არქივი

მღვდლების ვინაობა

0 კომენტარი

ვაჟა-ფშაველას სამყაროს გამოჩენამდე ქრისტიანობა უკვე დიდი ხნის სტუმარი იყო საქართველოში. სტუმარი, რომელიც მივიღეთ, შევიყვარეთ და რომელსაც ვიცავდით. მაგრამ, ვფიქრობ, პირველად სწორედ ვაჟას პერსონაჟებში შეიძლება დავინახოთ, რომ ქრისტიანობა არა მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო მოძღვრებაა, რომელსაც ჩვენ ვეზიარეთ, არამედ ეს არის ღირებულებათა სისტემა, რომელიც ხელახლა იბადება ყოველ ლოკალურ კულტურასა და გარემოში. ბეთლემი არაა მხოლოდ იუდეაში. ბეთლემი შეიძლება იყოს ყველგან, სადაც ქრისტე იბადება. ამ თვალსაზრისით, ვაჟასთან ქრისტიანობა კავკასიაში უკვე მასპინძელია. ერთია, ხმლით ხელში იბრძოდე ქრისტიანობის დასაცავად, თუნდაც ეწამო რწმენისთვის და სხვაა, უბრალოდ იყო ქრისტიანი. ერთია, იცავდე საკუთარ რწმენას და მეორეა, დაინახო შენი თანასწორი უცხოში, მით უმეტეს მტერში. ამ ხედვას მოაქვს ქრისტიანობა. ქრისტიანობა, როგორც არა მხოლოდ იუდეველთა რელიგია, პავლე მოციქულის მოღვაწეობით იწყება. პავლეს ქრისტიანობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის განსხვავებული რჯულის ხალხში ხედავს ჭეშმარიტებასთან ზიარების მზაობას.

ვაჟას სიტყვები: „ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი”, – სწორედ პავლესეული ქრისტიანობაა, ოღონდ ხელახლა დაბადებული პირიქითა ხევსურეთში.

რაც შეეხება ვაჟას ტექსტს – „მღვდლების ვინაობა” – ის ზუსტად გამოხატავს თავისი დროის განწყობას. მეტიც, ეს დამოკიდებულება მხოლოდ საერო მოღვაწეების პოზიციას კი არა, იმ ქართველი სასულიერო პირების განწყობასაც გამოხატავს, რომლებმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის დაიწყეს ბრძოლა. 1905 წლით დათარიღებულ წერილში, რომელიც ქართველმა ავტოკეფალისტებმა შეადგინეს, ვკითხულობთ:

„სასულიერო პირები, იმის მაგიერ, რომ ზრუნავდნენ და ეხმარებოდნენ ხალხს, მთელი საქართველოს მოსახლეობის აზრით, გადაიქცნენ ნამდვილ მგლებად და მხეცებად, ისინი გაურიგდნენ ჩვენს მტრებს და გზას უღობავენ ხალხს კანონიერ, ამქვეყნიური წარმატებისა და კეთილდღეობის მისწრაფებაში. სასულიერო პირებს უყურებენ, როგორც პოლიციელ ჩინოვნიკებს, გადაცმულ ჟანდარმებს”...

ძნელია, გადაჭარბებით შეაფასო ქართული ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში, მაგრამ პარადოქსია, რომ თანამედროვე ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბების ხანაში, ანუ მეცხრამეტე საუკუნეში, ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, ანტიეროვნული პოლიტიკის ინსტრუმენტი იყო. ქართული ეკლესია რუსული ეკლესიის შემადგენლობაში შევიდა. სასულიერო პირები რუსეთის იმპერიის ჩინოვნიკები იყვნენ. რუსიფიკაციის პოლიტიკის წარმოებაში ეკლესიას ავანგარდის როლი მიენიჭა. ცალკეული სასულიერო პირების სულისკვეთება ვერ ცვლიდა საერთო სურათს. ქართველი განიდევნა ეკლესიიდან, მაგრამ მას ჩამოუყალიბდა ცხადი განცდა, რომ ქრისტიანული ღირებულებების მემკვიდრე სწორედ ისაა და არა ეკლესია. ამ სულისკვეთებით იწყება საერო, ანუ ეროვნული სივრცის შექმნა.

ამ წერილში მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება, რომელიც დღეს თითქმის მივიწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ „ქართველი” საუკუნეთა განმავლობაში სარწმუნოებრივი იდენტობა იყო, ქრისტიანობა, როგორც მკაცრად ცენტრალიზებული სისტემა, საქართველოს ყველა მხარეში თანაბრად არასოდეს ფუნქციონირებდა. შესაბამისად, ქართული ქრისტიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია. სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის ამ ქვეყნის უნიკალურ კულტურას.

სერგო რატიანი

 

გაიძროთ ანაფორები, შეიკრიჭოთ თმები და გამოეწყოთ „პინჯაკებში”, „შტაცკურად”, მაშინ სულ სხვა მნიშვნელობას მივცემთ თქვენს რევოლუციონერობას. დღეს კი თუმცა ყველაფერს კარგს, უკეთესს, სასარგებლოს ბრძანებთ, მაგრამ ბოლოს ჩვენთვის სამავნებლო იქნება. თქვენს წოდებას პროგრესიული აზრების ქადაგებით მკვიდრად ბოძებს უდგამთ და მომავალ ცხოვრებას ეგ არ შეჰფერის, არც შეჰშვენის; ახალმა ცხოვრებამ სრულიად სხვა გზა და დანიშნულება უნდა მისცეს თქვენს წოდებას, მშობლიური მამობრივი მზრუნველობა უნდა ჩამოგყაროსთ, თქვენ აღზრდის საქმეში, სკოლებში ადგილი აღარ გექნებათ, რათა უკუღმა არ მომართოთ თქვენი ყოვლად შემძლებელი ენა. მომავალი ცხოვრება თქვენ პროგრესიულ ელემენტად ვერ ჩაგთვლისთ. დიაღ, ვერ ჩაგთვლისთ, ვიდრე სამღვთო წერილის მცნებათა თავისებურად გამოყენებაზე ხელს არ აიღებთ და არ მოიშლით მეჭურჭლის ხელობას, რომელიც ქოთანს საითაც ჰნებავს, ყურს იქით მოაბამს... ვსტყუი? მაშ რატომ აქამდის, ვიდრე ბიუროკრატიის ბაგეზე იყავით დაბმულები და იმის დალაბანდზე სთამაშობდით, არა ჰქადაგებდით მაგას, რასაც დღეს ამბობთ? თუ დროთა ვითარებას დააბრალებთ, ცენზურას და სხვა?

მღვდლებო-სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ, თქვენს წოდების გარეშე ბევრს სხვასაც, მე პირადად მწყინს, როცა ჰმვღდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ... გაიხადეთ ან ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა. არც არაფერი იმით დაშავდება... თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილ მამულიშვილებს და მოქალაქეებს... საწყინო იყო თუმცა ბევრ სოციალისტ-რევოლუციონერს არ სწყინდა, არამედ ესახელებოდა კიდევაც მამა გაპონი რომ მუშებს გაუძღვა წინ, შარშან იანვარს სასახლისაკე. ამით გაპონმა რუსეთის სოციალისტებს რამდენიმე ჩანახი ლაფი დაასხცა თავზე, თუმცა უკანასკნელებმა ვერც კი იგრძნეს. კიდევ კარგი, რომ გაპონიც ყალბი სოციალისტი გამოდგა.

დღეს კი თქვენი მოღვაწეობა ნაყოფიერია და უფრო ნაყოფიერი იქნება თუ იქადაგებთ მაგ მოწინავე აზრებს, როგორც მოქალაქენი და არა როგორც მღვდლები.

იქნება სთქვათ: მღვდლობა, ანაფორები რას გვიშველისო. მაგრამ ხომ ყოველი „პრისტავი” ამბობს და გვეფიცება, როცა ეტყვი, გაიხადე მუნდირიო, გამოდი სამსახურიდან და ხალხს შეუერთდიო დიაღ, ფიცითა სქდება; ნამდვილი ქვეყნის ერთგული ვარ, მუნდირში ხალხს უფრო ბევრში რაშიმე გამოვადგებიო. საქმით კი გამოდის, რომ ამჯურა ხალხს ვნების მეტი ქვეყნისთვის არაფერი მოაქვს, რადგან ვის პურსაცა სჭამენ, იმის ხმალს იქნევენ. ძაღლი საცა სალაფავსა სჭამს, იქა ჰყეფს. ურიის პური სჭამე და ურიის ხმალი მოიქნიეო, ხომ მოგეხსენებათ?

ეს ერთიჯურა მღვდლების ვინაობა ვიცით, ხოლო არიან სხვა მღვდლები, რომელნიც არ ვიცი, რომელ პარტიას ეკუთნიან. მე ვამბობ ხევსურეთის მღვდლებზე. ამას წინათ ქრისტ. აღმად. საზოგადოებამ ააშენა, საცა არა მგონია, ხევსურეთში საყდრები და დანიშნა მღვდლები. საკმაო ჯამაგირებიც გაუჩინა, თითო მათგანი იღებს წელიწადში (600 მ.). და ერთხელ თუ დაენახვება წლის განმავლობაში თავის მრევლს, დანარჩენი დრო თავ-თავიანთ სახლებში სხედან (ნუ დაივიწყებთ, რომ ეს მღვდლები სულ ბარელები არიან გარდა ს. ახიელისა) და იღებენ პენსიებს. აი ესეც ნიმუში ბიუროკრატიის კეთილგონიერებისა. სად არიან ეს მამანი? რას ფიქრობენ? ნუ თუ არაფერს მოვალეობას არა ჰგრძნობენ წინაშე ერისა... თუ სამღთო წესების ასრულებას არავინ სთხოვს, მაინც ამით მართლულობენ მუდამ მღვდლები თავსა, საპოლიტიკო მოღვაწეობა ხომ ფართოა. მთაში პროვოკაცია იკიდებს ფეხს და ბიუროკრატია აბამს თავის აბლაბუდას. ამ შემთხვევაში მაინც თვალს აუხელენ ხალხს და გააფრთხილებენ. თქვენვე ბრძანეთ, რომელ პარტიას უნდა ეკუთნოდენ ეს მღვდლები. ვგონებ ჩემთან ერთად თქვენც იტყვით, რომ სულიერი მამები არიან „მიიღე ჯამაგირის” პარტიისა...

მღვდლების ვინაობა ფასობს გენერლების ვინაობასთან, მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე პირმა თავადაზნაურთაგანმა დეპეშა გაგზავნა სათათბიროში და მოულოცა კეთილგონიერი მოქმედება და უსურვა მოღვაწეობა კვალად ქვეყნის საკეთილდღეოდ და კერძოდ საქართველოსთვის და სხვა. ეს სწყენიათ გენერლებს, გენერლებს და მხოლოდ გენერლებს (იხ. „შრომა” N 59) და გამოუცხადეს პროტესტი დეპეშის გამგზავნელთ და აკუთნეს დეპეშას „ანტიდვორიანსკოე სოდერჟანიე”. გულნადებისა, თავის ვინაობის გამომჟღავნებაც სწორედ ასეთი უნდა. ანკი რის გენერლები არიან, თუ ასე არ მოიქცენ. რიღას „ვოენის” კაცები იქნებიან, რომ ამ დროს შეუშინდენ და ან გარემოებას. აკი არც შაეშინდათ და სთქვეს: ჩვენა ვართ და ესა ვართ, აბა ვინ რა ყურებზე ხახვს დაგვათლისო. მოდი და ნუ იტყვი: ურიის პური ჭამე და ურიის ხმალი მოიქნიეო. მოდი და ნუ აღახომ ბაგეთა და არ დაიძახებ რაც ძალი და ღონე გაქვს: აი მალადეც გენერლებო, ორბელიანებო, ჭავჭავაძეებო, ერისთავებო და სხვანო, მარილნო ამა ქვეყნისანო, საქართველოს დამამშვნებელნო! რა უჭირს ამ ქვეყანას, რომელსაც თქვენისთანა გენერლები და გავლენილი პირები ჰყავს?! ვინ გაუბედავს დაჩაგროს იგი, შეუგინოს ეროვნება, – გაანაცარმტვეროს...

უეჭველია, რომ საქართველოს ისტორია არ დაივიწყებს თქვენს ღვაწლს, როგორც მსოფლიო ისტორიამ არ დაივიწყა ღვაწლი გეროსტრატისა, რომელმაც დაწვა მშვენიერი დიანის ტაძარი.

1906 წ.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები