კაცი მოდის კუნძულიდან

მისი ცნობა იმ ადამიანებსაც კი შეუძლიათ, რომლებსაც მოდის სამყაროსთან არათუ არაფერი აკავშირებთ – სრულიადაც ვერ ერკვევიან მასში. ალბათ რთულია გაიხსენო თანამედროვეობის უფრო აღიარებული და გავლენიანი დიზაინერი. გარკვეულ როლს აქ მისი კოლორიტული გარეგნობაც ითამაშებს: უკან გადაწეული გრძელი, თეთრი თმა და მუქი ფერის სათვალე. ეს უკანასკნელი ამ ადამიანის მუდამ დაღლილი თვალების შესანიღბად უფროა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ის დღეში ოც საათს მუშაობს და თითქმის არასოდეს ისვენებს – ხატავს ესკიზებს, კითხულობს, ქმნის სუნამოებს, გამოსცემს წიგნებს, იღებს ფოტოებსა და ფილმებს...


ამბობს, რომ ინტელექტუალის იმიჯი არ სჭირდება, რადგან მოდის სფეროს ეკუთვნის. მიუხედავად ამისა, თავისუფლად საუბრობს გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე. იმდენად მრავლისმომცველია მისი განათლება, რთულია დაიჯერო მოარული ხმები იმის შესახებ, რომ სკოლა არ უყვარდა. შესაძლოა, ეს  არისტოკრატული წარმოშობის დამსახურება იყოს, უფრო კი, რა თქმა უნდა, წიგნების მიმართ მანიაკალური სიყვარულის. კარლ ლაგერფელდის წიგნების კოლექციას ნებისმიერი ბიბლიოთეკა ინატრებდა. თუმცა კითხვაზე მეტად, მას ადრეულ ასაკშივე გაუჩნდა უფრო ძლიერი გატაცება – დიზაინერული ხელოვნება. თექვსმეტი წლის გახლდათ, როცა პარიზში დიზაინერების კონკურსში გაიმარჯვა, პირველი ადგილი ივ სენ ლორანთან ერთად გაიყო და თავად პიერ ბალმენის ასისტენტი გახდა. სწორედ აქედან დაიწყო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერის თავბრუდამხვევი კარიერა. 

ხანდახან ხდება, რომ მოდის სამყაროში წარმატებას მოულოდნელი, ექსტრავაგანტური სარჩული აქვს. კარლ ლაგერფელდზე ამას ნამდვილად ვერ იტყვი – ამ ხელოვანმა ყველაფერს თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიაღწია. თვალსაჩინოებისთვის მოდის იმ სახლების თუ კომპანიების გახსენებაც იკმარებს, რომლებისთვისაც ლაგერფელდს კოლექციები აქვს შექმნილი: Jean Patou, Valentino, Chloe, Krizia, Fendi, H&M… ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია, მასში კი მთავარი ადგილი, რა თქმა უნდა, შანელის სახლს უკავია. სწორედ შანელის მემკვიდრეობის ჩაბარება გახდა დიზაინერის საყოველთაო ცნობადობის და აღიარების საფუძველი. 

შანელის ბრენდის მფლობელები კოკოს სიკვდილის შემდეგ დიდხანს ეძებდნენ ადამიანს, რომელიც მას შეცვლიდა. მხოლოდ ღირსეული კანდიდატი საკმარისი არ იყო, რადგან მთავარ წინაპირობას შანელის სტილის ავთენტურობის დაცვა წარმოადგენდა. ყველა, ვინც ბედი სცადა, ძლიერი ინდივიდუალისტური ხელწერით აღმოჩნდა დაჯილდოებული. თერთმეტი წლის უშედეგო ძიების შემდეგ, არჩევანი საბოლოოდ კარლ ლაგერფელდზე შეჩერდა, რომელმაც ერთი შეხედვით შეუძლებელი მოახერხა – კოკო შანელის რეინკარნაცია სამოსში ისე, რომ არ დაერღვია ლეგენდარული დიზაინერის მთავარი პრინციპები და მისი სტილისთვის თანამედროვე, აქტუალური ინტერპრეტაცია მიეცა.

თუმცა მოდის სამყაროში მხოლოდ ლეგენდები არსებობს, ავტორიტეტები კი – ნაკლებად. კოკო შანელის აქსიომები სტილის შესახებ, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში ქალები ათი მცნებასავით იცავდნენ, უკვე აღარც ისეთი გავლენიანია. რა უცნაურადაც უნდა მოეჩვენოს ვინმეს, ამაში კარლ ლაგერფელდსაც თავისი წვლილი შეაქვს. გასულ წელს მან კონფერენციაზე Luxury Heritage განაცხადა, რომ კოკო შანელის გავლენასა და ავტორიტეტს ზედმეტად აფასებენ, რაც არასწორია. ლაგერფელდმა კოკოს ორ მთავარ და დიდ შეცდომაზე – მოკლე კაბებისა და ჯინსის უგულებელყოფაზე ისაუბრა. კარლის აზრით, მოდის უკანასკნელი ტენდენციებისთვის გვერდის ავლა დაუშვებელია. მან ერთხელ თქვა, რომ სილამაზე დროსთან მჭიდრო კავშირშია და მისი სტანდარტიც ამ უკანასკნელთან ერთად იცვლება – ის, რაც სილამაზის ეტალონი იყო გასულ საუკუნეში, დღეს სრულყოფილების ნიმუში არ არის. 

მოდის კრიტიკოსებისგან თუ მყიდველებისგან არცთუ იშვიათი მოვლენაა შანელის ბოლო კოლექციების ნეგატიური შეფასება. ხანდახან ეს უკანასკნელი იმდენად აგდებული შეიძლება იყოს, რომ კომენტარი ფრანგულ სლენგზე კეთდება, შემდეგ კი ავტორი თარჯიმანს სთხოვს, ის ყველასთვის გასაგებად არ ითარგმნოს. მაგრამ თუ მოდის კულუარებში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვეულებრივი მყიდველისთვის შანელის პროდუქტი დღესაც ერთ-ერთ ყველაზე სასურველად რჩება. 

რამდენად ნოვატორული და თანამედროვეა ლაგერფელდის შემოქმედება, ამის შეფასება მოდის თაყვანისმცემლებს იოლად შეუძლიათ. ეს ის საკითხია, რომელიც არ შეიძლება ხანგრძლივი დავის საგნად გადაიქცეს – თუ ფენდისთვის შექმნილ კოლექციებში თითქმის ყოველთვის შეიძლება რაღაც ახლის აღმოჩენა, შანელის ჩვენებებზე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ატარებს მოკლე კაბასაც და ჯინსსაც, მისი სტილი მაინც უცვლელი რჩება. „შანელის ელემენტებთან ისე ვთამაშობ, როგორც მუსიკოსი ნოტებთან. როცა ღირსეული მუსიკოსი ხარ, უკვე შექმნილ მუსიკას აღარ გაიმეორებ”, – ამბობს ლაგერფელდი. და მაინც, მაღალი მოდის კვირეულისთვის შექმნილი შემოდგომის კოლექცია ჩვეულებრივზე უფრო კონსერვატორული გამოვიდა. პრეტ-ა-პორტე დეკადანტურ, პირქუშ ესთეტიკას გვთავაზობს – გრანჟისა და შანელის სტილის სინთეზმა საკმაოდ ორიგინალური, პოსტაპოკალიფსური განწყობა შექმნა, ხოლო უნისექსის ელემენტებმა ლაგერფელდის ნამუშევარს განსხვავებული ელფერი შესძინა. ცალკე, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია წინასაშემოდგომო, Metier d'Arts შოუ, როდესაც ლაგერფელდმა პარიზი-ბიზანტიის კოლექცია და ძველ ბიზანტიურ მოტივებზე შექმნილი ხელნაკეთი ხელოვნების უმშვენიერესი ნიმუშები წარმოადგინა.

ორიოდე დღის წინ მას სამოცდათვრამეტი წელი შეუსრულდა... ან სამოცდაცამეტი. დღემდე გაურკვეველია, რომელია მისი დაბადების წელი – 1938 თუ 1933. როგორც უნდა იყოს, ამ ხნის განმავლობაში კარლმა მოასწრო ყველაფრის მიღწევა, რაზეც შეიძლება დიზაინერმა იოცნებოს. თუმცა, ყველაფრის ალბათ არა. მისი უკანასკნელი ახირება მოდის ელიტისთვის ცალკე კუნძულის შექმნაა. Isla Moda – ასე ერქმევა ადგილს, რომელიც ლაგერფელდის დიზაინით დუბაის სანაპიროდან 20 კილომეტრის დაშორებით სამიოდე წელიწადში შეიქმნება. იდეა უცნაურია, თუმცა გასაგები – როცა უკვე მიუძღვენი მოდას მთავარი, რაც გაგაჩნდა, ისღა დაგრჩენია, კუნძულის გამოგონება დაიწყო. 
 

კომენტარები