ივანიშვილი პოლიტიკაში

წმინდა ბიძინა და მისი მოციქულები

ძირითადი შეკითხვა, რაც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ გააჩინა, იმას ეხება, არის თუ არა ის რუსეთის კაცი. საკითხის ასე დაყენება სრულიად მართებულია: მისი ბიოგრაფიაც და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის უახლესი ისტორიაც ნამდვილად იძლევა ასეთი ვარაუდის საფუძველს. ეს კი, ცხადია, გავლენას მოახდენს ჩვენს დამოკიდებულებაზე ამ პერსონაჟისადმი.

ტაბულას წინა ნომერში ზურაბ ჯაფარიძემ ამ და ალტერნატიული ვარაუდების ამომწურავი ანალიზი გააკეთა და მას ძნელია რამე დაუმატო. დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილის უეცარი სურვილი, სათავეში ჩაუდგეს საქართველოს, რაღაცნაირად უკავშირდება რუსეთის სწრაფვას, ჩვენი ხელისუფლება როგორმე შეცვალოს (ან, სულ მცირე, არეულობა შემოგვიტანოს). მაგრამ ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს თავში რაღაც უეცრად გადაუტრიალდა: როგორ შეიძლება ამის შემოწმება? რაც მთავარია, ზუსტად ამას ალბათ ვერასოდეს გავიგებთ.

მაგრამ იმისდა მიუხედავად, არის თუ არა ივანიშვილი „რუსეთის კაცი”, ის ჩვენი, ჭორვილელი ბიჭია, და მისი შანსები, მოვიდეს ან ვერ მოვიდეს ხელისუფლებაში, მთლიანად ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული.  
ჯერჯერობით, ის მოძრაობები, რაც ივანიშვილის გამოჩენას – უფრო ზუსტი ნათქვამი იქნება, წმინდა ბიძინას მოვლინებას – მოჰყვა, ერთი სიტყვით მინდება შევაფასო: „მაზალო”. ან შალვა რამიშვილის ძველი რადიოს ფრაზით: „ვაიმე, რა დონეა...”

შეიძლება, რა თქმა უნდა, ეს ვითარება ისევ მთავრობას დავაბრალოთ: ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა ხალხი, რომ ნებისმიერი ალტერნატივის გამოჩენა უხარია. დავაბრალოთ. მაგრამ ვითარებას ეს არ ცვლის.

რით ჯობია ბიძინა ივანიშვილი გუბაზ სანიკიძეს, კობა დავითაშვილს, თინა ხიდაშელს, ირაკლი ალასანიას, კახა კუკავას და მათ დებსა და ძმებს? რამე პრინციპულად ახალი პოლიტიკური იდეა შემოგვთავაზა, რაც მათ არ უთქვამთ? მოლოდინი შეგვიქმნა, რომ ამის გაკეთება შეუძლია? ვინმე ახალი სახე გაგვაცნო, გარდა საკუთარი თავისა?

ორი კვირა არც ისე ცოტა დროა: თუ რამე შემოსათავაზებელი ჰქონდა, გამოჩნდებოდა. თუ აქამდე არ გაუკეთებია ეს, დიდი ალბათობით არც მომავალში უნდა ველოდოთ. თამამად ვთქვათ: ბიძინა ივანიშვილი, როგორც პოლიტიკოსი, არაფერია, გარდა ფულისა. ერთადერთი, რაც მან ქართულ საზოგადოებას შეიძლება შემატოს, ეს არის ფულის დიდი ტომარა, ან, როგორც მისი ფორმირებადი გარემოცვა მორცხვად ამბობს, „რესურსები”.
კი, ამას ემატება ქველმოქმედის რეპუტაცია – მაგრამ ესეც ხომ, საბოლოოდ, ფულიანობიდან მოდის. თუ ჩავთვლით, რომ მრავალწლიანი ქველმოქმედება მის პოლიტიკურ მოვლინებას ამზადებდა (არადა, რატომ არ უნდა ჩავთვალოთ?), მაშინ ასეთი წინაისტორია მხოლოდ ამყარებს გაკეთებულ დასკვნას.

ოპოზიციური საზოგადოებისთვის ივანიშვილის მოვლინება ღვთიური მანანის უეცარი გადმოდინებაა და ის მას სწორედ ასე აღიქვამს. მაგრამ თავად ივანიშვილიც სრულად იფერებს თავის ღვთაებრივ მისიას და შესაბამისად იქცევა. მისმა ხანგრძლივმა ვაჭრობამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან იმაზე, თუ რა ფორმატში დაალაპარაკონ ხალხს, ძნელია არ მოგვაგონოს ცნობილი ფორმულა: მე, მოჰამედი, არ მივალ მთასთან, მთა უნდა მოვიდეს ჩემთან.

რაციონალურად რომ მივუდგეთ, ბიძინა ივანიშვილი ერთი ახალბედა პოლიტიკოსია. რატომ არ ეკადრება მას, დაჯდეს შოუში დავით პაიჭაძესთან ან ეკა კვესიტაძესთან, როგორც ზვიად ძიძიგური ან დავით ბერძენიშვილი კადრულობენ? განა ეს მისთვის პატივი არ უნდა იყოს? არა, მას აქვს განსაკუთრებული სტატუსი, რის გამოც ყველა ვალდებულია, ოლიმპის მთაზე, ციხე-კოშკში ეახლოს, ჟურნალისტებმა კი მის გარშემო ფინიებივით უნდა ირბინონ.
რით დაიმსახურა მან ასეთი გამორჩეული სტატუსი? ერთით და მხოლოდ ერთით: ფულის ტომრით. ბიძინა ივანიშვილთან ერთად შემოვიდა ფულის რელიგია. მან უკვე იყიდა უპირობო წინამძღოლის პოზიცია, რამდენიმე პარტია, ვაჭრობს ტელევიზიებზე და, საბოლოოდ, სურს ხელისუფლებაც შეიძინოს.

სხვათა შორის, ამ ვითარებას ვერ გამოხატავს სიტყვა „ოლიგარქია” ან თითქოს უფრო შესატყვისი „პლუტოკრატია”: პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ცნებები ეხება ჯგუფის ბატონობას, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ჯგუფი არაა, საქართველოს მასშტაბით ის ერთადერთი და განუმეორებელია.

მისი „პროგრამაც” რელიგიური შინაარსისაა: ეს არის „ოცნება”, ანუ სამოთხე, რომელიც უკვე შექმნილია ერთ ცალკე აღებულ სოფელში, ჭორვილაში. ეს ფორმით კაპიტალისტური და შინაარსით კომუნისტური სამოთხეა, აშენებული ველური კაპიტალიზმის პირობებში ნაშოვნი ფულით.

ბატონი ბიძინას რელიგიურ ამბიციებზე მიანიშნებს ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციაც. ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის ვიცით, რომ მან შექმნა მრჩეველთა საბჭო და ცნობილია ამ საბჭოს რამდენიმე სავარაუდო წევრის ვინაობა – თუმცა არა ყველასი. მაგრამ იმეორებენ ერთ მაგიურ რიცხვს: მრჩეველი თორმეტი უნდა იყოს. რატომ, არ შეიძლება მხოლოდ ათი ჭკვიანი ადამიანი აღმოჩნდეს, რომლის რჩევა ბატონ ბიძინას გამოადგება, ან, ვთქვათ, თოთხმეტი? კრემლმა ზუსტად თორმეტი შტატი დაუშვა? არა, როგორც ჩანს, წმინდა ბიძინას უფრო მოციქულები სჭირდება, ვიდრე მრჩევლები.

საჭიროა მხოლოდ დაველოდოთ, როდის გამოვლინდება მათ შორის იუდა. ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური კარიერა სწორედ იუდას – გოგა ჩრდილელის – მხილებით დაიწყო, მაგრამ ჟანრის კანონები მომავალში ახალი იუდების გამოვლენას მოითხოვს.

ცხადია, ეს ყველაფერი საბოლოოდ დემოკრატიის დამყარების ლოზუნგით კეთდება (ყველა ოპოზიცია ხომ დემოკრატიისთვის იბრძვის), მაგრამ ამ აშკარად მონარქიულ-რელიგიურ კონტექსტში სიტყვა „დემოკრატიის” ხმარება კომიკურ ელფერს იძენს. როცა ივანიშვილი ამბობს, ისეთ დემოკრატიას დავამყარებ, ევროპელებიც კი გაოცდებიანო, უნდა დავუჯეროთ. გაოცდებიან.

არა მგონია, ჩვენს დიდ დემოკრატებს – მაგალითად „რესპუბლიკელებს”, ამასთან დაკავშირებით პატარა უხერხულობა არ უჩნდებოდეთ. მაგრამ, ეტყობა, მათ აქვთ იმედი, რომ თავისი მძლავრი ინტელექტით წმინდა ბიძინას საკუთარ ჭკუაზე მოაქცევენ – როგორც თავის დროზე ნოდარ ნათაძე, ირინა სარიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მოაქციეს. როგორც ჩვენი მუსლიმი ძმები იტყვიან, ინშ-ალაჰ.

მინდა დავასრულო ფრაზით, რითაც ივანიშვილის ერთ-ერთმა ახალმა მრჩეველმა, ზაზა შათირიშვილმა, თავისი ჯერ კიდევ ივანიშვილამდელი ინტერვიუ დაასათაურა: „მდგომარეობა უიმედოა, მაგრამ სრულიად არასერიოზული”.

კომენტარები