ევროპის ენერგომომარაგება

მილსადენები და რუსეთი

0 კომენტარი

ამ დრომდე, ტრანსკასპიური მილსადენი, ნაბუკოს პროექტის განხორციელების საქმეში, მთავარი სუსტი რგოლი იყო. ამის ძირითადი მიზეზი კასპიის ზღვის სადავო სტატუსია. თუმცა ევროკავშირმა, როგორც ჩანს, თურქმენეთთან და აზერბაიჯანთან საერთო ენის გამონახვა მაინც შეძლო. ეს ფაქტი რუსეთის გაზპრომისთვის დიდი დარტყმაა, შესაბამისად, ამ ქვეყნებისადმი რუსეთის მკაცრი ტონი ღია მუქარამ შეცვალა.

კასპიის ზღვის სანაპიროს 5 ქვეყანა იყოფს: რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი, თურქმენეთი და ყაზახეთი. კასპიის ზღვის სანაპირო 7,010 კილომეტრამდე აღწევს. აქედან 2,340 კმ ეკუთვნის ყაზახეთს, 1, 930 კმ – რუსეთს, 1,200 კმ – თურქმენეთს, 650 კმ – ირანს, ხოლო 200 კმ – აზერბაიჯანს.

კასპიის ზღვასთან დაკავშირებული პრობლემები ამ ხუთ ქვეყანას შორის ზღვაში არსებული ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მდიდარი რესურსების განაწილებას უკავშირდება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ხუთივე სახელმწიფოს, საერთო ჯამში, 13.1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის და 233 მილიარდი ბარელი ნავთობის პოტენციალი აქვს. ნავთობის რეზერვების მიხედვით ლიდერობენ: ყაზახეთი – 92 მილიარდი ბარელი, თურქმენეთი – 80 მილიარდი ბარელი და აზერბაიჯანი – 32 მილიარდი ბარელი. ბუნებრივი გაზის რეზერვებს რაც შეეხება, თურქმენეთი რეგიონის რეზერვების ნახევარზე მეტს ფლობს. კასპიის ზღვაში არსებული ამ პოტენციური რეზერვებიდან, ნავთობის რეზერვების 4% და ბუნებრივი გაზის რესურსების 63% უკვე აღმოჩენილია. 1989 წლის შემდეგ, კასპიის ზღვის სანაპიროზე დამოუკიდებელი სტატუსის მქონე სამი ახალი ქვეყანა გაჩნდა. ამის შემდეგ კასპიის ზღვის სტატუსი – როგორც ზღვაში არსებული რესურსების განაწილების საფუძველი – სერიოზულ პრობლემად იქცა.

კასპიის ზღვასთან დაკავშირებული უთანხმოებები შეიძლება ოთხ ჯგუფად დაიყოს. ერთი მიდგომის მიხედვით, ის სინამდვილეში სასაზღვრო ტბაა. ამ მიდგომის შესაბამისად, კასპიის წყალი უნდა დაიყოს ეროვნულ სექტორებად და თითოეულ ქვეყანას საკუთარ სექტორში შემავალი ნაწილის სრული ათვისების უფლება ჰქონდეს. ამის საპირისპირო მიდგომით, კასპიის ზღვა ჩაკეტილი ზღვაა ანუ სხვა ზღვებთან კავშირი არ აქვს. ამიტომ, არსებული რესურსების ათვისება ყველა ქვეყნის თანხმობის შემთხვევაში უნდა მოხდეს. არცერთ სახელმწიფოს არ შეეძლება დამოუკიდებლად მოქმედება. შემდეგ ორ მიდგომას ის აერთიანებს, რომ თითოეული ქვეყანა გარკვეულ ნაწილს უნდა ფლობდეს, სადაც დამოუკიდებლად მოქმედების უფლება ექნება; ხოლო დანარჩენი ნაწილის ათვისება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამაზე ყველა ქვეყანა შეთანხმდება. ბოლო ორი მიდგომის შემთხვევაში, მხარეები ვერ თანხმდებიან პრინციპზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნების ინდივიდუალურ მფლობელობაში გადასასვლელი ნაწილები დაიყოფა და განაწილდება.

რუსეთი ჩაკეტილი ზღვის მიდგომის მომხრეა. ეს, თავისთავად, ნებისმიერი არასასურველი სცენარის შემთხვევაში, ვეტოს უფლებას გულისხმობს. კრემლისთვის ეს მიდგომა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც დასავლეთთან აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ურთიერთობები გაუმჯობესდა. შესაბამისად, ევროპამდე ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მიტანის ალტერნატიული მარშრუტები გამოჩნდა. ტრანსკასპიური მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქმენეთს აკავშირებს ერთმანეთთან, რუსეთისთვის ორმაგად მტკივნეული თემაა. მილსადენის ამოქმედება პრაქტიკულად კასპიის ზღვის დე ფაქტო სექტორებად დაყოფის აღიარებას ნიშნავს.

მოსკოვს ამის დაშვება არ სურს. ბოლო დროს რუსეთი კასპიის ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობით განსაკუთრებით დაინტერესდა. ამით თავისი რეალური ინტერესების ლობირებას ცდილობს. კიდევ ერთი ბერკეტი, რომელსაც კრემლი იყენებს, საბჭოთა კავშირსა და ირანს შორის 1927 წელს გაფორმებული ხელშეკრულებაა. მისი მიხედვით, საბჭოთა კავშირისა და ირანის საზღვარი დადგინდა. კასპიის რესურსების 88% მოხვდა საბჭოთა კავშირის მხარეს, ხოლო 12% დარჩა ირანს. 1994 წლის 5 ოქტომბერს, რუსეთმა გაეროს მემორანდუმზე განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის ირანთან მიღწეული შეთანხმება დღემდე ძალაშია და რუსეთი რეგიონის დანარჩენი ქვეყნებისგან ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს არ აიტანს.

კრემლის მთავარი სამიზნე აზერბაიჯანი და თურქმენეთია. ორივე ქვეყანას მიაჩნია, რომ ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის განსახორციელებლად საკმარისია იმ ქვეყნების თანხმობა, ვის ტერიტორიაზეც ეს გაზსადენი გაივლის. ამ მიდგომას რუსეთი და ირანი ეწინააღმდეგება. მოსკოვმა და თეირანმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მსგავსი პროექტის რეალიზებისთვის ხუთივე ქვეყნის თანხმობაა აუცილებელი.

თურქმენეთი, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ბოლო პერიოდამდე, ტრანსკასპიურ მილსადენთან და ნაბუკოსთან დაკავშირებით თავის მიზნებს ღიად არ აცხადებდა. 18-19 ნოემბერს თურქმენეთმა დაადასტურა, რომ ის მზად არის ევროპას ყოველწლიურად 40 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს ტრანსკასპიური მილსადენის მეშვეობით. ეს მილსადენი სამხრეთ კავკასიის გავლით ნაბუკოს პროექტს დაუკავშირდება.

ნაბუკოს პროექტის მიხედვით, გაზის ტრანსპორტირება კასპიის რეგიონიდან რუსეთის გვერდის აქცევით, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით, ევროპაში მოხვდება. უკვე არსებული ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი გაიზრდება და მაგისტრალის საბოლოო სიგრძე 3.3 ათასი კილომეტრი იქნება. ნაბუკო 30 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 7.9 მილიარდი ევროა.

თურქმენეთის მიერ გამოყოფილი გაზის მოცულობა საკმარისი იქნება, რომ ნაბუკო შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. თურქმენეთი მთლიანად ბიუჯეტიდან აფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენსაც. მილსადენის მშენებლობა 2 მილიარდი დოლარი ჯდება და 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს. მილსადენი ნაბუკოს პროექტს დაუკავშირდება. თურქმენეთისთვის ეს სერიოზული დივერსიფიკაციის შანსია: ტრანსკასპიური და ნაბუკოს მილსადენების მეშვეობით, ის შეძლებს, რუსეთის გაზპრომის გარდა, სხვა მყიდველებიც მოიზიდოს.

გაზპრომი თურქმენეთისგან გაზს დაბალ ფასად ყიდულობს და შემდეგ ევროპაში მოგების მაღალი მარჟით ყიდის. შესაბამისად, მოგებული გამოდის ყველა – გაზპრომის გარდა, რომლის მოგებაც, სხვადასხვა გათვლებით, სულ მცირე, განახევრდება.

რუსეთი ღია მუქარაზე გადავიდა. ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა ტრანსკასპიურ გაზსადენთან დაკავშირებით ოფიციალურ პოზიციას შეიმუშავებს. შემდეგ კასპიის რეგიონის დანარჩენ სახელმწიფოებს გააცნობს, რომ მათ „შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება გაუადვილდეთ”.

ნოემბერში, დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა Независимая газета-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრანსკასპიურ მილსადენთან დაკავშირებული მოვლენები რუსეთისთვის მიუღებელია და თუ ქვეყნები პოზიციას არ შეიცვლიან, მაშინ რეგიონი ზუსტად ისეთ ოპერაციას მიიღებს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები