რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალება

64 წელი თეატრში

 რუსთაველის თეატრის მუზეუმში ინახება ანკეტა, რომელიც რამაზ ჩხიკვაძის ხელით არის შევსებული. იქიდან ვაზუსტებთ, რომ 1947-1951 წლებში თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა. სასწავლებლის დამთავრებისთანავე კი რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა. მისი პირველი როლი იყო ზდენეკი, მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლში „ადამიანებო, იყავით ფხიზლად”. თავისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა კინოსტუდია ქართული ფილმის კინოგადაღებებში და ტელესტუდიის კინო და თეატრალურ დადგმებში. მიღებული ჰქონდა ყველა ის პრემია და ჯილდო, რითაც მსახიობს შეუძლია იამაყოს.
რამაზ ჩხიკვაძის მიერ განსახიერებული თეატრალური როლებიდან გამორჩეულია:  ლეანდრო („ესპანელი მღვდელი”), თამაზი („ხალისიანი მეგობრები”), მილორადი („ფილოსოფიის დოქტორი”), ვეფხია გაბიდაური („ამბავი სიყვარულისა”), ქოსა მრჩეველი („ჭინჭრაქა”), მექი დანა („სამგროშიანი ოპერა”), ბ-ნი კასიანე („მზიანი ღამე”), თედო („ბებერი მეზურნეები”), აკოფ დარდიმანდიანცი („ხანუმა”), კირილე მიმინოშვილი („სამანიშვილის დედინაცვალი”), შოშია („საბრალდებო დასკვნა”), ყვარყვარე („ყვარყვარე”), ლირი („მეფე ლირი”), აზდაკი („კავკასიური ცარცის წრე”), რიჩარდი („რიჩარდ მესამე”), რეჟისორი ბ-ნი გიორგი, გიორგი – თანამდებობის პირი და მირიანი („ვარიაციები თანამედროვე თემაზე”), ედგარი („სიკვდილის როკვა”) და ა.შ.  
„აქტიორული ოსტატობის თვალსაზრისით უდიდესი მოვლენა იყო გუშინ აზდაკის როლში რ. ჩხიკვაძის გამოსვლა, რომელსაც მაიკლ კოვენმა კავკასიური ლოურენს ოლივიე უწოდა. ამ მსახიობს ახასიათებს უდიდესი ძალა, რომლის წყალობითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ სცენა მხოლოდ მას ეკუთვნის”. 
The Guardian
„თეატრის ვარსკვლავი რამაზ ჩხიკვაძე, შესაძლოა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია”.  
The Telegraph
 
„მე ისევე მიჭირს ჩხიკვაძის მსახიობური მანერის აღწერა, როგორც სცენური ქცევა ლოურენს ოლივიესი, რომელსაც, ჩემი აზრით, ბევრი რამ ჰქონდა საერთო ქართველ მსახიობთან”. 
მაიკლ კოვენი -  Financial Times

კომენტარები