რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

„დაულაგებელი“ ურთიერთობები

0 კომენტარი

ძნელი წარმოსადგენია ისეთი ადამიანი, მეზობელთან გაუთავებელი ჩხუბი რომ სიამოვნებდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ მეზობელს, მასზე 30-ჯერ მეტი მოსახლე ჰყავს, 250-ჯერ დიდი ტერიტორია უკავია, 20-ჯერ დიდი ჯარი ემსახურება, რომელსაც 100-ჯერ მეტ ფულს ახარჯავს, ენერგეტიკული ზესახელმწიფოა, ყველაზე ძლიერი არ არის, მაგრამ ყველაზე ძლიერები ანგარიშს უწევენ. 

ამის გათვალისწინებით, კანონზომიერია საქართველოს მოსახლეობის განწყობა, რომელიც არაერთი კვლევით დასტურდება – მოსახლეობის თითქმის ნახევარს ხელისუფლების რუსული პოლიტიკა არ მოსწონს. ან კი როგორ უნდა მოეწონოს – საზოგადოების ორი მესამედი რუსეთს საფრთხედ აღიქვამს, ხელისუფლება კი თავისი პოლიტიკით ამ საფრთხეს ვერ უმკლავდება. 

ამიტომ, თითქმის ყველა, თუნდაც უსაფუძვლო ამბიციის მქონე ოპოზიციური პარტია, რუსეთის თემაზე პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას ცდილობს და ამომრჩეველს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის ნორმალიზებას ჰპირდება. ეს თავისთავად მშვენიერი განზრახვაა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არცერთი მათგანი არ, ან ვერ აკონკრეტებს რა ნაბიჯებს გადადგამს ამისთვის, ანუ ჩვენ არ ვიცით როგორ და, რაც მთავარია, რის ხარჯზე მოხდება რუსეთთან ურთიერთობის “დალაგება”, რა დათმობებზე წასვლა მოუწევს საქართველოს და სანაცვლოდ რას მიიღებს ჩრდილოელი მეზობლისაგან. 

ფაქტია, რუსული საფრთხის მოგვარება მოსახლეობას ნებისმიერ ფასად არ სურს. ამის მაგალითი ნინო ბურჯანაძის და ზურაბ ნოღაიდელის გამოცდილებაა – პუტინის გვერდით დგომის დემონსტრირებით მათ მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური სუიციდის პროცესი დააჩქარეს. 

იმასაც ვხედავთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილს, ჩვენს მოქალაქეებში NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი არ გაუნელებია. ამ ორგანიზაციებში ინტეგრაციას, ბოლო კვლევებით, მოსახლეობის სამი მეოთხედი უჭერს მხარს. აშკარაა, რომ ქართველ ხალხს რუსეთთან ურთიერთობის “დალაგებაში” დასავლური პოლიტიკური კურსის გაცვლა არ უნდა.  

ამიტომ, ღიად პრორუსული კურსის აღება და დასავლურ ორიენტაციაზე უარის თქმა, არცერთი ადგილობრივი პოლიტიკური ძალისთვის მომგებიანი არ არის. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც NATO-სკენ სწრაფვის მიზანშეწონილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. მაგალითად, ეროვნული ფორუმის ლიდერები – მათ მყისიერად მოუწონეს ბ-ნ ივანიშვილს, როგორც თავად აღნიშნავენ, ბალანსის პოლიტიკა. აღსანიშნავია ასევე ლეიბორისტული პარტია, რომელიც “არც რუსეთი, არც NATO” ლოზუნგით მოქმედებს და საქართველოსთვის საუკეთესო გამოსავლად ნეიტრალიტეტი მიაჩნია. საინტერესოა, რომ თავის დროზე იგივე ისურვა რუსეთის ბოლო ელჩმა საქართველოში – სერგეი კოვალენკომ 2007 წელს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სურს საქართველო “სუვერენულ, დემოკრატიულ და ნეიტრალურ სახელმწიფოდ” იხილოს. 

ჩვენმა ქვეყანამ ნეიტრალიტეტის შედეგები ერთხელ უკვე მწარედ იგემა. 1920 წლის 5 მაისის მოსკოვის ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. შემდეგ საქართველოდან ბრიტანული ჯარი გავიდა. საბჭოთა რუსეთმა მეზობელი ნეიტრალური სახელმწიფოს არსებობა მხოლოდ 9 თვე აიტანა. 

ნეიტრალიტეტმა ვერც ფინეთი იხსნა, რომელსაც 1939 წელს საბჭოთა კავშირი დაესხა თავს და მას შემდეგ, რაც გაწითლება ვერ შეძლო, იძულებული გახდა კარელიის ოკუპაციას და ანექსიას დასჯერებოდა. რუსეთის მეზობლები ნეიტრალიტეტის დახმარებით საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას ვერც თანამედროვე ეპოქაში ახერხებენ – ამის საუკეთესო მაგალითი მოლდოვაა, რომელსაც ნეიტრალიტეტის პრინციპი 1994 წლიდან კონსტიტუციურად აქვს გამყარებული, მაგრამ დნესტრისპირეთს მაინც ვერ იბრუნებს. 

ცხადია, რომ ნეიტრალიტეტი არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ერთია, გამოაცხადო ნეიტრალიტეტი კენია-სომალის სამხედრო დაპირისპირების დროს, მაგრამ შეუძლებელია იყო ნეიტრალური, როცა საქმე საკუთარი ქვეყნის ყოფნა-არყოფნას, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ეხება. თუ აგრესორს წინააღმდეგობას არ უწევ – ეს ან კაპიტულაციას, ან კოლაბორაციას ნიშნავს და არა ნეიტრალიტეტს. 

სხვა პოლიტიკოსები ცდილობენ, პროდასავლური იმიჯი რუსეთთან დაშოშმინების პოლიტიკას შეუხამონ. ისინი NATO-ში გაწევრიანებას შორეულ ან განუხორციელებელ პერსპექტივად მიიჩნევენ. თვლიან, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე უარი არ უნდა ვთქვათ, მაგრამ არც ფორსირება მოვახდინოთ, რადგანაც ამით რუსეთს მხოლოდ ვაღიზიანებთ. ამიტომ პრიორიტეტად ევროკავშირში ინტეგრაციას მიიჩნევენ. მაშინ როცა აქამდე, ევროკავშირის წევრი ყველა პოსტსოციალისტური ქვეყანა ამ გაერთიანებაში NATO-ს გავლით მოხვდა, გაუგებარია რას ეფუძნება რწმენა, რომ საქართველოს დასავლური ინტეგრაცია საპირისპირო მიმდევრობით განხორციელდება. 

რეალურად, რუსეთის მთავარი პრობლემა არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, არამედ საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტია. ეს რომ ასე არ იყოს, კრემლი ხელს არ შეუშლიდა ნეიტრალური მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და არც „ბლოკებსმიღმა” სტატუსის მქონე უკრაინასა და  ანტიდასავლურ ბელარუსთან ექნებოდა პრობლემები. ცხადია, მოსკოვმა მშვენივრად იცის, რომ NATO-ს გაფართოება რუსეთს არანაირ საფრთხეს არ უქმნის – შანსი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მას როდესმე თავს დაესხმება, შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს. ყველაზე მთავარი, რაც ჩვენს მეზობელს აწუხებს, ყოფილი ვასალის გავლენის სფეროდან საბოლოო გასვლაა. საქართველოს, უკრაინის ან ნებისმიერი სხვა, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის NATO-ში ინტეგრაცია კი სწორედ ამას ნიშნავს. 

ბევრი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას ყოფილი ზესახელმწიფოს ფსიქოლოგიური კომპლექსებით ხსნის. მათ მიაჩნიათ, რომ ამ ქვეყანასთან ურთიერთობისას მისი ეროვნული ღირსება და თავმოყვარეობა უნდა გავითვალისწინოთ. ისინი პარალელს ავლებენ 90-იანი წლების დაკნინებულ რუსეთსა და პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულ გერმანიას შორის და ამტკიცებენ, რომ პუტინის რევანშისტულ პოლიტიკას 90-იან წლებში ეროვნული დამცირების ნიადაგზე შეძენილი არასრულფასოვნების კომპლექსი კვებავს. საინტერესოა, რატომ დასავლეთ გერმანიას არ დაემართა იგივე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ? 

რუსეთის ღირსებას და თავმოყვარეობას, სწორედაც რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი ლახავს. კრემლი ძლივს შეეგუა ბალტიის დაკარგვას და საქართველოს დამოუკიდებლობას კიდევ უფრო მეტად განიცდის – იცის, რომ რუსეთის გავლენიდან ჩვენი საბოლოო გასვლა, ადრე თუ გვიან, დომინოს ეფექტს გამოიწვევს პოსტსაბჭოთა სივრცეში და რუსეთის რეგიონალურ ჰეგემონიას მნიშვნელოვნად შეზღუდავს. 

“რომანტიკულ”-იმპერიული ინსტინქტის გარდა, რუსეთის მოტივაციას ენერგეტიკული ინტერესი განაპირობებს, რაც პუტინის პირობებში მეტისმეტად პოლიტიზებულია. მილსადენებისა და ნედლეულის მეშვეობით, რუსეთს ევროპაზე ენერგეტიკული ბერკეტი აქვს და უკრაინის მაგალითზე აჩვენა, რომ პოლიტიკური მიზნებისათვის მის გამოყენებაზე უკან არ დაიხევს. 

სამხრეთ კავკასიის დაკარგვა მოსკოვს კიდევ უფრო დაასუსტებს – ევროპულ ბაზარზე კასპიის ენერგორესურსების სახით კონკურენტი გაუჩნდება. ამასთანავე, ალტერნატიული მილსადენის არარსებობის გამო, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისაგან გაზს იაფად ყიდულობს და საკუთარი მილსადენების გავლით, თავად ძვირად ყიდის ევროპაში. 

სწორედ ამ და სხვა ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთშიც და საქართველოშიც სამ-სამი ლიდერი გამოიცვალა, ორ ქვეყანას შორის საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა. გორბაჩოვი, ელცინი და პუტინი, ხოლო მეორე მხრივ – გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი აბსოლუტურად განსხვავებული იდეოლოგიისა და პიროვნული თვისებების მქონე ლიდერები იყვნენ, თუმცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზება ვერცერთმა შეძლო. 

გამსახურდიას რა მოუვიდა დიდწილად რუსეთის, ნაწილობრივ ჩვენი წყალობით, ყველამ ვიცით. შევარდნაძეც მიუღებელი იყო, იმიტომ რომ, როგორც ამბობდნენ, რუს გენერლებს არ უყვარდათ, ვითომ ბერლინის კედლის დანგრევას “არ პატიობდნენ”, ტერაქტებს უწყობდნენ. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა ეთნიკური წმენდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, გვბომბავდნენ, იყო მსხვერპლი, შემოიღეს სავიზო რეჟიმი. ახლა რუსეთის პრობლემას სააკაშვილი ჰქვია, ამტკიცებენ, რომ სანამ ის არ წავა, საქართველოს ხელისუფლებას არ დაელაპარაკებიან.

ცდუნება, სააკაშვილს დააკისრო რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებაზე პასუხისმგებლობა, ძალიან დიდია და პოლიტიკოსთა უმრავლესობა ვერ უძლებს, იმის იმედით, რომ დღეს შესაძლოა ზოგს აღარ ახსოვს – ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სააკაშვილმა რუსეთს მეგობრობის ხელი გაუწოდა. პრეზიდენტის რანგში მისი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სწორედ მოსკოვში შედგა 2004 წელს. მაშინ ის ბევრმა რუსეთის დედაქალაქში  გაკეთებული ზედმეტად თბილი განცხადებებისთვის გააკრიტიკა. 

როგორც მოსალოდნელი იყო, ორი ქვეყნის ლიდერის ურთიერთობა მალე გადაიზარდა მტრობაში. მოსალოდნელი იმიტომ, რომ რუსეთისთვის არამცთუ პერსონალურ ფაქტორს, არამედ პოლიტიკურ კურსსაც იმდენად აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები გავლენის სფეროდან ისე არ დაუძვრნენ, როგორც ბალტიისპირეთი. უფრო ზოგადად რომ ვთქვა, ჩრდილოელი მეზობელი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობას ვერ ეგუება. ამის მაგალითი თუნდაც იანუკოვიჩის უკრაინა და ლუკაშენკოს ბელარუსია. იანუკოვიჩმა NATO-სთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა, უკრაინა მიუმხრობელ სახელმწიფოდ გამოაცხადა, რუსული ფლოტი ყირიმში დატოვა – შედეგად კი ის მიიღო, რომ პუტინმა უკრაინული გაზის სატრანსპორტო სისტემის გაზპრომისთვის ჩაბარება, ხოლო შემდეგ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტა და ევრაზიულ კავშირში შესვლა მოსთხოვა. რაც შეეხება ლუკაშენკოს, დღეს, ჩვენ ორ სლავურ სახელმწიფოს შორის “ცივი ომის” მომსწრენი ვართ. 

როგორც ირკვევა, დღემდე ძალაში რჩება ამერიკელი დიპლომატის და ისტორიკოსის ჯორჯ კენანის დაკვირვება იმის შესახებ, რომ რუსეთს შეიძლება მხოლოდ მტერი, ან მონა ჰყავდეს მეზობლად. ბუნებრივია, ჩვენს ინტერესებში არც რუსეთის მტრობა შედის და არც მისი მონობა, მაგრამ მოცემულობა ასეთია და საქართველოს მისი შეცვლა არ ხელეწიფება. 

ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ამ არჩევანის სიმძიმეს ვერ უძლებს, ზოგიც ამ ვითარებით გამორჩენას არ თაკილობს. მაგრამ ერთნიც და მეორენიც საკუთარ სულმოკლეობას გამჭრიახობად ასაღებენ და ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ სწორედ მათ ძალუძთ ნანატრი მშვიდობა დაამყარონ ჩრდილოელ მეზობელთან. როგორც რონალდ რეიგანი ამბობდა, “ჩვენ არ ვკამათობთ იმაზე, ომი ვარჩიოთ, თუ მშვიდობა, მაგრამ მშვიდობასთან მხოლოდ ერთი გარანტირებული გზა მიდის და თანაც წამიერად – ეს გზა დანებებაა”.

"...ჩვენი ეროვნული ინტერესების უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაა. სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებზე აქცენტების გაკეთებისგან კი თავი უნდა შევიკავოთ...

– საქართველომ უარი უნდა თქვას NATO-ში შესვლაზე?

– საერთოდ, რეალისტური პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ – დღეს და მით უმეტეს სააკაშვილის ნაბიჯებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, NATO- ში გაწევრიანება არის განუხორციელებელი ამოცანა; მაგრამ, მეორე მხრივ, NATO თვითონ განიცდის ტრანსფორმირებას. NATO ვერ იქნება იგივე, რაც იყო 50 წლის განმავლობაში. ისიც შეიცვლება. ამიტომ, სწორი საგარეოპოლიტიკური აქცენტებითა და რეალისტური პოლიტიკით, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ დიალოგის აღდგენას აფხაზებთან, ოსებთან; სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას და პოლიტიკური დიალოგის დაწყებას, შემდგომ უკვე პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენას რუსეთთან..."

ირაკლი ალასანია, 21 სექტემბერი 2011 წელი, საქართველო და მსოფლიო
http://geworld.ge/index.php/world/293-katpolitika/2658-irakli-alasania-natoshi-gawevrianeba-ganuxorcielebelia

 

...ახლა, როცა ანტიხალხური ძალების მოქმედება თვით საქართველოშიც ერთ ნაკადად შეიკრა, სოჭის ხელშეკრულების, როგორც გუდაუთაში ამბობენ, „სპონტანური" ძირის გამოთხრა, რუსეთის ზოგიერთი უმაღლესი ჩინის სამხედროთა მოქმედება და რუსეთის პარლამენტის პოლიტიკა ჩვენ გვაძლევს უფლებას ვამტკიცოთ, რომ კარგად კოორდინირებულ და სინქრონიზებულ ერთობლივ შემოტევასთან გვაქვს საქმე. მე მინდა მსოფლიომ შეიგნოს: აფხაზეთი იმპერიის სისხლიანი რევანშის საბრძოლო ველია...

...უკვე მერამდენედ, ვენდეთ რა რუსეთის სამშვიდობო მისიას, მის, როგორც გარანტისა და შუამავლის როლს, დავდეთ 1993 წლის 27 ივლისს შეთანხმება და პასუხად კვლავ ღალატი მივიღეთ. ...კვლავ აქუხდნენ ქვემეხები და შეტევაზე გადმოვიდნენ ბოევიკები, რომლებიც თითქოს განიარაღებული ჰყავდათ, და ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ვთქვათ, რომ ხელშეკრულების შესრულების გარანტმა მხარემ ან არ ისურვა, ან ვერ შეძლო ყოფილიყო გარანტი...

...მე კვლავ მივმართავ ბორის ნიკოლოზის ძე ელცინს, გაეროს უშიშროების საბჭოსა და ბატონ ბუტროს გალის, მთელ პროგრესულ დემოკრატიულ რუსეთს, მთელ მსოფლიო გაერთიანებას მოწოდებით: ნუ დაუშვებთ საზარელ დანაშაულს, შეაჩერეთ პატარა ქვეყნის დასჯა, იხსენით ჩემი ხალხი იმპერიული რეაქციის კოცონზე დაწვისაგან. მსოფლიოს უფლება არა აქვს, შეურიგდეს ერთ-ერთი უძველესი ხალხის, დიდი კულტურის შემოქმედისა და მაღალი სულიერი ტრადიციების ქვეყნის მოსპობას...

...მინდა, რომ ეს ყველამ გაიგოს, რადგან კაცობრიობა ბედნიერი ვერ იქნება, მშვიდად ვერ ისარგებლებს მშვიდობის სიკეთით, სანამ დაღუპვის საფრთხე ელის თუნდაც ერთს, დაე, ყველაზე მცირერიცხოვან ხალხს...

ედუარდ შევარდნაძის მიმართვა საქართველოს ყველა მეგობარს. 18 სექტემბერი, 1993

 

"სააკაშვილმა მოახერხა, აბსოლუტურად არაადეკვატური, გაუაზრებელი, არადიპლომატიური განცხადებებით, წყობიდან გამოეყვანა რუსეთის მთავრობა და შედეგად მივიღეთ ის, რომ, პრაქტიკულად, რუსული ბაზარი საქართველოსთვის მთლიანად ჩაიკეტა.

რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების მოლოდინს, ეს ჩემი სურვილია, ბოლოდან დავიწყებ თქვენს კითხვას და როგორ მოახერხებს ამას, ყველა ერთად დავინახავთ. რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რომელსაც ჩვენი მოსვლის შემდეგ მყისიერად დავიწყებთ, მე არ მაქვს ილუზია, რომ ეს იქნება იოლი და არც განსაკუთრებული ფორმულები გამაჩნია. მე დიდი იმედი მაქვს ინტერესთა თანხვედრის, რა თქმა უნდა, ინტერესების დალაგებაზე როცა ჩამეკითხეთ, ალბათ, პირველ რიგში, მხედველობაში გაქვთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მდგომარეობა, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ძირითადი, რისი იმედიც მე გამაჩნია, ის არის, რომ მოხდება ინტერესთა თანხვედრა, ასეთ სიტუაციაში ყოფნა დღეს არც რუსეთისთვისაა სასარგებლო".

ბიძინა ივანიშვილი, 1 ნოემბერი, პრესკონფერენცია

 

"…ივანიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს საგარეო ურთიერთოებში ბალანსის პოლიტიკა სჭირდება, არა სიახლე, არამედ იმის დადასტურებაა, რაც ქვეყნისთვის საჭირო და აუცილებელია…

…თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, რომელიც ომის ისტორიაა, ჩვენი წინაპრები ქვეყანას სწორედ ბალანსის პოლიტიკით ასულდგმულებდნენ. ევროპასთან დაახლოება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ხელს არ უშლის. ჩვენ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში, ცივი ომის ეპოქაში ვართ დარჩენილები. ეს პერიოდი დასრულებულია, ამერიკა და რუსეთი არა დაპირისპირებული მხარეები, არამედ ბევრ საკითხში მოკავშირეები და პარტნიორები არიან. ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში კავკასიისა და საქართველოს სახით, მცირე უმნიშვნელო საკითხი არსებობს, რომელიც ერთი უჭკუო კაცის გამო საკუჭნაოში აქვთ გადადებული. დროა, ჩვენ ცივი ომის ეპოქიდან გამოვიდეთ…

…ამ საკითხს რომ ნატო მოგვიგვარებდა, ამის ილუზიები ქვეყანაში 2008 წლის ომის დროსაც არსებობდა. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ და გავარკვიოთ, ნატო-ში მდინარე ფსოუდან შევდივართ, თუ ენგურიდან".

გუბაზ სანიკიძე. 27 ოქტომბერი, 2011. პრაიმ ტაიმის პრესკლუბი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები