საქართველოს ეკონომიკა

ევროკავშირი მარგარიტა პავლოვნას როლში

დე ვაალის

ავტორი: მარია გოვოროვა

წლის გაზაფხულზე მოსკოვის კარნეგის ცენტრმა გამოაქვეყნა თომას დე ვაალის მოხსენება “საქართველოს არჩევანი: რომელი კურსი უნდა შეირჩეს გაურკვევლობის პერიოდში?”. კავკასიის პრობლემებზე 20 წლის მანძილზე მომუშავე ექსპერტის ნაშრომმა საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. და ეს სულაც არაა გასაკვირი – რა შეიძლება იყოს მიუკერძოებელ პროფესიულ შეფასებაზე ფასეული?

მით უფრო, რომ მის წინა პუბლიკაციებზე, ზოგი ქვეყნის ხელმძღვანელთა რეაქციები კეთილგანწყობით ყოველთვის არ გამოირჩეოდა – რუსეთშიც, სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც შეეცადნენ, მისთვის ვიზის გაცემა შეეზღუდათ.

2010 წელს დაბეჭდილი დე ვაალის ბოლო წიგნის – “გაიცანით: კავკასია” – შესახებ ქართველი პოლიტოლოგი გელა ვასაძე წერდა: “ჩვენთვის, სამხრეთ კავკასიაში და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებთათვის, სხვადასხვა მიზეზის გამო, დასავლეთის ბევრი საქციელის მოტივაცია ბოლომდე გასაგები არ არის. შესაბამისად, ზოგჯერ სასარგებლოა დასავლელი ესპერტების მოსაზრებების მოსმენა, რაგინდ მიუღებელიც უნდა იყოს ისინი ჩვენთვის. აქვე დავძენ, რომ მოსმენა დათანხმებას არ გულისხმობს”.

მოხსენება “საქართველოს არჩევანი: რომელი კურსი უნდა შეირჩეს გაურკვევლობის პერიოდში?” დაკვირვებულ მკითხველს საშუალებას აძლევს, ყურადღება მიაქციოს არა მარტო “ზოგიერთი დასავლელი ექსპერტის” მოსაზრებებს, არამედ მათ მიერ გამოყენებულ მეთოდებსაც.

დამახინჯება

მოხსენების სათაური ავტორის ძირითად იდეას გამოხატავს – საქართველოში არსებული ვითარება გაურკვეველია. შესავალში ახსნილია ავტორის ამგვარი ხედვის მიზეზი: “მომდევნო წლებში ქვეყნის სტაბილურობის ხარისხსა და მთავრობის მდგომარეობას დიდწილად განსაზღვრავს ეკონომიკური ვითარება. ამჟამად ეკონომიკური სიტუაცია გაურკვეველია”. ხოლო მოხსენების ნაწილი – “ეკონომიკა 2011 წელს” – უფრო მკვეთრი ფორმულირებით იწყება: “2011 წელს საქართველოს ხელისუფლებისათვის მხოლოდ პოლიტიკური გარდამავალი პერიოდი არ იწყება, ისინი ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების წინაშეც დგანან”.

ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ განცხადების შემდეგ ვკითხულობთ: “2008 წელს მიღებული უცხოური ფინანსური დახმარების უმეტესი ნაწილი უკვე დახარჯულია”.

მოითმინეთ, თუ ომის შემდგომ ექსტრემალურ სიტუაციაში მიღებული დახმარება უკვე დანიშნულებისამებრაა გამოყენებული, მათ შორის – ზარალის კომპენსაციისა და ეკონომიკური ზრდის აღსადგენად, ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია გაუარესდა? მაშ, როგორ ავხსნათ საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დინამიკა: თუ 2009 წლის პირველ კვარტალში მაჩვენებელი 4,8%-ით შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2010 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 3,9%-ით, ხოლო 2011 წლის პირველ კვარტალში – 5,8%-ით1? ან, როგორ შევაფასოთ, საქონლის და მომსახურების ექსპორტის მოცულობის დინამიკა ბოლო ოთხი წლის პირველი კვარტალების მაჩვენებლების მიხედვით: 2008 წელი – 811 მილიონი აშშ დოლარი, 2009 წელი – 627 მილიონი აშშ დოლარი, 2010 წელი – 847 მილიონი აშშ დოლარი, 2011 წელი – 1085 მილიონი აშშ დოლარი?

თუმცა ავტორი ამგვარ “წვრილმან” ფაქტებს არ ახსენებს. მისი ყურადღება სხვა მხარესაა მიმართული – მთავრობის წინაშე მწვავედ დგება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხი. “საქართველოს ასაყვავებლად” პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აუცილებლობის შესახებ შენიშვნა ნაწილობრივ სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს.

თუმცა ურთიერთკავშირის ლოგიკა არ არის ისეთი, როგორადაც დე ვაალი წარმოაჩენს – თითქოს, რაკი დახმარება ამოიწურა, ახლა ინვესტიციების მოზიდვაა აუცილებელი. სიტუაცია საპირისპიროა – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შემცირება, რაც გამოწვეული იყო ომით და მსოფლიო ფინანსური კრიზისით, კომპენსირებულია საერთაშორისო დახმარებით! სხვათა შორის, ბოლო სამი წლის პირველ კვარტალებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაც არ იძლევა “გაურკვევლობის” შესახებ მტკიცების საფუძველს. 2009 წელს ინვესტირებული იყო 114 მილიონი აშშ დოლარი, 2010 წელს – 166 მილიონი აშშ დოლარი, 2011 წელს – 174 მილიონი აშშ დოლარი.

ეკონომიკურ სფეროში წარმატებებზე საუბრისას, ავტორი მხოლოდ ელექტროენერგეტიკას ახსენებს. ეს სიმართლეა, მაგრამ არასრული. მეტიც, ეშმაკური შენიშვნაა, რადგან ნამდვილად მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, ელექტროენერგიის ექსპორტმა 2010 წელს საქართველოს ექსპორტის მთლიანი მოცულობის (რომელიც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 40%-ით გაიზარდა) მხოლოდ 2,3% შეადგინა.

დე ვაალი დაუდევრად აღნიშნავს მთავრობის მცდელობას ტურისტული ინდუსტრიის განსავითარებლად, თუმცა იქვე გამოხატავს გაოცებას 2015 წლისათვის საქართველოში 5 მილიონი ტურისტის მოზიდვის, მისი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელ პროგნოზთან დაკავშირებით. იმის შემოწმება, არის თუ არა ეს რიცხვი “მეტისმეტად უცნაური”, შესაძლებელია, თუ მივმართავთ, მაგალითად, ბოლო წლებში ქვეყანაში შემოსულ უცხოელ მოქალაქეთა სტატისტიკას: 2004 წელს შემოსულთა რაოდენობა 400 ათასზე ნაკლები იყო, 2009 წელს – 1,5 მილიონი, 2010 წელს – 2 მილიონზე მეტი, 2011 წელს მოსალოდნელია 3 მილიონამდე. ქვეყანაში შემოსულთა რიცხვის ყოველწლიურად ერთნახევარჯერ ზრდის ტემპის გათვალისწინებით, ოთხი წლის შემდეგ 5 მილიონი ტურისტის შემოსვლა სრულიად რეალისტურია.

თუმცა მას მერე, რაც სხვა “დადებითი” ცვლილებები ვერ აღმოაჩინა, ავტორი “უარყოფითი” მაგალითების ჩამოთვლაზე გადადის: საგარეო ვალის ზრდა, მნიშვნელოვანი დისბალანსი ექსპორტსა და იმპორტს შორის, “საგადასახადო ტერორიზმი”. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

საგარეო ვალის ზრდა და მისი ზოგადი ტვირთი – ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემებია. თუმცა 2011 წელს სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობის ზრდა შენელდა. მეტიც, ორწლიანი მსჯელობის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეკონომიკური თავისუფლების აქტი, რომლის მიხედვით კანონმდებლობით განისაზღვრა სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარი მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ის დონეზე. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები საქართველოს ვალის მდგომარეობას სტაბილურს უწოდებენ, ხოლო S&P-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი სულ ცოტა ხნის წინ გაზარდა. ამდენად დე ვაალის „გზამკვლევი” არასწორ მიმართულებას აჩვენებს.

სამაგიეროდ, იქ სხვა რამეა აღნიშნული: “ამჟამად იმპორტი ოთხჯერ და მეტად სჭარბობს ექსპორტს”. რა თქმა უნდა, სავაჭრო ბალანსის დეფიციტის მოცულობა მაკროეკონომიკური სიტუაციის მნიშვნელოვანი პარამეტრია. როგორია მისი დინამიკა? საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო თანდათან შემცირდა, 2007 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 39,2%-დან 2010 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 30,1%-მდე. თუ 2007-2008 წლებში იმპორტი ექსპორტზე 4,2-ჯერ მეტი იყო, 2009 წელს – 3,9-ჯერ, ხოლო 2010 წელს – 3,2-ჯერ მეტი.

ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის სიმცირის შესახებ საკუთარი მტკიცების გასამყარებლად დე ვაალი წერს: “2010 წელს საქართველოს ძირითადად გაჰქონდა ფეროშენადნობები, რეექსპორტირებული ავტომანქანები და ჯართი”. ეს საქართველოს ექსპორტის სამი მნიშვნელოვანი წყაროა. ისინი ჯამურად ექსპორტის მხოლოდ 40%-ს შეადგენენ, ამიტომ მათზე, როგორც “ძირითადზე”, საუბარი არაკორექტულია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დინამიკაც. მაგალითად, 2005 წელს ავტომობილების ექსპორტი იყო 18 მილიონი აშშ დოლარი (მთელი ექსპორტის 2,1%), ხოლო 2010 წლისათვის ის გაიზარდა 227 მილიონ აშშ დოლარამდე (14,4%). ამგვარი ზრდის ძირითადი მიზეზი საბაჟო წესების მნიშვნელოვანი გამარტივება და ბაჟის ლიკვიდაციაა. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ნაციონალური ეკონომიკის ღიაობის დონის მატებაა, ამიტომ, უსაფუძვლოა დე ვაალის მტკიცება, თითქოს ქვეყნის ექსპორტის ზრდის პოტენციალი უკვე ამოწურულია.

“საგადასახადო ტერორიზმის” სახელით ცნობილი მოულოდნელი საგადასახადო შემოწმებების პრაქტიკა, როგორც ჩანს, წარსულს ბარდება. ახალი (2011 წლის) წესების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს აფრთხილებენ შემოწმების შესახებ და მას შეუძლია აირჩიოს ორგანიზაცია, რომელიც შეამოწმებს – საგადასახადო სამსახური თუ დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა. თუმცა დე ვაალმა გადაწყვიტა, არაფერი აცნობოს მკითხველს საგადასახადო ადმინისტრირების ამ ინოვაციის შესახებ.

მოხსენებაში ცალკე თავი ეთმობა სიღარიბის პრობლემას. პირველივე შედარება – მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე სხვა ქვეყნებში – შეკითხვებს ბადებს. ჯერ ერთი, ტექსტის რუსულენოვან ვერსიაში გამოტოვებულია ინგლისურ ტექსტში არსებული დაზუსტება. მათი მიხედვით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი შედარებულია ახლა ევროპაში, ადრე კი საბჭოთა კავშირში შემავალი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მაჩვენებლებთან. მტკიცება, რომ “სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი მხოლოდ მოლდოვაშია”, არაკორექტულია. უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მაჩვენებლები კიდევ უფრო დაბალია.

მეორე – 2011 წელს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, რატომღაც, მხოლოდ 2009 წლის მაჩვენებლებია მოყვანილი. იქნებ იმიტომ, რომ 2010 წლის მონაცემებით საქართველომ გაუსწრო არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს, არამედ უკვე სომხეთსაც?

მესამე – დე ვაალის ფრაზაში გამოყენებულმა ზმნამ “რჩება”, ალბათ უნდა გვაფიქრებინოს, რომ საქართველოში სიტუაცია არ იცვლება. ეს კი, უბრალოდ, არასწორია. ომის შემდგომ, კრიზისულ 2009 წელსაც კი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლით მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგში საქართველოს უფრო მაღალი პოზიცია ჰქონდა (113-ე), ვიდრე 2004 წელს (119-ე). ესე იგი, ამ წლების მანძილზე ქვეყნის ეკონომიკა მსოფლიოს ეკონომიკაზე სწრაფად ვითარდებოდა. თუ მეზობლებს და სხვა ქვეყნებს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი უფრო სწრაფად (სამჯერ), მხოლოდ ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში გაიზარდა. სომხეთში ამ წლებში მაჩვენებელმა 70%-ით, ხოლო საქართველოში – 61%-ით მოიმატა. ყველა სხვა ქვეყანაში ზრდის უფრო ნელი ტემპი იყო – ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი 33%-დან 54%-მდე მერყეობდა.

მეოთხე – როგორ უნდა გავიგოთ ფრაზა: “მცირე ეკონომიკურ ვარდნასაც კი შეუძლია სერიოზული შედეგების გამოწვევა?” თუ საქმე ეხება რაღაც აბსტრაქტულ სამომავლო ვარდნას, რატომ ხდება მისი ილუსტრირება 2009 წლის ციფრებით? ხოლო თუ მიმდინარე სიტუაციაზე ვლაპარაკობთ, ვარდნა კი არა, ეკონომიკური ზრდაა – როგორც 2010, ასევე 2011 წლებშიც.

შემდეგ დე ვაალი უმუშევრობაზე გადადის. “ოფიციალურად ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ს შეადგენს, თუმცა მასში არ არის ასახული გლეხების დიდი რაოდენობა. ისინი, ფაქტობრივად, ნატურალური მეურნეობით ცხოვრობენ; ასევე ინდივიდუალური შრომითი საქმიანობით დაკავებული ღარიბები და ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სოციალური დახმარებით ირჩენენ თავს”. გამოდის, რომ ავტორი უმუშევრებად თვლის გლეხებსაც, რომელთაც საკუთარი მეურნეობები აქვთ, არამდიდარ ადამიანებსაც და ა.შ. ამგვარი მტკიცების უაზრობა ეჭვს არ იწვევს.

ეკონომიკური ნაწილი სოფლის პრობლემების აღწერით მთავრდება. ეს მართლაც მნიშვნელოვანი თემაა. საქართველოს სოფლის მეურნეობაში სიტუაცია სხვა სფეროებთან შედარებით უფრო ნელა ვითარდება. თუმცა ერთია, სიტუაციის ობიექტურად შეფასება სცადო, მეორე – შეუქმნა მკითხველს არასწორი წარმოდგენა, მაგალითად, ასეთი ფრაზით: “რუსეთსა და თურქეთში მომუშავე შრომითი მიგრანტების უმრავლესობა, ძირითადად, სოფლის მცხოვრებლები არიან”. თუ ეს ფრაზა გულისხმობს ქართველ ემიგრანტებს, რომლებმაც ქვეყანა 2004 წლამდე დატოვეს, მაშინ მათი წარმომავლობა ვერაფრით დაუკავშირდება “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გატარებულ პოლიტიკას. თუ საქმე ეხება 2004-2006 წლების სიტუაციას – იმ წლებში საქართველოს მიგრაციული ბალანსი დადებითი იყო. ხოლო თუ ვილაპარაკებთ 2006 წლის ოქტომბრის შემდგომ პერიოდზე, რუსეთში შესვლა არა მარტო ქართველი შრომითი ემიგრანტებისთვის, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის აკრძალულია. ამდენად, რა კავშირია შრომით მიგრანტებსა და საქართველოს მთავრობის ბოლო წლების პოლიტიკას შორის?

ან ასეთი გასაოცარი წინადადება: “იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა ეფექტური გახდეს, აუცილებელია მიწის ნაკვეთების გამსხვილება. ეს ნიშნავს, რომ ბევრი წვრილი ფერმერი მიწიდან იქნება გაძევებული”. საკუთარი შეხედულება აგრარული პოლიტიკის შესახებ, დე ვაალმა საქართველოს ხელისუფლებას ჯერ მიაწერა, შემდეგ კი – უმოწყალოდ გააკრიტიკა.

თუმცა საქართველოს ეკონომიკური სიტუაციის აღწერა სწორედ აქ მთავრდება და მკითხველს მოხსენების სათაურში გამოტანილი გაურკვევლობის განცდას უტოვებს. სინამდვილეში ამ განცდას აყალიბებს არა იმდენად ფაქტიური სიტუაცია, რამდენადაც მისი ავტორისეული ინტერპრეტაცია.

 რეალური გამოწვევების ჩანაცვლება არარსებული “სამი მოდელით”

გაურკვევლობის ამგვარივე ხარისხით გვთავაზობს დე ვაალი განსახილველად მის მიერ გამოგონილ საქართველოს “განვითარების სამ გრძელვადიან მოდელს”. მართალია, იქვე დასძენს, რომ ერთ-ერთს – ე.წ. ძველი საქართველოს მოდელს – არც კი შეიძლება ამგვარი სახელი ეწოდოს. ძნელია, ამას შეეკამათო – ე.წ. ძველი საქართველოს მოდელი, რომლის ავტორობას ქვეყნის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარს მიაწერენ, არ მოიცავს არც ეკონომიკის სფეროს, არც საგარეო პოლიტიკური პოზიციონირების პროგრამებს. მაშინ, რა საჭიროა მასზე წერა?

მცდარია დე ვაალის მიერ შემოთავაზებული დიქოტომია ორ სხვა ძირითად მოდელს – “სინგაპურსა” და “ევროპას” შორის. საქართველოს დღევანდელი სახელისუფლებო გუნდისა და, დიდწილად, მთელი ქართული საზოგადოების არჩევანი სხვაგვარია – არა “სინგაპური ან ევროპა”, არამედ “სინგაპურიც და ევროპაც”. სინგაპური არჩეულია ეკონომიკური ზრდის ორიენტირად, ევროპა – საგარეო პოლიტიკური პოზიციონირების ორიენტირად. სინგაპურის არჩევა დინამიკური ეკონომიკური ზრდის ერთგვარ ნიმუშად სრულიად ბუნებრივი და გასაგებია არამდიდარი ქვეყნისათვის, რომელსაც, ამასთანავე, მოსახლეობის ისეთივე რაოდენობა ჰყავს. სინგაპურის მოდელი იმითაცაა უფრო გამართლებული, რომ საქართველო ევროპისათვის მიმზიდველი გახდეს. მეორე მხრივ, ნელი ეკონომიკური ზრდა, ავადმყოფური სტაგნაცია, დე ვაალისათვის ასე სასურველი ე.წ. ევროპული ვარიანტის მიხედვით, ნამდვილად არ სჭირდება არც საქართველოს და არც ევროპას – მას საბერძნეთიც ყოფნის.

სინამდვილეში, ამ ორი მოდელის – “სინგაპურისა” და “ევროპის” – სახით დე ვაალი ეკონომიკური პოლიტიკის ორი სხვადასხვა ვარიანტის აღწერას ცდილობს: ლიბერალური და ბიუროკრატიულ-რეგულირებადი.

ინფორმაციით მანიპულირების მეთოდები

დე ვაალი საქართველოს „ეკონომიკურ ევროპას” ახვევს თავს და არ მალავს, რომ თავად არის ამ ბიუროკრატიული მოდელის მომხრე. მისი პირადი სიმპათიები გასაგებია. თუმცა საკუთარი არჩევანის უპირატესობაში მკითხველის დარწმუნებას დე ვაალი ინფორმაციით მანიპულირების კლასიკური მეთოდების მთელი ბუკეტის გამოყენებით ცდილობს: ცრუ ანალოგიების ჯაჭვი და კონტრასტის პრინციპი, ექსპერტის შემოყვანა და აქცენტების აღრევა, გაურკვეველი რეფერენტული ინდექსები და უნივერსალური გამონათქვამები, პრესუპპოზიციით შენიღბვა და ემოციურად დამუხტული მტკიცებები, ჰიპერბოლები, პრიმიტივიზაცია, დასწრების ეფექტი, დაუსახელებელი ექსპერტიზა და, რაც ყველაზე მთავარია – „ნახევარსიმართლე”.

საით იწვევს საქართველოს დე ვაალი?

საზოგადოებრივი აზრის დამახინჯების, ჩანაცვლების, მანიპულირების მიზანი, როგორც ცნობილია, ადამიანების აზრების, განზრახვებისა და მიზნების აქტორისათვის (აქტორებისათვის) სასურველი მიმართულებით შეცვლაა. რატომ მიმართა ამგვარ მეთოდებს ცნობილმა ექსპერტმა? იმიტომ ხომ არა, რომ ქვეყნის განვითარების შესაძლო გზების მეტ-ნაკლებად პატიოსანი, ობიექტური შედარების შემთხვევაში, ბიუროკრატიული რეგულირების გზა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას “ევროპულს” დაჟინებით ვუწოდებთ, საკმაოდ მიმზიდველი არ ჩანს?

შევადაროთ დე ვაალის მიერ ნახსენები საქართველოს მაჩვენებლები ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მაგალითად, როგორ არის ევროკავშირში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქმე, რომელთა მოზიდვის მნიშვნელობაზე მოხსენებაში ამდენი საუბარია? რამდენად ეფექტურად უზრუნველყოფს ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკა უცხოელი ინვესტორების მოზიდვას ევროპის ქვეყნებში? როგორც ცნობილია, 2010 წელს საქართველოში უცხოურმა ინვესტიციებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 7% შეადგინა, რაც, როგორც გვახსოვს, მოხსენების ავტორს ძალიან აწუხებს. იმავე წელს სინგაპურის ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი შიდა პროდუქტის 17,4% იყო, და დე ვაალს ეს ვარიანტი არ მოსწონს. მას ევროპა ურჩევნია. იქ კი – საშუალოდ, ევროკავშირი15-ის ქვეყნებში ინვესტიციების ნაკადი მთლიანი შიდა პროდუქტის 1,7% იყო. ანუ დე ვაალის მიზანი საქართველოს სწორედ ასეთ მაჩვენებლებთან მიახლოებაა?

დე ვაალს აწუხებს საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონე – 2010 წლის მონაცემებით 16,3%, ხოლო ექსპერტისათვის არასასურველ სინგაპურში – 2,2%-ია; ხოლო იმავე წელს უმუშევრობის დონე მის მიერ მოწონებული ევროკავშირი 15-ის ქვეყნებში – დანიაში 4,2%-დან ესპანეთში – 20,1%-მდე იყო. გამოდის, რომ დე ვაალს უმუშვერობის შედარებით მაღალი დონე უფრო იზიდავს, ვიდრე დაბალი.

“სინგაპურის ნიმუშად არჩევასთან დაკავშირებით, პასუხებზე მეტი შეკითხვები ჩნდება”, – ამტკიცებს დე ვაალი. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება გრძელვადიანი განვითარების გზის არჩევას. შევადაროთ 40-წლიან რეტროსპექტივაში დე ვაალის შემაშფოთებელი მახასიათებლები – სავაჭრო ბალანსის დეფიციტი და სიღარიბე – ევროკავშირის ქვეყნებსა და სინგაპურში.

2010 წელს საქართველოს სავაჭრო ბალანსის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 23,3%-ს უდრიდა. სინგაპურში ოთხი ათეული წლის წინ, 1970 წელს, დეფიციტი ორჯერ მეტი იყო – მთლიანი შიდა პროდუქტის 47,2%. ამის მიუხედავად, 2010 წლისათვის სინგაპურში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 20,9%-იანი პროფიციტით შეიცვალა. თუმცა, როგორც ვიცით, დე ვაალისათვის გრძელვადიანი განვითარების ასეთი ვარიანტი მიუღებელია. მას მეორე, “ევროპული” ვარიანტი მოსწონს. 1970 წელს მთლიანად ევროკავშირის ქვეყნებში ნულოვანი სავაჭრო ბალანსი იყო, ხოლო 40 წლის შემდეგ – მცირე დეფიციტით – მთლიანი შიდა პროდუქტის 0,4%. რომელი დინამიკა უფრო მიმზიდველია?

რაც შეეხება სიღარიბის დაძლევას – ირკვევა, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში განვითარების საშუალო დონის ისეთმა ქვეყანამ, როგორიც სინგაპურია, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით გაუსწრო ევროპის ყველა ქვეყანას, ლუქსემბურგის გარდა. 40 წლის მანძილზე, სინგაპურმა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი გაზარდა 27-ჯერ, ხოლო ევროკავშირი 15-ის ქვეყნებში მშპ-მა მხოლოდ 10-ჯერ მოიმატა.

ამ და მსგავსი შედარებების დროს, არგუმენტების არარსებობაა იმის მიზეზი, რომ, როგორც დე ვაალი სამართლიანად წერს: “განვითარების მოდელის შესახებ ამ მნიშვნელოვანი დისკუსიის ფარგლებში ევროკავშირი ჯერჯერობით ვერ ახერხებს პარტნიორისათვის მკაფიოდ და თანმიმდევრულად იმის ახსნას, რა სარგებელს მიიღებს ის ინსტიტუციური რეფორმებისგან და როგორ მოხდება მათთან დაკავშირებული დანახარჯების კომპენსირება”.

დე ვაალი განაგრძობს მტკიცებას, რომ „ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური ჰარმონიზაცია” საქართველოსთვის „გრძელვადიანი განვითარების, ალბათ, უკეთესი ან, სულაც, ერთადერთი შესაძლო მოდელია”. როგორ გამოიხატება მისი უნიკალურობა?

“თუ თბილისი ამ პროცესში მონაწილეობას გადაწყვეტს, რეგულირების ახალ სისტემაზე გადასვლის მტკივნეული შედეგების შესამსუბუქებლად, ბრიუსელი მას უფრო აქტიურ პოლიტიკურ და ტექნიკურ დახმარებას უნდა დაჰპირდეს. დახმარება მიმართული უნდა იყოს იმ სექტორებში – პირველ რიგში, სოფლის მეურნეობაში – სადაც გარდაქმნები ყველაზე რთული იქნება”.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, “ევროპული” არჩევანის სანაცვლო საჩუქრად, შეიძლება (უნდა) საგარეო დახმარების შემოსვლა იქცეს. აი, წრეც შეიკრა. როგორც გვახსოვს, დე ვაალის აზრით, საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაციის ძირითადი მახასიათებელი, ომის შემდგომი უცხოური დახმარების პაკეტის ამოწურვა გახდა. და ამ პრობლემის გადასაწყვეტად ქვეყანას მის რეგულარულ მიღებას სთავაზობს. არ შეიძლება არ დაეთანხმო – ეს ნამდვილად აღარ იქნება გაურკვევლობა, არამედ სრულიად ცხადი, შეგნებული ტრიალი მანკიერ წრეში – ეროვნული პროდუქციის გაძვირების გამომწვევი მტკივნეული ცვლილებების გატარება. პროდუქციის გაყიდვა ევროკავშირში, სადაც საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქცია სახელმწიფო დოტაციაზეა – ამ გაყიდვებიდან მოგების არარსებობა, მაგრამ სანაცვლოდ ევროკავშირის დახმარების მიღება – სახსრების მიმართვა სოფლის მეურნეობაში, ახალი არაკონკურენტული პროდუქციის საწარმოებლად.

გასაკვირი არაა, რომ, დე ვაალი იძულებულია, აღიაროს: “სასარგებლო პრაქტიკული მუშაობისა და არცთუ მცირე ხარჯების მიუხედავად, ევროკავშირი ვერ ახერხებს თავისი ქართველი ვიზავისთვის საკუთარი პოზიციის ნათლად და დაწვრილებით ახსნას”.

მსგავს კოლიზიაში აღმოჩნდა კინოფილმ “პოკროვის კარიბჭის” გმირი ხობოტოვი, როდესაც დაუცხრომელმა მარგარიტა პავლოვნამ ახალ ბინაში მისი წაყვანა გადაწყვიტა. იმის მიუხედავად, რომ ცხოვრების ახალი თანამგზავრი ჰყავდა. ფილმის მრავალტანჯულმა გმირმა, მაინც შეძლო მარგარიტა პავლოვნას მარწუხებისგან თავის დაღწევა და მომავლისკენ საკუთარი არჩევანით წავიდა.

გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ ქართული საზოგადოებაც იპოვის საკუთარ გზას და არ გაიხლართება ისეთი მრჩევლების რეკომენდაციებში, რომლებიც საბერძნეთ-ბრიუსელის უპერსპექტივო „გაურკვევლობის” გზას სავსებით გარკვევით და გამიზნულად ახვევენ თავს.

 

 

კომენტარები