ვიკინგები და საქართველო

ფიქრები სტოკჰოლმიდან

 ავტორი: პერ ეკლუნდი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში 2006-2010 წლებში

დიდი ხანია სტოკჰოლმში ასეთი თბილი ნოემბერი არ გვქონია. მოწმენდილ ცაზე მოკაშკაშე მზე ისე ათბობდა არემარეს, გაზაფხული გეგონებოდა და ბუჩქებმა და ხეებმაც კვირტები გამოიღეს. თუმცა, ადამიანი ბუნებასავით ადვილად არ ტყუვდება და სითბოს მიუხედავად, ახლა ჩვენ შობის დღესასწაულისთვის ვემზადებით, საშობაოდ მორთული ქუჩებით, მაღაზიების ვიტრინებითა და სახლებით ვტკბებით... და თოვლს ვნატრობთ.

ერთ-ერთ ასეთ მშვენიერ დილას ერთდღიან სემინარზე დასასწრებად გავემართე. სემინარი ინგვარ მოგზაურის ლაშქრობებს ეძღვნებოდა. ინგვარი ვიკინგი იყო და მისი ლაშქრობის ამბავი, რომელშიც თავის, ზოგი წყაროს ცნობით, 1000-კაციან რაზმთან ერთად გაეშურა, 27 რუნულ სტელაზეა ამოტვიფრული. 1036-1041 წლებში ინგვარმა, თავის ლაშქართან ერთად, გეზი აღმოსავლეთისკენ აიღო და დიდი ალბათობით, შვედეთიდან კასპიის ზღვამდე მივიდა. რუნული სტელები ამ ლაშქრობების დროს დაღუპული მამებისა და ვაჟების უკვდავსაყოფად აღმართეს. ეს სტელები ვიკინგების ევფემიზმებზეც ბევრ რამეს გვიამბობს. მაგალითად, თუ წერია, რომ ვიღაცამ არწივს ბევრი საკვები მოუმარაგა, ეს ნიშნავს, რომ მან ბევრი ადამიანი მოკლა. თუმცა, ვიკინგები მხოლოდ პატივისა და სიმდიდრის მაძიებელი მებრძოლები არ იყვნენ. ისინი საზოგადოებებზეც ახდენდნენ გავლენას. მაგალითად, ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ უილიამ დამპყრობელი ვიკინგების შთამომავალი იყო ისევე, როგორც რუსეთის რომანოვები.

შვედეთში არსებული იმ 27 რუნული სტელის გარდა, ისლანდიურ საგებსა და ქართულ ქრონიკებშიც შეხვდებით ცნობებს, რომლებიც ამყარებს თეორიას შვედებისა და ქართველების ადრეული ურთიერთობების შესახებ. ქართლის ცხოვრებაში მოთხრობილია ვარანგებზე, რომლებიც მეფე ბაგრატ მეოთხის მხარეს იბრძოდნენ და, როგორც ჩანს, ვიკინგები სასირეთის ბრძოლაში, საქართველოში, მონაწილეობდნენ. ზოგი მკვლევრის მტკიცებით, ვიკინგების გავლენა დღესაც თვალნათელია საქართველოში და დასტურად ხევსურებისა და შვედეთში მცხოვრები ხალხის, საამების, ნაციონალური ტანსაცმლის ფერებისა და ფორმების მსგავსება მოჰყავთ.

ვიკინგები რომ საქართველოში ცხოვრობდნენ, სიმონეთში ვიკინგების სამარხების ბოლოდროინდელი გათხრებითაც დასტურდება. ამ სამარხებში ვიკინგების ტანსაცმლის საკინძეები და სამაჯურები აღმოაჩინეს. 2004 წელს კი შვედი მკვლევრების ჯგუფმა ექსპედიცია მოაწყო იმის დასადგენად, შესაძლებელი იყო თუ არა შვედეთიდან შავ ზღვამდე და შემდეგ, საქართველოს გავლით, კასპიის ზღვამდე მიცურვა. ექსპედიციის პასუხი დადებითი იყო: ვიკინგების ნავის ანალოგიით აგებული ხომალდით მათ ამ გზის გავლა შეძლეს. ვიკინგების მსგავსად, ამ ჯგუფმაც ხელით ატარა ნავი მთებსა და ხმელეთზე მდინარეებს შორის, სანამ მდინარე მტკვარს მიაღწევდა, იქიდან კი კასპიის ზღვამდე მიცურდა.

გლობალიზაცია ახალი ფენომენი ნამდვილად არ არის. ეგებ, იმ საკმაოდ იშვიათ ცისფერთვალება ქართველებიდან ზოგი ვიკინგების შთამომავალია? 1000 ვიკინგი, რომელიც მრავალი წელი ცხოვრობდა საქართველოში, საკინძეების, სამაჯურებისა და საფლავების გარდა, უთუოდ ბევრ სხვა კვალსაც დატოვებდა! 

სემინარი უპსალას უნივერსიტეტმა და საქართველოს საელჩომ მოაწყვეს. კარგი, ძველი ქართული ტრადიციისამებრ, ის რეკორდულად მოკლე დროში მოეწყო და პატარა სუფრითაც დასრულდა. მასში შვედი და ქართველი მკვლევრები მონაწილეობდნენ. ერთადერთი არაქართული სემინარის დაწყების დრო იყო – სისხამ დილით... 

კომენტარები