პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი დანიაში

დანიამ ახალი მთავრობა აირჩია. 15 სექტემბრის არჩევნებში მემარცხენე კოალიციამ მცირედი სხვაობით – სულ რაღაც 0.4 %-ით, გაიმარჯვა – 50.2%-ით 49.8%-ის წინაღმდეგ.

პრემიერ ლარს რასმუსენის ლიბერალური პარტია, ათწლიანი მმართველობის შემდეგ, პარლამენტში 47 ადგილით იქნება წარმოდგენილი. მათ 1 მანდატით გაიუმჯობესეს საპარლამენტო წარმომადგენლობა, მაშინ როცა სოციალ-დემოკრატებმა 1 მანდატი დაკარგეს და მხოლოდ 44 ადგილს დასჯერდნენ. 1903 წლის შემდეგ, ეს ამ პარტიის ყველაზე ცუდი შედეგია.

მიუხედავად ამისა, კოალიციურ პარტნიორებთან – სოციალ-ლიბერალურ, სოციალისტური ხალხის პარტიებთან და წითელ-მწვანე ალიანსთან – ერთად წითელ კოალიციას 92 დეპუტატი ეყოლება. ლურჯ კოალიციას, რომელშიც ლიბერალებთან ერთად კონსერვატიული ხალხის პარტია, ქრისტიან-დემოკრატები, ლიბერალური ალიანსი და დანიის ხალხის პარტია შედიან – მოუწევს მხოლოდ 87 ადგილს დასჯერდეს.

სოციალ-დემოკრატების 44 წლის ლიდერი, ჰელე თორნინგ-შმიდტი, რომელიც, სხვათა შორის, ბრიტანელი ლეიბორისტების ყოფილი ლიდერის ნილ კინოკის რძალია, დანიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. იგი რთული გამოწვევის წინაშეც დგას. შმიდტმა, განსხვავებული შეხედულებების მქონე პარტიებისგან, ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა უნდა შეძლოს.

სოციალ-დემოკრატები სამუშაო დღის 12 წუთით გაზრდას გეგმავენ და წინააღმდეგი არიან სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, საბიუჯეტო დეფიციტი სწრაფად შეკვეცონ. დეფიციტი, მაასტრიხტის კრიტერიუმების დარღვევით მშპ-ს 4.6%-ს აღწევს. სოციალ-ლიბერალები ეწინააღმდეგებიან სოციალ-დემოკრატების გეგმას, რომელიც მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების ზრდას ითვალისწინებს. ამასთან, სხვა მემარცხენე პარტიებისგან განსხვავებით, სოციალ-ლიბერალები ყოფილი მთავრობის ინიციატივას – საპენსიო ასაკის 67 წლამდე ეტაპობრივ აწევას – ემხრობიან.

სოციალ-დემოკრატების უახლოესი პარტნიორი სოციალისტური სახალხო პარტიაა. მათ ერთიანი საარჩევნო პლატფორმა შეიმუშავეს. პრობლემა ისაა, რომ ორივე პარტიამ მანდატები დაკარგა – მათ შორის, სოციალისტმა ხალხოსნებმა – 7. სოციალ-ლიბერალებმა და ყოფილი კომუნისტებისა და ეკოლოგისტების წითელ-მწვანე ალიანსმა პოზიცია 8-8 მანდატით გაიუმჯობესა. ეს ორი პარტია იდეოლოგიური სპექტრის საპირისპირო პოლუსებზე იმყოფება, მაგრამ მათ გარეშე მემარცხენე კოალიცია ვერაფერს მოიმოქმედებს.

სოციალ-დემოკრატიული და სოციალისტური სახალხო პარტიები ახალ მთავრობაში წამყვან როლს ითამაშებენ. წითელ-მწვანეები მთავრობას გარედან დაუჭერენ მხარს. ბოლომდე ნათელი არაა შევლენ თუ არა ახალ მთავრობაში ცენტრისტი სოციალ-ლიბერალები, თუ ისინიც წითელ-მწვანეების მსგავსად იმოქმედებენ.

გამარჯვებულთა ბანაკში უთანხმოება ლიბერალებს აძლევს ხელს. ისინი, ოპოზიციაში გადასვლის მიუხედავად, ყველაზე მსხვილ პარტიად რჩებიან. ახალი მთავრობის წარუმატებლობა მათთვის პოლიტიკური რევანშის შესაძლებლობას წარმოადგენს.

დანიას უნიკალური ეკონომიკურ-სოციალური მოდელი აქვს, რომელიც შრომის თავისუფალი ბაზრის, დერეგულირებული ბიზნესსექტორისა და სოციალური დაცვის მაღალი გარანტიების ჰიბრიდია. სხვა სოციალურად ორიენტირებული ქვეყნებისგან განსხვავებით, დანია მუშების და ღარიბების სოციალური უზრუნველყოფის ტვირთს ცალკეულ მეწარმეებს არ აკისრებს. აქ ეს პასუხისმგებლობა, მაღალი გადასახადების სახით, მთელ საზოგადოებაზეა გადანაწილებული. რეგულაციებისგან თავისუფალ ბიზნესს კი, მეტი დოვლათის შესაქმნელად ასპარეზი გახსნილი აქვს.

2011 წელს, Wall Street Journal-ისა და Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, დანიას მე-8 ადგილი უკავია და რეიტინგში ამერიკასაც კი უსწრებს. ინდექსის ათი პარამეტრიდან ექვსში დანიაში თავისუფლების ხარისხი 90%-ზე მეტია, ორში კი 80%-ს აღემატება. მხოლოდ ფისკალურ თავისუფლებისა და სახელმწიფო ხარჯვის სფეროებშია 50%-ზე ნაკლები.

თავისუფალი ბაზარი დანიის კეთილდღეობის წინაპირობაა. მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით, ეს ქვეყანა მსოფლიოში მე-17 ადგილზეა ერთ სულზე მშპ-ს ოდენობით – 36,443 დოლარი. ლეგატუმის ინსტიტუტის კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, დანიის ეკონომიკა მსოფლიოში მე-4-ეა, განათლების სისტემა – მე-5, ჯანდაცვა – მე-17, სოციალური უზრუნველყოფა – მე-6. ამავე ინდექსში, მმართველობის სისტემისა და სოციალური კაპიტალის მხრივ, ეს ქვეყანა მე-2 ადგილს იკავებს, პიროვნული თავისუფლების თვალსაზრისით – მე-6, ხოლო მეწარმეობისა და შესაძლებლობების – 1-ლ პოზიციაზეა.

შრომის თავისუფლების მხრივ დანია მსოფლიოში მე-6, ხოლო ევროპაში პირველია. სწორედ ამიტომ, აქ უმუშევრობა 6.6%-ია, მაშინ როცა ანალოგიური საერთოევროპული მაჩვენებელი 9.6%-ს წარმოადგენს. დასაქმებულია მოსახლეობის 73.4%. ამ მაჩვენებლის მიხედვით, დანია მსოფლიოში მე-5 ადგილზეა – შვეიცარიის, ისლანდიის, ნორვეგიისა და ნიდერლანდების შემდეგ.

იმავდროულად, მოქალაქეს საკუთარი შემოსავლის ნახევრის გადასახადების სახით გადახდა უხდება, რათა უხვი სოციალური სახელმწიფო შეინახოს. ხუთნახევარმილიონიან ქვეყანაში ზრდასრული ასაკის მოსახლეობის 40% მთავრობის სრული დახმარების ხარჯზე ცხოვრობს. გაეროს ადამიანური განვითარების ანგარიშის მიხედვით, აქ შემოსავლების მსოფლიოში ყველაზე დაბალი უთანასწორობაა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით – ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი.

ამ მედლის მეორე მხარე ისა, რომ დანია ფისკალური თავისუფლების კუთხით მსოფლიოში ბოლოდან მე-4 ადგილზეა, ხოლო სამთავრობო ხარჯების მხრივ – ბოლოდან მე-11-ზე.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა, სწორედ მაღალი გადასახადები და სახელმწიფო ხარჯების სიდიდეა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ადრე გადასახადები კიდევ უფრო მაღალი იყო. ბოლო წლებში საგადასახადო შემოსავლების პროცენტულმა წილმა მშპ-ს მიმართ, 59%-დან 51.5%-მდე დაიწია.

კომენტარები