რაიან გიგზის მორიგი რეკორდები

REUTERS
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის პირველი ტურის მეორე დღე ერთი ფეხბურთელის 3 რეკორდით აღინიშნა - ლისაბონის ბენფიკას და მანჩესტერ იუნაიტედის შეხვედრაში გოლი გაიტანა ინგლისელთა უელსელმა ლეგიონერმა, 37 წლის და 289 დღის რაიან გიგზმა. ის ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეგოლეა - ბრიტანელმა მილანის ინტერის არგენტინელი კაპიტნის, ხავიერ ძანეტის მიღწევა - 37 წელი, 71 დღე - გააუმჯობესა! გიგზი კიდევ ორი, არანაკლებ ფასეული მიღწევის ავტორიც შეიქნა: მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი, რომელმაც მეთვრამეტედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში და ასევე პირველი, რომელმაც ლიგის 16 სხვადასხვა სეზონში მოახერხა გოლის გატანა!

რაიანგ გიგზმა, რომელიც გულშემატკივრებმა წლის დასაწყისში მანჩესტერ იუნაიტედის ყველა დროის უდიდეს ფეხბურთელად დაასახელეს, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო - 1999 და 2008 წლებში, 2009 და 2011 წლებში კი მისი გუნდი ფინალში დამარცხდა.

საერთო ჯამში გიგზმა ჩემპიონთა ლიგაში 138 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მასზე მეტჯერ ლიგაში მხოლოდ ესპანელ რაულს (144) და იტალიელ პაოლო მალდინის (140) უთამაშიათ. დიდი შანსია უელსელმა ამ სეზონშივე გადაინაცვლოს პირველ ადგილზე: რაული ევროპის ლიგაზე თამაშობს, პაოლო მალდინიმ კი რამდენიმე წლის წინ დაასრულა კარიერა.

კომენტარები