ფორმალური პარტნიორობის დასასრული

საქართველომ, რუსეთთან დაკავშირებით, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE) შეჩერება გადაწყვიტა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ქვეყანა აღარ მიაწვდის რუსეთს ინფორმაციას ყოველწლიური საინფორმაციო გაცვლის ფარგლებში, რომელიც CFE-ის შესაბამისად ხორციელდებოდა. საქართველო რუსეთის მიერ ხელშეკრულების თანახმად მოთხოვნილ ინსპექციებს აღარ მიიღებს. თბილისი მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ხელშეკრულების სხვა ყველა წევრი სახელმწიფოს წინაშე გააგრძელებს.

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ დოკუმენტს, 1990 წელს პარიზში, NATO-სა და ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო ბლოკების წევრმა 28 სახელმწიფომ მოაწერა ხელი. დოკუმენტი ევროპის ტერიტორიაზე ჩვეულებრივ შეიარაღებაზე – მძიმე ტექნიკაზე, არტილერიაზე, ავიაციაზე და ა.შ. – შეზღუდვებს აწესებს. დოკუმენტი შეიარაღების შესახებ ინფორმაციის რეგულარულ გაცვლას და წევრ სახელმწიფოებში ინსპექტირების ჩატარებას ითვალისწინებს.

ხელშეკრულების თანახმად, არცერთ ხელმომწერ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, განალაგოს საკუთარი შეიარაღებული ძალები სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, მისი ნებართვის გარეშე.

წელს ვენაში გაფორმდა ოქმი დამატებითი ფლანგური შეზღუდვების შესახებ. დოკუმენტი დასავლეთ საზღვართან და ჩრდილი კავკასიაში რუსული შეიარაღების რაოდენობას ზღუდავდა. თუმცა, ჩეჩნეთის ომის დაწყების შემდეგ მოსკოვმა მისი პირობები დაარღვია.

 1999 წელს, ეუთოს სტამბოლის სამიტზე, CFE-ის ადაპტაციის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. დოკუმენტით ახალი ეროვნული და ტერიტორიული კვოტები დაწესდა. საქართველოსა და მოლდოვას ადაპტირებული შეთანხმების რატიფიცირება არ მოუხდენია. ქვეყნები თავიანთი ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვდნენ. ეს ვალდებულება რუსეთმა საკუთარ თავზე სტამბოლის სამიტის ფარგლებში აიღო. კრემლმა პირობა არ შეასრულა, შესაბამისად, შეთანხმების რატიფიცირება არც NATO-ს ქვეყნებს მოუხდენიათ. თუმცა თბილისიც და NATO-ს წევრებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ამ დრომდე ასრულებდნენ.

2007 წელს პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის მიერ CFE-ის შესრულებაზე ცალმხრივი მორატორიუმი გამოაცხადა. ამის საბაბი პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის განლაგებასთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმები გახდა. შესაბამისად, რუსეთმა დაწესებული შეზღუდვების დაცვაზე, შეიარაღების შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე და საკუთარი შეიარაღებული ძალების ინსპექტირებაზე უარი თქვა.

საქართველოს საგარეო უწყების განმარტებით, 2008 წელს სამხედრო აგრესიით რუსეთმა დოკუმენტის ფუძემდებლური პრინციპი დაარღვია, რომელიც წევრ ქვეყნებს შორის ძალის გამოუყენებლობას გულისხმობს. გარდა ამისა, მოსკოვი კვლავაც განალაგებს სამხედრო ძალებსა და შეიარაღებას საქართველოს ტერიტორიაზე მისი ნებართვის გარეშე.

როგორც ტაბულას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განუცხადა, რუსეთის მიერ გამოცხადებული მორატორიუმისა და დოკუმენტის მოთხოვნების შეუსრულებლობის მიუხედავად, თბილისი ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობას რუსეთის მიმართაც პირნათლად ასრულებდა.

კაპანაძის თქმით, საქართველოც, ისევე როგორც ხელშეკრულების წევრი ყველა ქვეყანა, აწვდიდა რუსეთს იმ ინფორმაციას, რასაც დოკუმენტი ითვალისწინებდა. არსებობდა იმედი, რომ კრემლი, თავის მხრივ, CFE-ს შეასრულებდა. თუმცა, გასულ წლებში მოლაპარაკებები დისკუსიების განახლების მიზნით უშედეგოდ დასრულდა. ამის გამო, NATO-ს წევრი ქვეყნები რუსეთის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე უარს ამბობენ.

გადაწყვეტილება CFE-ის ფარგლებში რუსეთის წინაშე ვალდებულებების შეჩერების შესახებ, აშშ-მა 22 ნოემბერს მიიღო. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „ხელშეკრულების მოქმედების შენარჩუნების მრავალი წარუმატებელი ცდის შემდეგ, კონტრზომების მიღება გადავწყვიტეთ”. ვაშინგტონის მაგალითს მალე NATO-ს დანარჩენმა წევრებმაც მიბაძეს.

თუმცა, როგორც ჯეიმსთაუნის ფონდის ექსპერტი ვლადიმირ სოკორი აღნიშნავს, ამგვარი კონტრზომები „ვერ მოაგვარებს შეუსაბამობას” ხელშეკრულებასთან რუსეთის დამოკიდებულებაში – საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით. რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო კონტინგენტი ჰყავს, მოლდოვაში, დნესტრისპირეთის რეგიონში კი – „სამშვიდობო ძალები”, რომელთა გაყვანას არ ჩქარობს. სოკორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შემთხვევაში რუსეთმა მიაგნო ხერხს, CFE-ის ფარგლებში ვალდებულებების შესრულება თავიდან აეცილებინა. მოსკოვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს და იქ საკუთარი ძალების ყოფნას მარიონეტულ რეჟიმებთან „ორმხრივი ხელშეკრულებებით” ასაბუთებს. მოსკოვის ამგვარმა მიდგომამ, ექსპერტის აზრით, შესაძლოა გაგრძელება მოლდოვაში ჰპოვოს. დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა რუსული ძალების ყოფნას თავის ტერიტორიაზე ნებისმიერ მომენტში დათანხმდება.

ამავე დროს, რუსეთი CFE-ის თემით მანიპულირებას განაგრძობს. 28 ნოემბერს NATO-ში რუსეთის წარმომადგენელმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების „რეანიმირება” შესაძლებელი იქნება, თუ NATO რუსეთის საზღვრების მახლობლად რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განლაგებაზე უარს იტყვის.

კომენტარები