Life in Transition საქართველოში

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა კვლევის Life in Transition შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო ბანკთან ერთად 2010 წელს ჩაატარა. საქართველო ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფ სხვა ქვეყნებს შორის დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობით, საჯარო სამსახურის ხარისხიანი სერვისითა და კორუფციის დაბალი დონით გამოირჩევა.

კვლევა – Life in Transition – პირველად 2006 წელს ჩატარდა. მის ფარგლებში 27 პოსტსოციალისტურ ქვეყანაში და ასევე თურქეთში, ყოველწლიურად 29 ათასი ადამიანი გამოიკითხება.

კვლევის მიზანია დაადგინოს – ქვეყნების გარდამავალ პერიოდში ყოფნის გავლენა ადამიანების პირად და პროფესიულ ცხოვრებაზე. ასევე – თუ როგორ აისახება ტრანზიტული პერიოდი პოლიტიკური რეფორმების, ეკონომიკისა და მომავლის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებებზე.
ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, საჯარო მომსახურების სერვისით კმაყოფილების მხრივ, გამოკითხულ ქვეყნებს შორის, საქართველო ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. მისი შედეგები დასავლეთევროპულ მონაცემებს არ ჩამოუვარდება. ოფიციალური დოკუმენტების სერვისით საქართველოში რესპონდენტთა 92 პროცენტია კმაყოფილი, რაც დასავლეთ ევროპის საშუალო მონაცემს 12 პროცენტით აღემატება და გამოკითხულ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია. 2006 წლიდან ეს მაჩვენებელი 33%-ით გაიზარდა. საპატრულო პოლიციის სერვისით კმაყოფილება საქართველოში ყველაზე მაღალია, ამ მაჩვენებელმა 4%-ით მოიმატა და 75%-ს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით თვალსაჩინო კორუფციის დონის დაწევაა – საქართველოში გამოკითხულთა 78% აცხადებს, რომ კორუფციის დონემ ბოლო 4 წლის მანძილზე დაიკლო. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გამოკითხულ ქვეყანათა შორის. მონაცემი ემთხვევა საერთაშორისო გამჭვირვალობის „გლობალური კორუფციის ბარომეტრის” ბოლო კვლევის შედეგებს. საქართველო ქრთამის მიცემის გამოცდილებასა და მექრთამეობის აღქმასთან დაკავშირებული მონაცემებითაც გამოირჩევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა ტრანზიტულ სახელმწიფოებს შორის ლიდერობს და დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საფრანგეთისა და შვედეთის გვერდით დგას.

კვლევის თანახმად, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობა მაღალია. საქართველოს მოსახლეობის მიერ პრეზიდენტის, მთავრობის, ბანკებისა და ფინანსური სისტემების მიმართ ნდობა საშუალო ევროპულ მონაცემებს ბევრად აღემატება. მათთან მიახლოებულია ნდობა პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების, ჯარის, პოლიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებებისადმი. დასავლეთევროპულთან შედარებით, დაბალია სასამართლოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი. თუმცა, ეს მონაცემი 2006 წლის შემდგომ (31-დან 37 პროცენტამდე) გაიზარდა.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტმა ეკონომიკური კრიზისის გავლენა შეიგრძნო. ცხოვრებით კმაყოფილია მოსახლეობის მხოლოდ 25 პროცენტი, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მონაცემია ტრანზიტულ ქვეყანათა შორის (საშუალო 43%) და ბევრად ჩამორჩება დასავლეთევროპულს (72%). თუმცა, გამოკითხვის მიხედვით, მომავლისადმი ოპტიმისტური განწყობა საქართველოს მოქალაქეთა 65 პროცენტზე მეტს აქვს. ამ მაჩვენებელმა, 2006 წლის შემდეგ უმნიშვნელოდ იკლო, თუმცა, კვლავ აღემატება განვითარების პროცესში მყოფი სხვა ქვეყნების საშუალო მონაცემს (50%).

გამოკითხულთა მესამედზე მეტი უპირატესობას საბაზრო ეკონომიკასა და დემოკრატიას ანიჭებს. იმ ადამიანთა წილი, რომლებიც გარკვეულწილად მხარს უჭერენ გეგმიურ ეკონომიკას ავტორიტარულ რეჟიმთან ერთად – ძალიან მცირეა, ხოლო ყველა სხვა პოლიტიკური და ეკონომიკური წყობის კომბინაცია მოსახლეობაში პოპულარული არ არის. საქართველო მე-7 ადგილზეა დემოკრატიის მხარდაჭერის მხრივ გამოკითხულ ქვეყანათა შორის და ეს მონაცემი 2006 წლის შემდეგ 10%-ზე მეტით გაიზარდა.


საქართველოში გამოკითხულთა 13% არ ისურვებდა უშუალო მეზობლად სხვა რასის წარმომადგენლის ყოლას, რაც რეგიონში ყველაზე დაბალი მონაცემია. ეს მნიშვნელოვნად განასხვავებს მას მეზობლებისგან – სომხეთის ანალოგიური მაჩვენებელია 32%, თურქეთის 30%, აზერბაიჯანის 25%, რუსეთის – 16%. საქართველოს მაჩვენებელი იტალიისა და გერმანიის მონაცემებთან მიახლოებულია.

კომენტარები