რუანდა ლიბერალური ეკონომიკის გზაზე

რუანდამ ბიზნესის გამარტივების კუთხით საქართველოს რჩევები და გამოცდილება გაიზიარა და პირველი დადებითი შედეგებიც მიიღო.

რუანდა ცენტრალურ-აღმოსავლეთ აფრიკაში, ეკვატორის მახლობლად მდებარეობს. საქართველოს მსგავსად, აქაც საპრეზიდენტო მმართველობაა. ეკონომიკის წამყვან დარგად სოფლის მეურნეობა ითვლება, თუმცა უხვმოსავლიანობით არ გამოირჩევა – ფერმერებს იმდენი მოსავალი მოჰყავთ, რომ საკუთარი ოჯახების რჩენა შეძლონ. ბოლო წლებში, რუანდა ტურიზმის პოტენციალის ათვისებით დაინტერესდა და ამ მიმართულებით მთავრობა აქტიურად მუშაობს. ქვეყანა ჯერ გერმანიის, შემდგომ ბელგიის კოლონია იყო. გადაიტანა სამოქალაქო ომები და 1994 წლის გენოციდი, რომლის დროსაც ერთმა ეთნიკურმა ჯგუფმა (ჰუტუ) ამოწყვიტა მეორე (ტუტსი). ამ წელს სავარაუდოდ მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. სამოქალაქო ომების შემდეგ, რუანდამ სწრაფი განვითარება დაიწყო. 1994 წელთან შედარებით, 2011 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 3-ჯერ გაიზარდა.

რუანდას საქართველოს ნდობის მიზეზი აქვს: ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბანკის, Kigali-ის თავმჯდომარე, 2009 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიბერთი ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ლადო გურგენიძეა. ბანკი, გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საკუთარ სტაბილურ ზრდასა და გაფართოებას, პირველ რიგში, სწორედ ორგანიზებულ და ეფექტიან მენეჯმენტს მიაწერს.

მსოფლიო ბანკის მიერ შედგენილი ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგის მიხედვით, რუანდა 2010 წელს პირველ რეფორმატორ ქვეყნად აღიარეს. ამ წელს ქვეყანამ 2008 წელთან შედარებით, 1.1-ჯერ შეამცირა გადასახადების ადმინისტრირების, ხოლო 7-ჯერ მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის მიღების დრო. ამასთან, გაანახევრა სტანდარტული კონტეინერის ექსპორტ-იმპორტის პროცედურები.

2011 წელს რუანდას პირველობა საქართველომ ჩამოართვა – მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, რეფორმების სტაბილურობით აჯობა: საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი რეფორმა გაატარა და რეიტინგში საკუთარი შედეგები წლიდან წლამდე გააუმჯობესა.

ქონების დარეგისტრირებისა და საერთაშორისო ვაჭრობაზე ბიუროკრატიის ტვირთის ინოვაციური და ეფექტიანი შემცირების გამო, საქართველო ე.წ. good practice ანუ სხვა ქვეყნებისთვის სანიმუშო მაგალითია. ქონების დარეგისტრირების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-2 ადგილზე და 181 ქვეყანაზე წინაა. საერთაშორისო ვაჭრობის მიხედვით კი – 35-ე ადგილზეა და 148 ქვეყანას უსწრებს. საქართველო მშენებლობის ნებართვების გაცემისა და ბიზნესის დაწყების სიადვილის მიხედვით მსოფლიო ათეულში შედის; ხოლო კრედიტზე ხელმისაწვდომობისა და ინვესტორთა დაცვის მიხედვით – მსოფლიო ოცეულში.

ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში, მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის, საქართველო მე-12, ხოლო რუანდა – 58-ე ადგილზე არიან. რეიტინგში კარგი პოზიცია პრაქტიკაშიც შესაბამისად ითარგმნება – მაგალითად, ბიზნესს ქონების დარეგისტრირება საქართველოში 4-ჯერ ნაკლები დაუჯდება, ვიდრე შვეიცარიაში; 5-ჯერ ნაკლები, ვიდრე აშშ-ში; 18-ჯერ ნაკლები, ვიდრე კანადაში; 61-ჯერ ნაკლები, ვიდრე საფრანგეთში.

დერეგულირების ქართული მოდელის მიხედვით, სახელმწიფო რეგულირება კერძო სექტორს როგორც მატერიალური, ისე დროის თვალსაზრისით, ტვირთად არ უნდა დააწვეს. რეფორმირების პირველ ეტაპზე, პოტენციური შედეგები ფასდება და როცა ეს შესაძლებელია, მათი მონეტიზაცია ანუ ფულად ერთეულში დათვლა ხდება. ბიზნესგარემოს რეფორმები ხორციელდება ერთობლივად, დროში შემჭიდროებულად, აგრესიულად და კომპლექსური ხედვის მიხედვით, რომელიც, თავის მხრივ, მუშავდება როგორც მსოფლიოს საუკეთესო მოდელების, ასევე ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებით. რეფორმირების პროცესი სხვადასხვა სექტორს ერთდროულად ეხება – ამარტივებს და ხშირ შემთხვევაში აუქმებს რეგულაციებს, ამცირებს სხვადასხვა დოკუმენტების მოთხოვნებს, ამარტივებს და გამჭვირვალეს ხდის კანონმდებლობას.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ძალიან ცოტაა ქვეყანა, რომელიც რეფორმირების კურსს სტაბილურად განაგრძობს. საქართველოს მსგავსად, ამ სიაში მოხვედრა სურს რუანდასაც.

2011 წლის დასაწყისში რუანდის მთავრობას რეკომენდაციები საქართველოს მხარემ მიაწოდა. რეკომენდაციები ძირითადად შეეხო ბიზნესის წამოწყების, ქონების რეგისტრაციის, ექსპორტ-იმპორტის, ბიზნესის ლიკვიდაციისა და სამშენებლო ნებართვის რეგულაციებს. „რუანდის ბიზნესრეგულაციების განხილვის შემდგომ, მათ ვურჩიეთ ერთი სარკმლის პრინციპის დანერგვა; თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება; რეგულაციების, პროცედურების და კანონმდებლობის გამარტივება და სრულყოფა”, – ამბობს თავისუფალი უნივერსიტეტის თანამშრომელი, პოლიტიკის ანალიტიკოსი დავით ლელაშვილი, რომელიც ამ რეკომენდაციების ერთ-ერთი ავტორია.

რუანდის მთავრობამ საქართველოს გამოცდილების დანერგვა რეკომენდაციების მიღებიდან უმოკლეს დროში დაიწყო და ოთხი ფუნდამენტური რეფორმა გაატარა: გაამარტივა ბიზნესის დაწყება, სამშენებლო ნებართვების მიღების პროცედურები, ქონების რეგისტრაცია და საზღვრებს გარეთ ვაჭრობა.

საქართველოს რეკომენდაციების შესაბამისად, რუანდის მთავრობამ დანერგა ბიზნესის ონლაინრეგისტრაციის რეჟიმი, ხოლო ჩვეულებრივი რეგისტრაციის საფასური გაანახევრა; გააუქმა ქონების დარეგისტრირებისთვის სავალდებულო ნოტარიზებისა და საგადასახადო დავალიანების არქონის სერტიფიკატის აუცილებელი მოთხოვნები, რამაც კერძო სექტორს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა; გაანახევრა სამშენებლო ნებართვის მისაღებად აუცილებელი პროცედურები და დანერგა ერთი სარკმლის პრინციპი, რამაც საგრძნობლად გაამარტივა დენის, წყლის და ტელეფონის მიერთება; სამჯერ შეამცირა განბაჟებისთვის აუცილებელი დოკუმენტების რაოდენობა.

რუანდის განვითარების საბჭოს მიერ აფრიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რეფორმებმა პირველი დადებითი შედეგები უკვე მოიტანა. ექსპორტ-იმპორტის პროცედურების გამარტივების შედეგად, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 130%-ით, ხოლო იმპორტი – 24%-ით გაიზარდა. 150%-ით გაიზარდა საინვესტიციო პროექტების რაოდენობა, რის შედეგადაც შრომით ბაზარზე 3 576 ახალი პოტენციური სამუშაო ადგილი გაჩნდა. ამ პროექტების 23.3% უცხოური ინვესტიციაა. რუანდა უკვე რამდენიმე წელია ცდილობს უკან ჩამოიტოვოს უგანდა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით რეგიონში ლიდერია. როგორც ჩანს, დერეგულაციის ქართული რეცეპტი მას ამ მიზნის მიღწევაშიც დაეხმარება.

კომენტარები