საბჭოთა კავშირი

20 წელი ნამგლის და უროს გარეშე

დღევანდელი გადასახედიდან, 20 წლის წინ საბჭოთა კავშირის დაშლა სრულიად კანონზომიერ, ლოგიკურ და გარდაუვალ მოვლენად გვეჩვენება. მაგრამ ამ მოვლენამდე ერთი წლით ადრეც კი იმპერიის დასასრულზე (ისიც მშვიდობიანზე) საუბარი უტოპიურად ჟღერდა. მეტიც, დასავლეთის ლიდერების უმრავლესობა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას ცდას არ აკლებდა. 1991 წელს კიევში ჩასულმა პრეზიდენტმა ბუშმა უფროსმა, კიევური კატლეტის სახელით ცნობილ თავის გამოსვლაში, დამოუკიდებლობას მოწყურებულ უკრაინელებს სსრკ-ს შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

დასავლურ დისკურსში ეს უხერხული გამოსვლა თითქმის დავიწყებას მიეცა. ცოტა ვინმეს თუ ახსოვს ისიც, რომ რამდენიმე საბჭოთა რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებში, უკვე 1990 წელს დამოუკიდებლობის მომხრე ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამ დროს ჯერ კიდევ არსებობდა საბჭოთა კავშირი მთელი თავისი რესურსებით, ხელისუფლების ორგანოებით, სპეცსამსახურებისა თუ სამხედრო ინფრასტრუქტურით იმპერიის ტერიტორიაზე.

ერთი რამ ცხადია: მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა რესპუბლიკების ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობებმა (რა თქმა უნდა, ზოგმა მეტად და ზოგმაც ნაკლებად) იმპერიის გარდაცვალება დააჩქარა, დამოუკიდებლობას რესპუბლიკების უმრავლესობა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. არ იქნება გადაჭარბებული იმის მტკიცება, რომ საქართველოს საზოგადოება ამ პასუხისმგებლობისთვის მოუმზადებლობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია. იმ დროისათვის ქართულ პოლიტიკაში აქტიური ადამიანები, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე, საუკეთესო შემთხვევაში მიამიტები და მოუმწიფებლები, უარეს შემთხვევაში კი იმპერიის სპეცსამსახურების ინტერესების გამტარებლები აღმოჩნდნენ. იმ გადამწყვეტ მომენტში პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის სისხლიან დაპირისპირებაში გადაზრდას მხოლოდ მცირე ხელის შეწყობა სჭირდებოდა. ეს კი სიკვდილის პირას მყოფი იმპერიისთვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა. შედეგად მივიღეთ სამოქალაქო ომი და ყველა ის კატაკლიზმი, რომელთა შედეგები ჯერაც აფერხებს ჩვენს განვითარებას.

ამავე დროს, არც სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პოლიტიკური განვითარება ყოფილა დალხენილი. პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის კარგად ნაცნობი კორუფციის, კლიენტელიზმის, კლანურობისა და ავტორიტარიზმის აღზევების გარდა, ფაქტობრივად არცერთ რესპუბლიკაში არ მომხდარა პოლიტიკური კონკურენციის ფორმალური და არაფორმალური წესების მკაფიო ჩამოყალიბება. მეტიც, თავდაპირველი წინსვლის შემდეგ, ბევრგან დემოკრატიის უკანდახევა იყო შესამჩნევი.

როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით გამონაკლისი მხოლოდ ბალტიის ქვეყნები აღმოჩნდნენ, რომელთაც რამდენიმე უპირატესობა გააჩნდათ. ჯერ ერთი, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, 1990-იანი წლების დასაწყისში მთელ ევროპაში თავბრუდამხვევი სისწრაფით მიმდინარე პროცესების მიუხედავად, დასავლეთის მხრიდან მეტი ყურადღების მიქცევა შეძლეს. ამაში პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის სახელმწიფოების ქონა და ამ სახელმწიფოების ევროპის ისტორიულ მეხსიერებაში ასახვა დაეხმარათ. გარდა ამისა, მოდერნული სახელმწიფოს ქონამ, თუნდაც 20 წლის განმავლობაში, ამ ქვეყნებს მოქალაქეთა სახელმწიფო ინსტიტუტების საშუალებით სოციალიზაციის შესაძლებლობა მისცა. ამის გამო, 1990-იან წლებში, დამოუკიდებლობას ისინი უკვე თითქმის ბოლომდე ფორმირებული თანამედროვე ერებით შეხვდნენ. მოდერნული სახელმწიფოს გაგება და მასთან იდენტიფიკაცია მოქალაქეებში შეუდარებლად უფრო მაღალ დონეზე იდგა, ვიდრე ეს ჩვენს შემთხვევაში მოხდა – მოკლე სიცოცხლის გამო საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ეს ვერ შეძლო. 1921 წელს დემოკრატიული საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ელიტის თითქმის სრულმა განადგურებამ კი ქვეყანას მოდერნული სახელმწიფოს გაგების მატარებელი ხალხი მთლიანად წაართვა. ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად საქართველოს დამოუკიდებლობის არანაკლები ლეგიტიმაცია გააჩნდა, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ჩვენში თანამედროვე სახელმწიფოს ქონის პასუხისმგებლობა, პოლიტიკით დაკავებულ ადამიანებში პრაქტიკულად არ არსებობდა.

მიღებული აზრია, რომ არადემოკრატიული წყობილებიდან გამოსულ ქვეყნებში, რომელთაც ეფექტიანად მომუშავე დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის აშენება სურთ, დემოკრატიული ტრანზიცია ვერ ჩაითვლება დასრულებულად, ანაც შეუქცევადად, თუკი არ მოხდება ე.წ. დემოკრატიული კონსოლიდაცია. ყველაზე გავრცელებული განმარტებით, დემოკრატიული კონსოლიდაცია ისეთი მდგომარეობაა, როცა პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი და არამარგინალური მოთამაშეები, ერთმნიშვნელოვნად თანხმდებიან პოლიტიკური კონკურენციის როგორც დაწერილ, ასევე დაუწერელ წესებსა და ნორმებზე. დემოკრატიის თანამედროვე თეორეტიკოსები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო გაჭიანურდება დემოკრატიული კონსოლიდაცია, მით მეტი შანსი იქნება ე.წ. დემოკრატიული უკანდახევისათვის.

ჩვენს რეალობაში დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ სწრაფვა მჭიდროდაა გადაჯაჭვული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობასთან და ზოგადად პოლიტიკურ მოდერნიზაციასთან. ამ მისწრაფებების უნიკალურობა კი ისაა, რომ ყოველ მათგანს მეზობელი რუსეთი არასასურველად მიიჩნევს. კრემლის მმართველი წრეები საქართველოს წარმატებული სახელმწიფოებრიობის პროექტს მტრული თვალით უყურებდნენ როგორც 1918-21 წლებში, ისე დღესაც.

მაშ, რა არის დემოკრატიული კონსოლიდაციის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორები? ახალი დემოკრატიების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ე.წ. ანტისისტემური აქტორების არსებობაა. კლასიკური გაგებით, ეს ისეთი აქტორებია, რომლებიც იყენებენ დემოკრატიულ რიტორიკას და „დემოკრატულობის საფარველში” გახვეულებს არადემოკრატიული მიზნები და ფასეულობები ამოძრავებთ. დემოკრატიული საზოგადოების მონაწილეობითი მექანიზმებისა და მეთოდების გამოყენებით მათ შეუძლიათ ხელისუფლებაშიც მოვიდნენ, გაამყარონ ძალაუფლება და შექმნან ე.წ. მართული დემოკრატია. ანტისისტემურ პოლიტიკურ აქტორებს დემოკრატიის ცნობილი თეორეტიკოსი ივან კრასტევი „დემოკრატიის ორეულებს” უწოდებს. ამგვარი „ორეულების” ხელისუფლებაში მოსვლის გზით დემოკრატიის „ვარდნის” გამოკვეთილ მაგალითებად რუსეთი და ვენესუელა მიიჩნევა. ეს მაგალითები, მეორე ცნობილი მკვლევრის, ფარიდ ზაქარიას აზრით, დემოკრატიული კონსოლიდაციის მიღწევამდე, დემოკრატიული განვითარების ნებისმიერი მცდელობის მოწყვლადობაზე მიუთითებს.

ვარდების რევოლუციამ საქართველოს დაუბრუნა შანსი დაბრუნებოდა თავის ბუნებრივ მისწრაფებას: დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობასა და თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ სწრაფვას, რაც ჩვენს რეალობაში მჭიდროდაა გადაჯაჭვული.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არ მომხდარა დემოკრატიული კონსოლიდაცია. ისევე, როგორც ყველა ახალგაზრდა არაკონსოლიდირებულ დემოკრატიაში, ამგვარი ორეულების ერთმნიშვნელოვნად ამოცნობა საქართველოში ძალიან ძნელია. მიუხედავად ამისა, 2003 წლის შემდეგ მომსწრენი გავხდით, სულ მცირე, ორი შემთხვევისა, როცა „ანტისისტემური აქტორების” მხრიდან გამოვლინდა ძალაუფლებისკენ „უკანა კარით” შეღწევის მცდელობა – 2007 და 2009 წლებში. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურ

ველში მოღვაწე პარტიების უმრავლესობა ანტისისტემურია. ბევრი პრობლემის მიუხედავად, ცხადია, რომ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, დღეს პარტიები უფრო ჩამოყალიბებულ და პროგრამებზე ორიენტირებულ ინსტიტუტებად იქცნენ, ვიდრე ოდესმე – 1991 წლის შემდეგ. თუ ჩავთვლით, რომ თანამედროვე პარტიების ინსტიტუციური განვითარება დემოკრატიული კონსოლიდაციის აუცილებელი პირობაა, მაშინ პოლიტიკურ სცენაზე უზარმაზარი კაპიტალის მქონე აქტორის გამოჩენა (თანაც ამ კაპიტალის იმ ქვეყანაში აკუმულირებით, რომლისთვისაც საქართველოს დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი განვითარება მიუღებელია) დემოკრატიულ კონსოლიდაციას გვაშორებს.

ერთი სიტყვით, მიუხედავად მრავალგვარი პრობლემებისა, საბჭოთა იმპერიის უღლიდან გათავისუფლებულ ქვეყნებს შორის (ბალტიის ქვეყნების გამოკლებით) საქართველო ერთადერთია, რომელიც ინარჩუნებს როგორც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის აქტიურ პოლიტიკას, ასევე ფორხილით, მაგრამ მაინც უახლოვდება დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ამ ერთადერთობის გამო, საქართველოს გააჩნია პასუხისმგებლობა, მოთმინებით გააგრძელოს დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ სწრაფვა, რაც, როგორც აღინიშნა, ვერ განცალკევდება პოლიტიკური მოდერნიზაციისა და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისგან. საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ საბოლოო შედგომა იქნება ოცი წლის წინ დაშლილი იმპერიის საბოლოო და შეუქცევადი დასამარება, რაც მისი ნებისმიერი ფორმით რეინკარნაციის შეუძლებლობას ნათლად დაანახებს წარსულზე მეოცნებე ჩეკისტებს.

 

კომენტარები