ჯუჯა აღიარება

წყნარი ოკეანის სახელმწიფო ტუვალუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. ამის შესახებ ცნობა, სოხუმისა და ცხინვალის მთავრობებმა, 23 სექტემბერს გაავრცელეს.

წყნარი ოკეანის ცენტრალური ნაწილის კუნძულოვანი სახელმწიფო ტუვალუ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა – მისი საერთო ფართობი 26 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა – 12 ათასი. ის მეხუთე სახელმწიფო გახდა რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუისა და ნაურუს შემდეგ, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა ცნო. წელს წყნარი ოკეანის კიდევ ერთმა ქვეყანამ – ვანუატუმ, ჯერ განაცხადა აფხაზეთის აღიარების შესახებ, თუმცა, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა.

პირველმა, რუსეთის მაგალითს 2008 წლის სექტემბერში ნიკარაგუამ მიბაძა. WikiLeaks-ის მასალების თანახმად, აღიარების საფასურად მან მოსკოვისგან 130 საქალაქო ავტობუსი და პრეზიდენტისთვის სამხედრო ვერტმფრენი მიიღო. ვენესუელას კი, ამის სანაცვლოდ, რუსეთმა შეიარაღების შესყიდვაზე 2 მილიარდი დოლარის ოდენობის შეღავათიანი კრედიტი გამოუყო. 2009 წლის დეკემბერში ამ ქვეყნებს წყნარი ოკეანის ჯუჯა სახელმწიფო ნაურუ შეუერთდა, რომელმაც აღიარებისთვის 50 მილიონი დოლარი მიიღო.

ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოსკოვის აქტიურობის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ ამ რეგიონში ქმედით ზომებს მიმართა. 2010 წელს საქართველოს პრეზიდენტი კოლუმბიასა და კოსტა-რიკას, მიმდინარე წლის ზაფხულში კი პერუს ეწვია.

გარდა ამისა, თბილისი რეგიონის ქვეყნებზე ზეგავლენის მოსახდენად დახმარებას აშშ-ს სთხოვდა. WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად, აშშ სიტუაციაში აქტიურად ერეოდა. 2010 წლის იანვარში, ვაშინგტონის ზეწოლის წყალობით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება ეკვადორმა გადაიფიქრა.

თბილისი წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების დამყარებასაც ცდილობდა. 2009 წელს, საქართველომ ტუვალუს 12 ათასი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარება გაუწია. ამავე წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ტუვალუმ მხარი დაუჭირა რეზოლუციას ქართველი დევნილების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების თაობაზე.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საბოლოოდ ამ ქვეყნის მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო. წყნარი ოკეანის ჯუჯა სახელმწიფოები რუსული დიპლომატიის „გამარჯვებების” ადგილად და ქართული დიპლომატიის სუსტ რგოლად იქცა. მით უმეტეს, რომ აღიარებებით ვაჭრობა მათი შემოსავლის ტრადიციული წყაროა, რასაც ტაივანიც აქტიურად იყენებს.

კომენტარები