ავტო

კადილაკის ახალი ფლაგმანი

ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე კადილაკმა წარადგინა თავისი ახალი ფლაგმანის, სედან XTS-ის კონცეპტუალური ვერსია, რომელმაც მალე, ჯენერალ მოტორსის პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელი ბრენდის საწარმოო პროგრამაში, ცარიელი, უმაღლესი ნიშა უნდა შეავსოს.

ავტომობილი, თავისი კლასის შესაბამისად, ზორბა გაბარიტებით გამოირჩევა: მისი სიგრძე 5131 მილიმეტრი, სიგანე 1851 მილიმეტრი, სიმაღლე 1501 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2837 მილიმეტრია. უკანა მგზავრების ფეხებისთვის თავისუფალი ადგილის სიგრძე 1016 მილიმეტრს შეადგენს, რაც 100 მილიმეტრით მეტია მე-5 სერიის ბეემვესა და E-კლასის მერსედესის და 51 მილიმეტრით მეტია აუდი A6-ის შესაბამის ზომაზე. გარდა ამისა, XTS-ის საბარგულის მოცულობა 509 ლიტრს აღწევს.

ახალი სედანი შესრულებულია კადილაკის ახალ კორპორატიულ სტილში, რომელსაც მისი ავტორები ხელოვნებას და მეცნიერებას უწოდებენ. პრინციპში, ეს პრემიუმ ბრენდის ძველი სტილის ევოლუციური ვერსიაა, რომლის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, მისი წახნაგოვანი ფორმები და ტრაპეციის ფორმის რადიატორია.

კადილაკ XTS აღჭურვილია 3.6-ლიტრიანი V6 ძრავით, რომელიც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემის დახმარებით, 300 ცხენის ძალას და მაქსიმუმ 358 ნიუტონმეტრს (როდესაც ძრავის ბრუნთა რიცხვი 5300 ბრ/წთ-ია) ავითარებს. ძრავთან წყვილში მუშაობს 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი (ჰაიდრა-მატიკ), რომელიც კოლოფის საფეხურების ხელით შეცვლის საშუალებას იძლევა. კოლოფიდან მაბრუნ მომენტს, წინა წამყვანი ბორბლები იღებს. მყიდველს ასევე სრულამძრავიან XTS-საც შესთავაზებენ. კადილაკს ჯერ თავისი ახალი სედანის დინამიკური და ეკონომიკური მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია.

ავტომობილის წინა დაკიდების სისტემა, რომელიც ჰაიპერ სტრატის სახელითაა ცნობილი, მაკფერსონის სისტემის მოდერნიზებული ვარიანტია, რომელსაც ზედა ორმაგი სამაგრი აქვს. ასეთ კონსტრუქციას ის უპირატესობა აქვს, რომ ზამბარებისა და ამორტიზატორისგან მიღებული დატვირთვა, ერთ წერტილში არ იყრის თავს. უკანა საკიდარზე H-ტიპის ბერკეტებია გამოყენებული, რხევებს კი პნევმოამორტიზატორები აქრობს.

გარდა ამისა, მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ წინიდან შეჯახების გამაფრთხილებელ ელექტრონულ სისტემას, ეგრეთ წოდებული ბრმა ზონების კონტროლის სისტემას და ადაპტირებად კრუიზ-კონტროლს.

ახალ ფლაგმანს, კადილაკის კანადური ქარხანა მომავალი წლიდან გამოუშვებს.

 

კომენტარები