ბირმა

ბირმული გაზაფხული

 ნოემბერს, მიანმაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ისტორიული ვიზიტით იმყოფებოდა. ის პირველი ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც უკანასკნელი 50 წლის მანძილზე იზოლირებულ აზიურ სახელმწიფოს ესტუმრა. კლინტონის ჩასვლით, აშშ სამხედრო რეჟიმის მიერ მართულ ქვეყანაში დაწყებულ დემოკრატიულ რეფორმებს აქტიურად უჭერს მხარს. ამასთან, თეთრი სახლი რესურსებით მდიდარ მხარეში ჩინური გავლენის უკუგდებას ცდილობს. 

სამდღიანი ვიზიტის დროს ჰილარი კლინტონი ქვეყნის პრეზიდენტ ტეინ სეინს და ცნობილ დისიდენტს, ნობელის პრემიის ლაურეატ აუნ სან სუ ჩჟის შეხვდა. კლინტონის განცხადებით, აშშ მზადაა შეამსუბუქოს მკაცრი სანქციები, თუ მთავრობა პოლიტიკური თავისუფლებისკენ მეტ ნაბიჯებს გადადგამს. მიანმის პრეზიდენტმა კლინტონს აღუთქვა, რომ მთავრობა მეტ პოლიტიკურ პატიმარს გამოუშვებს. მიანმა შეწყვეტს სამხედრო თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან და მეტი ავტონომიისთვის მებრძოლ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ახალი გზების მონახვას შეეცდება. 

1962-2010 წლებში მიანმას (ყოფილი ბირმა) სამხედრო ხუნტა მართავდა, რომელმაც 1988 და 2007 წლების დემოკრატიული მოძრაობები სასტიკად ჩაახშო. 2007 წელს პრემიერ-მინისტრად ყოფილი გენერალი ტეინ სეინი დაინიშნა. 2011 წლის მარტში ის ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა. 2010 წლის ნოემბერში სამხედროებმა ახალი პარლამენტის პირველი არჩევნები ჩაატარეს და არმიის მიერ კონტროლირებულ პარტიას გაამარჯვებინეს. 2011 წელს პარლამენტის გადაწყვეტილებებმა ყველა გააოცა. პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლების და მკაცრი ცენზურის გაუქმების შემდეგ, მთავრობამ ახალი არჩევნების თარიღი განსაზღვრა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუნ სან სუ ჩჟის მიეცა, რომელიც უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. პრეზიდენტმა ობამამ ამგვარ ცვლილებებს „პროგრესის ციმციმი” უწოდა. ზომიერი რეფორმების გამო, ტეინ სეინის მიხაილ გორბაჩოვთან შედარებები წარმოიშვა.

მიანმის რეფორმები, ჩინური გავლენის შესაკავებლად, მთავრობის მცდელობას უკავშირდება. ეს განდეგილი ქვეყანა დიდხანს მიიჩნეოდა ჩინეთის „კლიენტ სახელმწიფოდ”, ხოლო პეკინი – მის ოფიციალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დასაყრდენად. ამგვარი სახიფათო კავშირები მიანმას საკმაო ფასად დაუჯდა, რადგან ჩინურმა ინტერესმა ბუნებრივ რესურსებში გადაინაცვლა. ამასთან ერთად, საერთაშორისო იზოლაციამ და რეპრესიულმა რეჟიმმა რეგიონში ერთ დროს უმდიდრესი ეკონომიკა გააღარიბა. ჩრდილოეთ მეზობელზე დამოკიდებულებამ ჩინელების უკონტროლო მიგრაცია გამოიწვია. 2004 წელს პროჩინური პრემიერ-მინისტრი და დაზვერვის უფროსი, გენერლებმა ძალაუფლებას მოაცილეს. 2009 წელს არმიამ 30 ათასი ჩინელი მოქალაქე საზღვარზე დააბრუნა. პრეზიდენტმა ტეინ სეინმა მდინარე ირავადიზე არაპოპულარული მრავალმილიარდიანი ჩინური კაშხლის პროექტი ჩაშალა, რასაც ჩინეთისთვის დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ახალ ლიდერებს ეკონომიკური გახსნის და დასავლური ინვესტიციების იმედი აქვთ, რასაც ობამას მიერ გამოცხადებული აშშ-ის აზიური სტრატეგიული გადანაცვლება ერთვის.

მიანმის ჩინეთისადმი დამოკიდებულებამ სხვა რეგიონალური ძალების ყურადღება მიიპყრო. ინდოეთმა ბიზნესზე ორიენტირებული „აღმოსავლეთისკენ ხედვის” სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვაჭრობასა და თანამშრომლობას უწყობს ხელს. უკანასკნელ ხუთ წელიწადში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა გაორმაგდა. ამასთან, დელი მიანმას ჩრდილოელ მეამბოხეებთან ბრძოლაში ეხმარება. აშშ ინდოეთის ამგვარ მიდგომას იწონებს. თავის მხრივ, იაპონია ინვესტირების გაზრდას აპირებს. 

გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, მიანმა შესაძლოა ამ საუკუნის „დიდი თამაშის” საგანი გახდეს. ჩინური და ინდური კავშირების შენარჩუნება და ქვეყნის გახსნით ამერიკის გაძლიერება, კონტინენტზე ძალთა წონასწორობას წარმოქმნის. საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, ჩინეთი უდიდესი უცხოელი მხარჯველი გახდა – 5 მილიარდი დოლარით წლიურ ვაჭრობაში. მას ინდოეთი მოსდევს – 4 მილიარდი დოლარით. ვაშინგტონთან მოლაპარაკებებით მიანმა რეგიონში ჩინეთის გავლენის შემაკავებელ მხარეს ეძებს. ქვეყანას დასავლეთი სანქციების გასაუქმებლად სჭირდება და მსოფლიოსთან დიალოგში ჩაბმა სურს. 

ჩრდილოეთ ბირმა „ოქროს სამკუთხედის” შემადგენელი ნაწილია, აქ ოპიუმის წარმოების ცენტრია. ქვეყნის ამ ნაწილში ეთნიკური უმცირესობების სამხედრო შენაერთები გაძლიერდნენ. ერთ-ერთი მათგანი, სახელმწიფო გაერთიანებული არმია – ვა მსოფლიოში  ყველაზე ძლიერ ნარკოგადამზიდ ჯგუფებში მოიაზრება. კონფლიქტი კაჩინის შტატში დიდი ხანია გრძელდება. მეამბოხეების დამარცხებით მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებას აღადგენს და ნარკოტრეფიკინგთან ბრძოლას გააადვილებს. 

ვაშინგტონისთვის მღელვარების მიზეზად, ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული იარაღის მოსაპოვებლად მიანმის თანამშრომლობა რჩება. ათწლეულები იზოლაციაში ყოფნის დროს, ამ ორი ქვეყნის გარდა, მიანმის მთავარი პარტნიორი კრემლიც იყო. 2001 წლიდან რუსეთმა თავის სკოლებში დიდი რაოდენობით ბირმელი სამხედრო ოფიცრების მიღება დაიწყო, ამავე წელსვე შეთანხმდა პატარა ბირთვული რეაქტორის მშენებლობაზე. რუსეთის ტექნიკურ უნივერსიტეტებში დაახლოებით 10 ათასი ბირმელი სტუდენტი სწავლობდა. მათი უმრავლესობა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა. 

ქვეყნის შიგნით მდგომარეობა კვლავინდებურად უმძიმესია. ბირმა მეორე უღარიბესი სახელმწიფოა აზიაში, ავღანეთის შემდეგ და მსოფლიოში ყველაზე კორუფციული, სომალის შემდეგ. მიანმის 62-მილიონიანი მოსახლეობა დღეში საშუალოდ 2,2 დოლარს გამოიმუშავებს. Amnesty International-ის მიხედვით, ორი ათასამდე პოლიტიკური პატიმრის მდგომარეობა საერთაშორისო სტანდარტებისგან შორს დგას. Freedom House-ის თქმით, სამოქალაქო მთავრობაში კვლავ ყოფილი გენერლების გავლენაა. ჟურნალი Time შენიშნავს, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი და რეპრესირებული ქვეყანა თანამედროვე ორუელიანური გარემოა, სადაც თავად ჯორჯ ორუელი მუშაობდა კოლონიურ პოლიციელად. 

კომენტარები