ღვინის ტურიზმი

ოცნება თბილისურ ვენახებზე

0 კომენტარი

თბილისი უკვე საკმაოდ დატვირთულია ტურისტებით, მაგრამ სამწუხაროდ, დედაქალაქში ჯერ კიდევ ბევრი ნაკლია მათი მომსახურების თვალსაზრისით. ამ ნაკლთა შორის წამყვან პოზიციებზეა ღვინის ტურიზმი, რომლის განვითარებისთვისაც თბილისში ძალიან ცოტა რამ კეთდება.

ყველა, ვისაც ერთხელ მაინც უმასპინძლია ღვინით დაინტერესებული სტუმრისთვის, შეამჩნევდა, რომ რესტორნის გარდა, დედაქალაქში ღვინოსთან დაკავშირებული არანაირი სხვა აქტივობა არ არსებობს. არ არის ღვინის კაფეები, არც მცირე მარნებია, სადაც სტუმარს მიიყვანდი და, მით უმეტეს, არც ვენახებია გაშენებული ქალაქის შემოგარენში. არადა, ამ საკითხის მოგვარება გაცილებით უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდიდა ქალაქს, მით უმეტეს, თუკი კარგად დავაკვირდებით, თბილისი მევენახეობის ტრადიციულ ქალაქადაც კი შეიძლება წარმოჩინდეს.

საქართველო ვაზის სამშობლოა და ჩვენს ქვეყანაში ვაზისა და ღვინის ტრადიციაც უწყვეტად მოდიოდა ათასწლეულების მანძილზე. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ ჯერ ძველი დედაქალაქი მცხეთა, მოგვიანებით კი ქვეყნის ახალი დედაქალაქი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მევენახეობა-მეღვინეობასთან. სამწუხაროა, რომ დღეს, ჩვენს ქალაქში ვაზისა და ღვინის კვალი ისეთი ცხადი აღარაა, როგორც თუნდაც 2 საუკუნის წინ იყო.

აქ უხსოვარი დროიდან იყო ვენახები გაშენებული, ადრე შუა საუკუნეებში კი თბილისის ტერიტორიაზე თურმე ქვევრებსაც აწარმოებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, იმაზე მიუთითებს, რომ ამ ქვევრებში ძველი თბილისელები ღვინოსაც აყენებდნენ. თბილისური მევენახეობის ისტორიაში ჩავარდნებიც იყო, ძირითადად მაშინ, როდესაც ქალაქი დამპყრობელს ეკავა, თუმცა ამის მიუხედავად, ქალაქი მაინც იბრუნებდა ხოლმე ვენახოვანი დასახლების სტატუსს. მაგალითად, წყაროებიდან ვიცით, რომ XVIII საუკუნის ბოლოს კრწანისში და ორთაჭალაში საკმაოდ ვრცელი ვენახები იყო გაშენებული, რომლებიც მეფე ერეკლე II-ის შვილებს, იულონს და ანასტასიას ეკუთვნოდა. ასევე ვენახები იყო გაშენებული ახლანდელ ვერაზეც და დღევანდელი ზოოპარკის ტერიტორიაზე. უნდა ვახსენოთ ბატონიშვილ დავითის სახაზინო ბაღიც, რომელიც ახლანდელი თავისუფლების მოედნის უკან იყო გაშენებული და სადაც 1823 წელს 7 ათას ძირამდე ვაზი იყო ჩაყრილი. ვენახებით იყო დაფარული მტკვრის მარცხენა სანაპიროც, ახლანდელი აღმაშენებლის გამზირისა და დიდუბის ტერიტორიები.

დიდუბეში და მტკვრის მარცხენა სანაპიროს სხვა უბნებში გერმანელების ჩამოსახლების შემდეგ, ქალაქური მევენახეობა განსაკუთრებით წინ წავიდა. სწორედ ამ პერიოდში, მეფისნაცვალ ვორონცოვის თაოსნობით, ქვეყანაში პირველი უცხოური ჯიშებიც შემოიტანეს, რომელიც დიდუბიდან დაწყებული, დღევანდელი ნავთლუღის ბოლომდე გაშენებულ ვენახებში დაირგო. მაშინ განსაკუთრებული მოწონებით მუსკატი სარგებლობდა.

მევენახეობის კუთხით განსაკუთრებით გამოირჩეოდა გარეუბნები – დიდუბე, დიღომი, ავჭალა, გლდანი, ნავთლუღი და სხვა უბნები. ვარკეთილში საბჭოთა პერიოდში უზარმაზარ ფართობებზე იყო გადაჭიმული ვენახები, სადაც რქაწითელი, საფერავი, თეთრი ბუდეშური და სხვა ჯიშები მოჰყავდათ, ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობებზე კი ბოლო დრომდე შემორჩა საკოლექციო, იშვიათი ჯიშებით დატვირთული ვენახები. თბილისს ადგილობრივი ჯიშებიც ჰქონდა – დიღმურა, გლდანურა და თბილური, რომელთა აღდგენა და ხელახლა გავრცელებაც პრობლემას არ წარმოადგენს...

თბილისის მევენახეობის ისტორიაზე საუბარს აქ შევწყვეტ და მკითხველებს ავსტრიის დედაქალაქის, ვენის მაგალითს შევახსენებ, რომელიც თითქმის მთლიანად ვენახებითაა გარშემორტყმული და რომელმაც უკვე დაიმკვიდრა ღვინის ქალაქის სახელი. მცირე მარნები, შესანიშნავი ღვინის კაფეები, მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნები – ეს ყველაფერი ძალიან მიმზიდველს ხდის ქალაქს ჰედონისტი, სიამოვნების მაძიებელი სტუმრებისთვის. დამიჯერეთ, ასეთი რამის გაკეთება თბილისშიცაა შესაძლებელი, მით უმეტეს, რომ აქაურმა ჰავამ და ნიადაგმა ძალიან საინტერესო შედეგი შეიძლება გვაჩვენოს.

დროა გავაცნობიეროთ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, თბილისი კი – მისი დედაქალაქი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები