თბილისის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი

ლივ შტაინის შესახებ


თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ,,მრგვალი მაგიდა“, რომელშიც, ქართველებთან ერთად, უცხოეთიდან (კორეა, კანადა, შვედეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ირანი, იაპონია, პოლონეთი, ჩინეთი) ჩამოსული კრიტიკოსებიც მონაწილეობდნენ. შეკრების პირველი ნაწილი დაეთმო თემას: ,,ეთიკიდან პრაქტიკამდე: თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის კოდექსი“, ხოლო მეორე – საფესტივალო პროგრამაში შეტანილი და მათ მიერ ნანახი ქართული წარმოდგენების განხილვას. წლევანდელ შეკრებასაც კოორდინირებას კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი ირინა ღოღობერიძე უწევდა.

კრიტიკოსების მოკრძალებული შეფასებების გაცნობამდე გეტყვით, რომ უცხოელთა უმრავლესობამ ქართული დადგმების მხოლოდ მცირე ნაწილი ნახა. წარმოდგენების სელექციის პროცესი გადატვირთულმა პროგრამამ გაართულა. ეროვნული პროდუქციისთვის გამოყოფილი ოთხი საფესტივალო დღე (29 სექტემბერი – 2 ოქტომბერი) 40–მდე სპექტაკლს დაეთმო, აქედან ფიზიკურად მხოლოდ რამდენიმეს ნახვას თუ შეძლებდით, რამდენადაც დადგმები ერთმანეთს ემთხვეოდა. საბოლოოდ, რეგიონალური თეატრების ფესტივალში მონაწილეობამ გასტროლის ხასიათი შეიძინა, რადგანაც დადგმები, ქართველ და უცხოელ თეატრმცოდნეებს, კრიტიკოსებს, საერთაშორისო ფესტივალების წარმომადგენლებსა და მენეჯერებს, უმეტესად, არ უნახავთ.

წარმოდგენათა სელექციის, ქართული დადგმების სიმრავლისა და ერთმანეთის გადაფარვის პრობლემა უცხოელებისთვისაც თვალშისაცემი აღმოჩნდა. კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა იუნ–ჩოლ კიმმა ხაზგასმით აღნიშნა ის, რაზეც ქართველი თეატრმცოდნეები და კრიტიკოსები ორი წელია საჯაროდ საუბრობენ. ,,წლევანდელი ფესტივალის მაგალითზე დავრწმუნდი, რომ ფესტივალის ხელმძღვანელებმა ქართული სპექტაკლების სელექცია უნდა მოახდინონ და საქმე კრიტიკოსთა ჯგუფს უნდა მიანდონ. ასე ხდება მთელ მსოფლიოში და სწორიც არის, რადგან ყველაფრის ფესტივალზე წარმოდგენა არ შეიძლება. ამის შესახებ ფესტივალის დირექტორს, ქ–ნ ეკა მაზმიშვილს შარშანაც ვუთხარი, მაგრამ წელს ჩემი  თხოვნა უფრო კატეგორიული იქნება“, – თქვა კიმმა.

მათი მოწონება დაიმსახურა ლევან წულაძის მიერ კოკი მიტანის ნაწარმოების მიხედვით გაცოცხლებულმა ,,სიცილის აკადემიამ“, აღფრთოვანების მიზეზი კი ორი მსახიობი მამაკაცისთვის შექმნილი ისტორიის რეჟისორული გადაწყვეტა და მსახიობების, განსაკუთრებით, ნატო მურვანიძის სამსახიობო ოსტატობა გახდა. როგორც კი სამშობლოში დავბრუნდები, ყველას ვეტყვი თუ რამდენად კარგი და ძლიერი ინტერეპრეტაცია ვნახეო, გვითხრა იაპონელმა კრიტიკოსმა აკიკო ტაშიკიმ.

კრიტიკოსთა უმრავლესობამ დასამახსოვრებელ დადგმათა ჩამონათვალში შეიტანა რობერტ სტურუას ,,ნადირობის სეზონი“ და ამერიკილ ხატებათა ზემოქმედებაზეც ისაუბრა. რამდენად გასაგები აღმოჩნდა მათთვის კონტექსტი და სათქმელი წარმოდგენის, რომელიც სტურუამ შემოგვთავაზა, რთული სათქმელია. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ცნობილ რეჟისორთან გასაუბრების შესაძლებლობა თითოეულს მიეცა და არამგონია ვინმე უპასუხოდ დარჩენილიყო.

ვიზუალური თვალსაზრისით საინტერესო აღმოჩნდა ლევან წულაძის ,,დეკამერონი“, რომელმაც სამშობლოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ასევე, დავით დოიაშვილის ,,მაკბეტი“, რომელიც საფესტივალო პროგრამაში შეტანილი არ ყოფილა, მაგრამ კრიტიკოსთა ,,გადაბირება“ მოახერხა. დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ წარმოდგენაზე მოხვედრილთა აზრი ორად გაიყო: ერთი ნაწილისთვის დანკანის პერსონაჟის დოიაშვილისეული გადაწყვეტა საინტერესო აღმოჩნდა, ხოლოდ მეორესთვის კი, გაუმართლებელი.

უცხოელმა კრიტიკოსებმა ყველაზე მეტი ისაუბრეს ქართულ სამსახიობო სკოლასა და ქართველი მსახიობების ნიჭიერებაზე, ყველაზე ნაკლები კი – რეჟისურაზე, რაც მათი დელიკატურობის მიუხედავად, პირადად ჩემთვის, ნათელი მინიშნება აღმოჩნდა.

ქართველი კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა პრემიერამ, რომელიც პირველ ოქტომბერს, ფესტივალის ფარგლებში, ,,სამეფო უბნის თეატრში“ გაიმართა. წარმოდგენისადმი ინტერესი განაპირობა პიესის ავტორმა და რეჟისორმა ნინო ხარატიშვილმა, რომელიც წლებია გერმანიაში ცხოვრობს და წარმატებულია. მისი შემოქმედებითი ბიოგრაფიიდან გაცნობებთ, რომ 1983 წელს თბილისში დაიბადა, 1995–97 წლებში სწავლობდა გერმანიაში, შემდეგ კი თბილისში დაბრუნდა და VI გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, თეატრალური ინსტიტუტის კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. 2003 წლამდე გია ჭუბაბრიას ჯგუფში სწავლობდა. ამავე წელს ჩააბარა ჰამბურგის თეატრის აკადემიაში, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე. 2005 წელს, მოკლემეტრაჟიანი ფილმით ,,მტრედები“, დიპლომი დაიცვა თბილისში, ხოლო 2007 წელს, ,,მედეას“ საკუთარი ვერსიით, თეატრის აკადემია დაამთავრა. 2006 წელს გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა მოსკოვში, ,,გიტის“–ში. ჰამბურგში დაბრუნების შემდეგ კი, საკუთარი პიესის სცენაზე განხორციელებისთვის ბევრი იბრძოლა. საბოლოოდ, მისი პიესა, სახელწოდებით ,,Z“, ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ფესტივალზე მიიწვიეს. სწორედ მაშინ მიიქცია გამომცემლობა ,,ფერლაგ დერ აუტპრენ“–ის ყურადღება, რომელთანაც ახლა კონტრაქტი აქვს გაფორმებული.  

ნინო ხარატიშვილი უმეტესად საკუთარი პიესების განხორციელებაზე მუშაობს. გერმენიის გარდა, იწვევენ ავსტრიასა და შვეიცარიაში. დღეისათვის გამოცემული აქვს 14 პიესა. 2008 წელს ,,ლივ შტაინს“, როგორც საუკეთესო გერმანულენოვან დრამას, ჰეიდელბერგის დრამის ფესტივალის პირველი პრიზი მიენიჭა. იმავე წელს დრამატურგი როლფ მარესისა და შამისოს (გერმანულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის) პრიზებით დააჯილდოეს. 

ნინო ხარატიშვილის პირველი რომანი ,,ჟუჟა“ რამდენიმე პრემიაზე იყო ნომინირებული და წლის რომანების საუკეთესო ოცეულში მოხვდა. ახლახანს კი მისი მეორე რომანი ,,ჩემი ალერსიანი ტყუპის ცალიც“ გამოვიდა, რომლის პრეზენტაციაც ფრანკფურტის წიგნების წლევანდელ ბაზრობაზე შედგა.

როგორც ავტორისგან შევიტყვეთ, საქართველოში მუშაობის სურვილი დიდი ხანია ჰქონდა. ,,ლივ შტაინი“ გოეთეს ინსტიტუტის დაკვეთით,  საგანგებოდ ,,ქართული შოუქეისისთვის“ ითარგმნა და მისი საქართველოში დადგმის შეთავაზებას ნინო სიხარულით შეხვდა. ავტორის მთავარი ამოცანა იყო წარმოეჩინა სირთულე, რომელიც ხელოვანის ცხოვრებას სდევს თან და ეჩვენებინა რა შეიძლება დაუჯდეს ხელოვნების სამსახური და ერთგულება. ქართულის შემდეგ, ,,ლივ შტაინი“ უკვე ითარგმნება ფრანგულად და ინგლისურად. როგორც ავტორმა აღნიშნა, მოსკოვში მისი სამაგიდო პრეზენტაციაც შედგა, ამჟამად კი ნანსში (საფრანგეთი) იდგმება.

დრამატურგი და რეჟისორი მიიჩნევს, რომ ქართულ დადგმაზე მუშაობა კარგად წარიმართა, შეიკრა ჯგუფი, რომელმაც მხატვრული ამოცანების დაძლევა გაუადვილა. მსახიობებთან მუშაობის პროცესში მას დაეხმარა გამოცდილება, რომელიც ნინო ბურდულთან თანამშრომლობით დააგროვა. მსახიობი ნინო ხარატიშვილის მიერ ჰამბურგში დადგმულ წარმოდგენაში, სახელწოდებით ,,ჩემი ყველაზე საშინელი ბედნიერების წელიწადი“, თამაშობდა.  მის გარდა, ქართულ დადგმაში დააკავა გია ბურჯანაძე და თამარ მამულაშვილი, რომელთა შემოქმედებასაც იცნობდა, ახალგაზრდა მსახიობები: კატო კალატოზიშვილი და იაკო ჭილაია კი, დათა თავაძის ,,მახინჯის“ ნახვისას აღმოაჩინა. მათ შორის განსაკუთრებული აღმოჩნდა კატო კალატოზიშვილისა და ნინო ბურდულის პარტნიორობა, რამდენადაც ორივემ საუკეთესოდ წარმოაჩინა სათქმელი, პერსონაჟთა ხასიათები და მათი ცხოვრების სირთულეები, ტრაგედია, რომელიც დრამატურგმა პიესაში ჩადო და სცენაზე გადაიტანა.

ცნობილი პიანისტი ქალის, ლივ შტაინის (ნინო ბურდული) ცხოვრების ურთულეს პერიოდში, რომელიც ერთადერთი შვილის დაკარგვით არის გამოწვეული, ჩნდება გოგონა, რომლის პედაგოგობასაც მხოლოდ იმიტომ თანხმდება, რომ ის მის შვილს, ანრის იცნობდა. სიუჟეტი საინტერესოდ ვითარდება და მაყურებელიც ელოდება კულმინაციას, რომელიც ფიცარნაგზე ნაჭერ–ნაჭერ დაშვებული ფარდებისგან გაშიშვლებულ სცენაზე თამაშდება მაშინ, როდესაც ერთმანეთის პირისპირ ორი ფიგურა – ლივი და ლორა (კატო კალატოზიშვილი) – რჩება. ლორას მიმართ გაჩენილ უნდობლობას ბოლო ფინალურ სცენაში ეღება და ყველაფერი ნათელი ხდება, როდესაც წითელ ყუთში დამალული ანრის დღიურიდან ამოღებულ ჩანაწერს გვიკითხავენ.

დრამატურგმა და რეჟისორმა ნინო ხარატიშვილმა, შემოქმედებითი ჯგუფისა და განსაკუთრებით, ორი მსახიობი ქალის დახმარებით ,,ლივ შტაინის“ ამბავი მაყურებლამდე მიიტანა, ისტორია საინტერესოდ მოგვიყვა და  გვაჩვენა, რომ აქვს სათქმელი, რომლის სცენაზე გაცოცხლებაც შეუძლია. 

კომენტარები