ვისკი

შოტლანდიური ვისკის ძალიან მოკლე შესავალი

0 კომენტარი

აცივდა და ვისკის სეზონიც მოგვადგა კარს. ვისკებიდან ყველაზე გამორჩეული, რა თქმა უნდა, შოტლანდიურია. მის კიდევ ერთ სამშობლოდ ირლანდია ითვლება, ამ სასმელს ხდიან ამერიკელები, კანადელები და იაპონელებიც, მაგრამ ნამდვილ ვისკიზე როდესაც ჩამოვარდება ხოლმე სიტყვა, პირველ რიგში, შოტლანდიური ღვთაებრივი SINGLE MALT-ები, ერთალაოიანი ვისკები მახსენდება.

სპეისაიდი და ორკნეის კუნძულები ცენტრალურ და ჩრდილოეთ შოტლანდიაში, ასევე ლოულენდსი სამხრეთში, ქემპბელთაუნის ნახევარკუნძული და კუნძული აილი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით. შოტლანდიურ ვისკის ძირითადად ქერისგან ამზადებენ და არსებობს სასმელის სამი ძირითადი ნაირსახეობა: Single Malt, Pure Malt და Blend.

როგორც ზემოთაც ვთქვი, SINGLE MALT ერთალაოიან ვისკის ნიშნავს, იგი ნამდვილი არისტოკრატია, ვისკების მეფე. მის გამოსახდელად მხოლოდ ქერს იყენებენ, ერთი წლის მოსავალს, რომელსაც კარგად არჩევენ, ასუფთავებენ და აშრობენ. შემდეგ ასველებენ და 10 დღის მანძილზე აღვივებენ. ამასობაში ქერის სახამებელი შაქრად იქცევა, რომელიც დუღილისთვისაა აუცილებელი და მალე ტორფზე გაშრობა-შებოლვის დროც დგება. ასე მიიღება ალაო, მთავარი კომპონენტი ვისკისთვის.

გასუფთავებულ და დაფქულ ალაოს (Grist) თბილ წყალს ასხამენ და ამ ტკბილ წვენს (Wort) საფუარს ამატებენ. დუღილი ორი დღე-ღამე გრძელდება. მიღებულ 5-8%-იან ლუდს (Wash) ორჯერ ხდიან. პირველი აპარატიდან (Wash Still) გამოხდილ სითხეს Low Wine-ს უწოდებენ და მას 25-30%-იანი სიმაგრე აქვს, უკვე მეორე აპარატიდან (Wash Still) კი 65-70%-იანი ვისკი მოწვეთავს. მეორე გამოხდის დროს “თავსა” და “ბოლოს” აცლიან სასმელს (ჩვენებური ჭაჭის ენაზე, “წინწანაქარსა” და “კუდს”), “გულს" კი, ანუ ძირითად ნაწილს, წყაროს წყალს ამატებენ, რათა ვისკის სიმაგრემ 50%-მდე დაიკლოს. შენახვა ძველ კასრებში ხდება, სადაც ადრე ბურბონი (ამერიკული ვისკი) ესხა. ყველაზე ელიტურ Single Malt-ს კი მხოლოდ ხერესის კასრებში აძველებენ.

დაძველების პროცესშივე ხდება ალკოჰოლის აორთქლება, რომელსაც “ანგელოსთა წილი” ჰქვია და ვისკი 40%-ზე დგება. კანონების მიხედვით, ვისკი უნდა დაძველდეს არანაკლებ სამი წლის განმავლობაში, ოპტიმალური დრო კი 10-20 წელია, თუმცა 30-50-წლიანი დაძველების ვისკიც არსებობს და, როგორც ამბობენ, მისი გემო კუბოს კარამდე მიჰყვება დამლევს.

Pure Malt ითარგმნება როგორც სუფთაალაოიანი ვისკი და სხვადასხვა ხარისხისა და სხვადასხვა ქარხანაში გამოხდილი Single Malt-ების ნარევს წარმოადგენს. მისი ძირითადი არსი ყველაზე მძაფრი სინგლების შედარებით რბილი ვისკით (ასევე Single Malt-ებით) განელებაში მდგომარეობს. ამ ვისკის Vatted Malt-საც უწოდებენ.

Blend ესაა შერეული, ანუ კუპაჟირებული ვისკი. ვისკის სპეციალისტები ხშირად ამბობენ ხოლმე: გამოხდა – მეცნიერებაა, კუპაჟირება კი ხელოვნებაო, ჰოდა, ამ ხელოვნებას, რა უცნაურიც უნდა იყოს, მხოლოდ XIX საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი (არადა, დღეს ყველაზე დიდი რაოდენობით, სწორედ ბლენდები იყიდება მთელ მსოფლიოში). ენდრიუ იუშერი პირველი იყო, ვინც 1860 წელს ალაოსა და ხორბლის ვისკები შეურია ერთმანეთს და ამით ბლენდის სახელოვან ისტორიასაც დაუდო სათავე. ბლენდი ყველაზე გავრცელებული ვისკია. მაგალითად, ბლენდია J&B, Johnnie Walker, Chivas Regal, Cutty Sark, The Famous Grouse, Ballantine's და ა.შ. თუკი ბლენდის ბოთლზე ვისკის ასაკია მითითებული, ეს ნიშნავს, რომ ამდენივე წლისაა კუპაჟში არეული ყველაზე ახალგაზრდა ვისკი. თუკი ძველი Single Malt-ების წილი მეტია ნარევში, მაშინ ბოთლზე Deluxe ან Premium უნდა ეწეროს.

არსებობს საკოლექციო, ძალიან ძვირფასი ბლენდებიც, მაგრამ მე რომ მკითხოთ, არსად ისე არ იგრძნობა ადგილის გემო და არცერთი სასმელი არ აღვივებს გეოგრაფიულ ფანტაზიას ისე, როგორც კარგი, ნამდვილი Single Malt. მოსვამ, ვთქვათ, რომელიმე აილის ვისკის, სადაც იოდისა და ზღვის ტონებს, ტორფისა და ძველი სახლის სურნელები ემატება და იწყება მოგზაურობაც. ამ დროს ხვდები, რომ ალკოჰოლთან ერთად სხვა რაღაცებიც გათრობს – ფიქრები, განცდები, მოგონებები და, რაც მთავარია, ოცნებები.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები