პოეზია

სინათლის ეული სხივი

0 კომენტარი

ყველა ეპოქაში გამორჩეული ადამიანი რატომღაც იმას ეწირებოდა, რაც მასში მშვენიერი იყო. გმირი - გმირობას, საერო მოღვაწე - ღვაწლს, პოეტი - პოეტობას.

გიორგი ჩარკვიანი ისეთ დროში ცხოვრობდა, როცა ნიჭი (“შეგინდობენ ყველა ცოდვას, ნიჭს არ გაპატიებენ”) და სხვა კლასიკური კაცობრიული სიქველეები, და, ამათგან უპირველესი - თავისუფლება - კადნიერად ბოლო რიგში იყო ადგილმიჩენილი. წინ კი, თავის გამოსაჩენად და დროის წარმოსაჩენადაც, მოგროვილიყვნენ მედროვეები, კარიერისტები და შემოქმედის ნიჭს მოკლებული, ხელოვნების სხვადასხვა დარგის ანგაჟირებული მოღვაწეები, რომლებიც, საკუთარი არჩევანით ნიჭსაც შეირევდნენ ხოლმე.

შეიძლება ჯობდა ასე არ დამეწყო ეს რამდენიმე აბზაციანი წერილი, მით უმეტეს, რომ თვითონ გიორგი ჩარკვიანი შემწყნარებელი ბუნების კაცი იყო. - და არა შეგუებული. ეს მნიშვნელოვანი შტრიხია, რომელიც გიბიძგებს გაიხსენო ჩარკვიანების მთელი შემოქმედებითი მოდგმა, ძმა, ძმისწული, რომლებიც, სხვადასხვაობის ჩათვლით, რუტინულ ყოფასთან მკვეთრად დისტანცირებული და მაღალი კულტურის მატარებლები იყვნენ.

და ეს ძალზე კეთილმოქმედი რეალობა იყო ჩვენს იმდროინდელ ცხოვრებაში.

შემწყნარებელი კი იყო, მაგრამ გადაიკითხეთ მისი ლექსები და ნახავთ, როგორ აუდუღდებოდა ხოლმე სისხლი - სხვის ბედზე!
 

მთაწმინდის მთაა ნათოვარი,

ყინვას სურს ქალაქი იცოლოს.

რუსთაველზე -

ქართველი მათხოვარი,

ამაყი სამშობლოს სიმბოლო.

წინათ ოპერაში გალობდა -

ვის უნდა მხატვრული გარჯაო...

და ოდეკალონით გალოთდა,

როს უმუშევარი გახდაო.

დაცვივდა შიმშილით კბილები

(სპირტი ტექნიკური ნაზია!)

არ უყვარს ძაღლისშვილები,

რომლებიც თავზე აზიან.

(“მათხოვარი”, კრებულიდან “მთაწმინდა”, 2006წ.)

ამ ლექსში მთელი ეპოქის სინამდვილეა. დიახ, სხვის ბედზე უფრო ხმამაღალია გიორგი ჩარკვიანის ხმა, ვიდრე საკუთარზე. ეს კიდევ ერთი დასტურია მისი დიდი ადამიანობის და არც ის არის მოულოდნელი, რომ კაცს მის ბედზეც აუჯანყდეს გული... ბავშვივით რომ იყო, ლიტერატურული გმირივით რომ იყო და სხვა იდეალებში, სხვა წარმოსახულ სინამდვილეში რომ უჯობდა ყოფნა.

ჰქონდა კიდევაც სხვა სინამდვილე, ოღონდ მას პოეტის სულში ყველაზე ღრმა და მიუვალ ადგილას გადაენაცვლებინა.

სულიერების, ადამიანურ სიქველეთა, კულტურის, ზნეობის განზომილება, რომელშიც დეკლარირებულ პოეზიას ენაცვლებოდა შინაგანი მონოლოგი, საკუთარი “მე”-ს განსჯა და მისთვის, როგორც ყველაზე გამგებ და ახლობელ არსებისთვის თავისთავზე საუბარი და სანუკვარის გამხელა... და განა ეს არ არის პოეზიის დანიშნულება, ვიდრე ცხოვრებისთვის განუწყვეტელი სამხილების წარდგენა?.. ის ჭიდილში იყო ცხოვრებასთან, უარს ეუბნებოდა საჩუქრებზე, როგორც მიუღებელ გასტრონომიულ პროდუქტზე და მდუმარედ უვლიდა გვერდს... მაგრამ გგონიათ, რომ ვერ ხედავდა? რომ ამაღლებული სული და პოეტური წარმოსახვა თვალებზე ლიბრად ეფარა? გგონიათ რაიმე აქვს გამორჩენილი? პირიქით, უმნიშვნელო ცხოვრებისეული მოვლენაც კი ნემსივით მის გულშია გავლილი და სისხლში ამოვლებული. თუნდაც თბილისი, მისი თავისუფალი ინტელიგენტურ-ბოჰემური გარემო, მთაწმინდა, სოლოლაკი, კალა, ორთაჭალა, მტკვარი, ტივი, რუსთაველი, ზემელი, სამაიას ბაღი - თავის პერსონაჟებიანად... რაც, სრულიად გაუცნობიერებლად თბილისური ცხოვრების ქრონიკაა, ლიტერატურული თემები კი არა, არამედ თვითონ ცხოვრება...

არც არის საკვირველი, გიორგი ჩარკვიანი თბილისელ ინტელიგენტთაგანი იყო და არ ვიცი, მის თანამედროვეთაგან თუ აქვს კიდევ ვინმეს ასე ცხოვლად, ორგანულად აღწერილი მშობლიური გარემო - არა ისე, მოდად ქცეულ თბილისურ სახაშეებს, ღვინოს და ღამისთევებს რომ უმღერდნენ.

მაგრამ როგორც ნამდვილ შემოქმედთან ხდება, ეს ყველაფერი თან რეალურია, ნამდვილია და თან თვალწინ გიქრება: ყველაფერი დრომ გაცრა _ წელიწადების, ზამთარ-ზაფხულების, თოვლის, წვიმების, ყვავილობის, ჭკნობის, დღეების, ღამეების და ადამიანების გრძნობების დრომ.

გიორგი ჩარკვიანთან მხოლოდ სულიერი ძაფების გაბმა შეიძლებოდა და არა ყოფითი, ამქრული, იდეური ბაგირისა, რის გამოც ის სრულიად განცალკევებით დგას ქართულ პოეზიაში _ არც წინამორბედი ჰყავს, არც გამგრძელებელი...

სრულიად ახალი და განსხვავებული პოეტია გიორგი ჩარკვიანი. იმდენად განსხვავებული, რომ ადვილად შეიძლება გამორჩეს ტრადიციულ პოეზიაში გამოცდილ და ნავარჯიშებ მკითხველს.

მაგრამ, სინამდვილეში როგორი თვალშისაცემია გიორგის ლექსებში ტრადიცია!..

შეუძლებელია დიდი პოეზიის ანატომიური სურათის წარმოდგენა.

გიორგი ჩარკვიანს საკუთარი ენა და ფრაზეოლოგია ჰქონდა. მის ლექსებში ჩვეულებრივი საგნებიც კი ისე ნათდებიან, გეგონება შუქი არც ეხილოთ, თითქოს ეს სინამდვილე არა პოეზიის, არამედ სხვა ჟანრებისთვის იყო დათმობილი და ტრადიცია მდუმარედ უვლიდა გვერდს. _ არავინ ცდილა პოეტური სიტყვა მიესადაგებინა.

გიორგი ჩარკვიანის პოეზია ისე მრავალსახაა, რომ შეიძლება იფიქრო, რომ დროებისგან შედგება. _ ინტელიგენტური დრო, ბოჰემური დრო, პერიფერიული დრო... და, ქვეყნის, ხალხის, მისი ყოფის შინაგანი დრო, _ ომებისა და მარცხისა (ლირიკული პოემები “სიზმარი _ (ჯვრის ცხრიანი)”, “მოჩვენება”, “მირაჟები”)...

ამ პოემების არსი მათ სათაურებშივეა გამჟღავნებული და შიშნეული ინტერესით იკითხება. 

თავის პოეზიაში გიორგი ჩარკვიანი ერიდება ავტოპორტრეტს, ერიდება მრწამსს, ერიდება იდეას... ყველაფერი მის ლექსებში უნდა ამოიკითხო.

როცა ეს მოხდება, შენ, მკითხველო, საკვირველ სამყაროში აღმოჩნდები.
 

კაკალი ძირს ეცემა,

დაიჩხავლე ყვავო.

მელექსე ხარ, შე ჩემა,

რაღაც გმართებს თქვაო.

ყურს ვინ უგდებს არიფებს,

აგრესიულ ბრიყვებს...

ვინმე ჩამოარიგებს

თავზარდამცემ სიტყვებს?

სიტყვა მძლე და უდრეკი,

კადნიერი ეგრე

თუ ტლანქი და მუდრეგი,

რეგვენი და ხეპრე.

ფარშევანგი-ზღაპარი

ერთობ უშნოდ მღერის.

სატრფო გყავდა მაგგვარი –

ლამაზი და შტერი.

მისი მწვანე თვალები,

მისი ჭკუა ზანტი...

რა დიდხანს გაწვალებდა

სიყვარული ბლანტი.

მორჩა... მტკვარმა იდინა

და წისქვილმა ფქვაო...

კაცმა, რომც შეიგინა,

მაინც რაღაც თქვაო.

(“სიტყვა”, კრებულიდან  ”მთაწმინდა”, 2006 წ.)

 

 

 

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები