა არა კაცების მიერ ქალებისთვის დიდსულოვნად ნაბოძები სარვამარტო საჩუქარია, არამედ საყოველთაოდ მომგებიანი ორმხრივი ეკონომიკური გარიგება. ეკონომიკურ გარიგებაში კი არქაული დემაგოგია ნეკნებზე და ანტონოვკაზე აღარ მუშაობს. 

შესაბამისად, საჭიროა, მოიძებნოს რაციონალური პასუხი ქალების სამართლიან შეკითხვაზე, რატომ უნდა იყოს ის გათხოვებამდე ქალიშვილი, თუ ვაჟს იმავე აქტამდე ვაჟიშვილობა არ მოეთხოვება. შეგახსენებთ, რომ დეენემის ანალიზის პროცედურის აღმოჩენა, მანამდე არსებულ ერთადერთ ასეთს (იგულისხმება – რაციონალურ პასუხს) – რომ ქალმა ყოველთვის ზუსტად იცის, მისი ნაშობი შვილი ნამდვილად მისია, კაცს კი ამის დამადასტურებელი უტყუარი ლოგიკური საბუთი არ აქვს, რამაც მომავალში, შესაძლოა, მემკვიდრეობითობის გადანაწილების სამართლიანობის შესახებ უპასუხო კითხვები დატოვოს – აზრს უკარგავს. ამ ცალმხრივი შეზღუდვის ჩვენი ტრადიციული რწმენითა და რელიგიური მოტივებით ახსნა კი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ამაზრზენად უტიფარი ტყუილი და „არა იმრუშო” მცნების უკიდურესად ცალმხრივი აღქმაა, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მირიან მეფემდე ქალიშვილობის ინსტიტუტი საქართველოში არც კი არსებობდა. თითქოს მესამე საუკუნემდე, ქართველი ასულები ყოველ პარასკევსა და შაბათს მთელი ღამე დისკოთეკებზე დაცეკვაობდნენ და წითელი ღვინით შემთვრალ-აღგზნებულები, იქვე გაცნობილ ვაჟებს, ტაიჭებზე შემოუსხდებოდნენ ხოლმე კუს ტბაზე „ასასეირნებლად”! – გამოსავალი მარტივი და ცალსახაა, თუ არ გინდა რომ ვეცეკვო ზაზას, ნურც შენ ეცეკვები კატიას და ნათიას! ბუნებრივია, ასეთი შეზღუდვა გაზრდის სქესობრივი მომწიფების ასაკში შექმნილი ოჯახების რაოდენობას – რაც ცალკე ტრაგედიაა. მაგრამ მადლობა ღმერთს – ეს ერთხელ უკვე გავლილია გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ იმავე შეცდომას საზოგადოება, მაპატიეთ უნებური კალამბურისთვის და, აღარც დაუშვებს, და აღარც დაუშვებს! ხოლო იმაზე, რომ ეს მართლა ტრაგედიაა, რომელიც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შემდგომში არაპოზიტიურ სოციალურ სტატისტიკაშიც აისახება ხოლმე, მოდით ახლა ნუ ვიკამათებთ – თქვენ რა, მართლა გჯერათ, რომ 15 წლის ბავშვებს მასობრივად აქვთ უნარი, ზუსტად გამოიცნონ, ვისთან ერთად უნდათ მთეეეელი დარჩენილი ცხოვრების გატარება? თან ისე, რომ წარმოდგენაც კი არა აქვთ, რა პროფესიისაა, ან იქნება ეს ადამიანი, რამდენად შემოსავლიანი სამსახური ექნება, რა დატვირთვითა და გრაფიკით იმუშავებს, რამდენად ხშირად მოუწევს სხვა ქალაქში შვებულებაში წასვლა, ან თუნდაც, რამსიმაღლე გაიზრდება?!

ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია, თუ ნათია ჯერ ეცეკვება ზაზას, მერე გოგას, მერე მანუჩარს, ზაზა შორენას, შორენა ნიკოს, ნიკო ნათიას, და მერე, როცა ამისთვის მზად იქნებიან, აირჩევენ, ვისთან უნდათ ცეკვა მთელი ცხოვრება – იმიტომ, რომ პირად ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ხელოვნებაში, მუშაობს პრინციპი – რა მთავარია თავისუფლება! თავისუფლება კი, ჩემი აზრით, სხვა არაფერია, თუ არა არჩევანის ალტერნატივათა მრავალფეროვნება ამომრჩევლის მინიმალური კომპეტენციის პირობებში საკითხზე – რა სჯობია მისთვის – გაგანია თეისტების გასაგონად კი დავძენ, რომ ამ ჩვენს დალოცვილ მრწამსში, მონანიების უფლებას არავინ არავის ართმევს!

განსაკუთრებულად დახვეწილ და სათუთ ადამიანებს, შესაძლოა, ეს წერილი საკმაოდ სწორხაზოვნად მოეჩვენოთ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისშიც აღვნიშნე –  მე ექსპერტი არ ვარ, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, მათებრ სწორხაზოვნად აზროვნება არ შემეძლოს – არც მწვადისა და არც შამფურის დაწვას კი, მირჩევნია, ინსპირაციის წყაროდ, ერთი ძველი საბჭოთა აფორიზმი ავირჩიო: უტიფარი დილეტანტი ტანკზე უარესიაო! 

კომენტარები