სამი გამომცემლობის ამბავი

ძველი იდიომა უნდა გამოვიყენოთ – „მათ მოიყვანეს” სამამულო ლიტერატურა ახალი ეპოქის მიჯნამდე. ქართულ გამომცემლობებს ვგულისხმობ. ამის იქით უკვე ციფრული ერა იწყება, რომლის გამოწვევებსაც ისინი არ უშინდებიან, თუ უფრო მეტიც არა. სამი მათგანის ისტორიას გაგაცნობთ, პირველ პირში მოთხრობილს. სამომავლოდ, ბუნებრივია, სხვებზეც გესაუბრებით.

როგორ შეიქმნა მათი გამომცემლობა, დასახელების იდეა, სტარტი, წინააღმდეგობები, რა ტიპის წიგნებს გამოსცემენ, რა ტიპისას არა, წიგნის საბჭოთა და დღევანდელი ბაზრები საქართველოში, მათი ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი გამოცემა, მომავალი – ელექტრონულ წიგნებთან მათი დამოკიდებულება და სხვა პერსპექტივები.

სამივე მათგანს საკუთარი, განსაკუთრებული ისტორია და შეხედულებები აქვს. სამივე თავისებურად ჰყვება – მოკლედ თუ გრძლად. ზოგჯერ მსგავსი აქცენტები აქვთ, ხანაც განსხვავებული ხედვები. მოკლედ, დავიწყოთ.

მაშ ასე:
სიესტა

ქეთი კიღურაძე

8-9 წლის წინ, გაიხსნა პარნასი – პირველი თანამედროვე წიგნის მაღაზია და აივსო ათასნაირი თანამედროვე უცხოური და უსახური ქართული გამოცემებით. მივხვდი, რომ მინდოდა და შემეძლო თანამედროვე ქართული წიგნების კეთება. იქამდე გამომცემლობაში ერთხელ ვიყავი ნამყოფი, როდესაც „მზიურის” ფესტივალისთვის ახალგაზრდა ავტორების ბროშურები დაგვიბეჭდეს, მაშინ ჯერ ავტორის თვალით ვუყურებდი ამ საქმეს და უამრავი უსაფუძვლო პრეტენზია გამიჩნდა ამ გამომცემლობასთან.

წიგნს ვუყურებდი, ერთი მხრივ, როგორც ავტორი, როგორც უკვე პარნასის თანამშრომელი, მაშასადამე, წიგნის გამავრცელებელი და, ასევე, როგორც მკითხველი. ამ სამგანზომილებიანმა რაკურსმა დიდი ენთუზიაზმით ჩამაბა წიგნის საქმეში. ვგრძნობდი, ამის კეთებაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა და არ ვფიქრობდი ბიზნესსა და მოგებაზე. ჩვენი ძლიერი, წითელი ლოგო წიბახას დიზაინით არის შექმნილი. საოფისე დოკუმენტაციის დიზაინზე ჩუბჩიკამ იზრუნა. საგამომცემლო სახლის დაარსებაში ყველა დიდი ენთუზიაზმით იყო ჩართული. თითქოს მარტო არ მტოვებდნენ საპასუხისმგებლო საქმესთან. მათი თანადგომა დღემდე მოგვყვება. ეს მოგვიანებით სახელშიც აისახა – “ჯგუფი სიესტა”. ახლაც მიმდინარეობს აზრთა გააზრების და შეჯერების მუდმივი პროცესი.

სანამ ნოტარიუსი საბოლოოდ სიესტას წესდებას შეკერავდა, სახელი მინდოდა ყოფილიყო ქართული. ერთი თვე ყოველდღე ამაზე ფიქრში ვატარებდით. „ენიგმა” – თქვა გიო მგელაძემ, „ასფურცელა” – აკრიანმა, „ნინო” – მირჩია გოგი ძოძუაშვილმა, სიესტას და ჩემს მეორე შვილს ერთად „ვაჩენდი”. საუკეთესო სახელი ნინიასაც მოვუძებნეთ, თამარა ხოშტარიამ გამიქსა ბგერები. „3 დამა” – წიბახას წამოცდა, „კატო”, „ფიქრისგორა” – ნახცოს, „ანასტასია” უნდოდა გიორგის. მთელი საახალწლო დღეები პარნასის კაფეში წიგნების გარშემო შეკრებილი მეგობრები ამით ვერთობოდით. ამასობაში მოვაგროვე საწესდებო კაპიტალის ფული. ნოტარიუსთან დათქმული დრო უკვე 30 წუთში მოდიოდა. ჩაირთო უკან დათვლის რეჟიმი: 30, 29, 28... ვერსიები აბსურდულ და მხიარულ ფორმებს იღებდა – დათქმულ ბოლო წუთს წარმოთქმული სახელი იქნებოდა გამარჯვებული. 5,4,3,2,1 – „სიესტა!” – დაიყვირა ირაკლიმ და აუქციონის ჩაქუჩის ხმის ფონზე უკვე ნოტარიუსთან ხელს ვაწერდით. ნინიაც ჯანმრთელი – 53სმ. დაიბადა.

სტარტიც ასეთივე ჯადოსნური იყო. პირველი წიგნი გამოვეცით ჩვენი სახელის მომგონებლის, ირაკლი კაკაბაძის. ფერადი ჩანართებით კალკის ფურცლებზე, 500-იანი ტირაჟით. მეორე წიგნი გამოცემული არც მქონდა, ჯერ ვმუშაობდით, როცა დამირეკეს ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან და მითხრეს, რომ წიგნის გამოცემა უნდოდათ. დიდი მადლობა გადავუხადე, მაგრამ სადეკრეტო შვებულება მქონდა. ოფისი სახლში მაქვს, მე ვერ გავდივარ-მეთქი. არა უშავს, მოვალთო! კარგი, ბატონო, მაშინ ხვალ რა დრო გაწყობთ-მეთქი? არა, დღესო! უკვე საღამო იყო, მობრძანდით, ბატონო, რაღა გაეწყობა-მეთქი. მოვიდა „3 დამა”, სამი ქალბატონი, 40-50 წლისები იქნებოდნენ; წითელი, ყვითელი, მწვანე – სამი ფერია მესტუმრა და მას შემდეგ ჩემი საყვარელი მეგობრები არიან. მივიღეთ დიდი შეკვეთა, მიღებული „მოგება” დაედო სიესტას საფუძვლად. იმ წელს ძალიან წარმატებული, ათამდე წიგნი გამოვეცით. ალბათ ეს ათი წიგნი ასე ზუსტად რომ არ შეგვერჩია, სტარტი ფინიშს დროზე ადრე მიუახლოვდებოდა.

ახალგაზრდა ავტორების ხელშეწყობა ჩვენი სისუსტეა. სისუსტე იმიტომ, რომ ეს არამომგებიანი, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესია. თანამედროვე ქართველი ავტორები უმთავრესი მიმართულებაა სიესტაში. ის, რაც საავტორო უფლებებისაგან გათავისუფლებულია, უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკის სახით უნდა შეიქმნას მომდევნო თაობისათვის. დაახლოებით რაც lib.ge-მ გააკეთა, ოღონდ დაემატოს ელექტრონული წიგნების საკითხავი ხელსაწყოების სხვადასხვა ფორმატის მომზადებული წიგნები.

გამოვცემთ კლასიკურ თარგმანებს. არ ვზოგავთ მთარგმნელის, რედაქტორის და კორექტორის დროსა და ენერგიას, არც ფურცელსა და საღებავზე ვინანებთ და არც კარგ ილუსტრატორსა და დამკაბადონებელს ვაკლებთ წიგნს. არასდროს ვაფუჭებთ თარგმანს შუამავალი ენით – რუსულით – რაც ხშირად ხდება საქართველოში, ვთარგმნით მხოლოდ ორიგინალიდან.

არ მიყვარს ხელოვნურად გაერთიანებული სერიები, თითოეული წიგნი ინდივიდუალურია. არ მიყვარს, როცა მათ ყდაზე მითითებულ ციფრად, ან ფერად აქცევენ ჯარის პრინციპით. ყველა წიგნი ფორმით, დიზაინით ავტორს და შინაარსს უნდა შეესაბამებოდეს.

ძალიან საინტერესო გამოცემები გავიმეორეთ კულტურის სამინისტროსთან ერთად. ჟურნალი „კავკასიონი” ბატონი ზურაბ კიკნაძის ინიციატივით გადაიბეჭდა. თავის დროზე, მისი უჩვეულოდ ფართო, ყოვლისმომცველი დიაპაზონი სრულიად ახალი იყო და როგორც საზოგადოებრივმა წამოწყებამ, საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში ვერ იხარა. ასევე გავიმეორეთ მნიშვნელოვანი გამოცემები – „თბილისური ბოჰემა”, „დამაკვირდი”.

გვაქვს საბავშვო მიმართულება. საახალწლოდ გამოვა ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელი”, კომიქსის ფორმით. მინდიას საოცარი თავგადასავალი, ქართული ესთეტიკით შექმნილი ილუსტრაციებით გზას გაუხსნის ბავშვებს ვაჟა-ფშაველასა და ქართული მითების სამყაროსკენ. ვინ არის თქვენი შვილის საყვარელი სუპერგმირი? სუპერმენი? ადამიანი ობობა? ამ კომიქსის წაკითხვის შემდეგ ეს ნამდვილად მინდია გახდება.

ზოგადად, დღეს ვითარება შეიცვალა – საბჭოთა კავშირის დროს გამოცემული წიგნებისთვის არ იყო შეძენილი საავტორო უფლებები. მაშინ ხომ უფლებები ცალმხრივი იყო. ყველაზე-ყველაზე, ტოპ 10, საუკეთესო საუკეთესოთა შორის, არ არსებობს ასეთი. ყველაზე წარმატებული ისაა, რომელმაც მეტად იმოქმედა მკითხველზე.

ლიტერატურული პრემიების სამაგალითო ლიდერები ვართ, ამას ვერ გავექცევი. მადლობა მინდა გადავუხადო მიუკერძოებელ ჟიურის, საბას ორგანიზატორებს.

შთაბეჭდილების ისტორია კი... ერლომ ახვლედიანზე მინდა მოგითხროთ. ამდენი ხანია „გამომცემელი” მქვია, მართლაც რომ ბევრ საინტერესო, ამბიციურ, ექსტრავაგანტულ ავტორს შევხვედრივარ, მაგრამ ერლომმა თავიდან შემაყვარა ცხოვრება. ამ ადამიანის სიკეთის სიღრმეები და შრეები უფსკრულივითაა.

არცთუ ბევრი იყიდება ჩვენი საბავშვო სერია, „მოდით, ვისაუბროთ ამაზე”. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ არის წარუმატებელი გამოცემა, რადგან თითქმის არ კეთდება ასეთი შინაარსის წიგნები, ფსიქოლოგთა კონსულტაციით, რომელიც ეხმარება როგორც ბავშვს, ასევე მშობელს, პრობლემის გადალახვაში.

ელექტრონულ წიგნებს მივესალმები. ტყეც დაგვრჩება და ახალი ტექნოლოგიებიც ცოდნის შეძენად იაფ, ეკოლოგიურ და მოხერხებულ ფორმებს გვთავაზობს. ახლა დროა მათ დანერგვაში მივიღოთ აქტიური მონაწილეობა. დაარსდა ახალი ინტერნეტგვერდი lit.ge, რომლის დამფუძნებლებმაც შემოიტანეს საკუთარი ხელსაწყოები, ჩვენ მათ გვერდზე უკვე განვათავსეთ რამდენიმე წიგნი, მათ შორის – ზურაბ ქარუმიძის „დაგნი” ინგლისურ ენაზე. გამომცემლობა სიესტა მალე დააარსებს ახალ ლიტერატურულ პრემიას – „ჩართული სიტყვა”, რომელიც მხოლოდ ელექტრონული ფორმატის წიგნების ავტორებზე გაიცემა.

დიოგენე

თამარ ლებანიძე

დიოგენე 1995 წლის ოქტომბერში შეიქმნა. ოთხმა მეგობარმა – გია ქარჩხაძემ, ბაკურ სულაკაურმა, ოთარ ყარალაშვილმა და მე, თამარ ლებანიძემ – გადავწყვიტეთ, რომ წიგნების გამოცემა კეთილშობილური საქმეც იქნებოდა და მომგებიანიც. ბიზნესი მხიარულად დავიწყეთ, მაგრამ პრინციპულ პოზიციათა შეუთავსებლობის გამო სიტუაცია მალე შეიცვალა. მოკლედ ასე შეიძლება ითქვას: დავკარგე მეგობრები და შევიძინე კონკურენტები. ეს მძიმე გამოცდილება იყო, მაგრამ სრულიად გამომაფხიზლებელი.

ბოლო 10-11 წლის მანძილზე დიოგენეში ბევრმა ახალმა ადამიანმა დაიწყო მუშაობა. და, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ნელ-ნელა შემოვიკრიბეთ თანამოაზრეები – ხალხი, ვისაც ჩვენი ხედვა, სტილი და პრიორიტეტები მოსწონს. ახალ თანამშრომლებს ახალი პროექტები მოაქვთ და მე მიხარია, რომ დიოგენეს განვითარება მუდმივად მიმდინარე პროცესია.

სიმართლე გითხრათ, ბევრი არ გვიმსჯელია. დიოგენე? – რატომაც არა! – შევძახეთ ლამის ერთხმად. ჩვენი ლოგოც (ხე და წარწერა) უცებ და სრული ურთიერთთანხმობით გააკეთა ოთარ ყარალაშვილმა. მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ლოგოა და მისით ხშირად მოგვიწონებია თავი.

ჩვენი სტარტის ძირითადი სირთულე იდეების სიჭარბე და სახსრების უქონლობა იყო. ეს სუბიექტურად. ზოგად პრობლემებს და ფონს რაც შეეხება, 16 წლის წინ წიგნის მაღაზია ძალიან ცოტა იყო საქართველოში. არც საკანონმდებლო ბაზა იყო მოწესრიგებული. როცა საქმიანობას იწყებ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, გხვდება თუ არა ხელშემწყობი გარემო, იოლია თუ არა გეგმების განხორციელება. ამ მხრივ დღეს საქართველოში ბევრად უკეთესი ვითარებაა და მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს, დადებითი ცვლილებები შეუქცევადი რომ გახდეს.

საბავშვო წიგნები, მხატვრული ლიტერატურა, სახელმძღვანელოები – შეიძლება ითქვას, რომ მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული საგამომცემლო პრიორიტეტები დიოგენესთვისაც უმთავრესია.

დაახლოებით 6 თვეა, რაც ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვანი სიახლით გამდიდრდა. თბილისში, სპორტის სასახლესთან, აფაქიძის 9-ში წიგნის მაღაზია დიოგენე გავხსენით. მთელი გული და სული (და ფინანსებიც) ჩავდეთ, რომ სასიამოვნო გარემო შეგვექმნა. ბევრი კარგი წიგნი, დახვეწილი დიზაინი, ლიტერატურული შეხვედრები, მუსიკა, ფილმები, მყუდრო გარემოში “ულიმიტო” კითხვის შესაძლებლობა, ყავა/ჩაი და ა.შ. – ეს დიოგენეს სტილია და ამ სტილს უკვე ბევრი დამფასებელი გამოუჩნდა.

საბჭოთა და დღევანდელი ბაზრები ისე განსხვავდება, მარტივად რომ ვთქვათ – როგორც ცა და დედამიწა, ჩაკეტილი გარემო და თავისუფლად მოქმედების საშუალება. თუმცა სიტუაციის კიდევ უფრო გაუმჯობესებაც შეიძლება, რა თქმა უნდა. ვისურვებდი, რომ წიგნიერების პრობლემით სახელმწიფო მეტად დაინტერესდეს. სამწუხაროდ, ცალკეული უწყებების დონეზე ხანდახან არასწორი ინიციატივები ჩნდება. ამიტომ, თუკი ერთიანი სახელმწიფო ხედვა და შესაბამისი პროგრამა იარსებებს, გაუგებრობები გამოირიცხება და გაცილებით სწრაფად წავალთ წინ.

წარმატებულ გამოცემათაგან “მოუკრეფავნი” მახსენდება, ქართული სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები. კრებული ვახუშტი კოტეტიშვილმა შეადგინა და თედო სახოკიას შეკრებილი მასალაც დაურთო. ამ წიგნის წარმატება ბევრი მიზეზითაა აღსანიშნავი, რომელთა შორის იმ გარემოებას გამოვყოფდი, რომ აზრთა სხვადასხვაობის და “კონსერვატორთა” წინააღმდეგობის მიუხედავად, ლაღმა ხალხურმა იუმორმა თავისი ქნა და ამ პატარა წიგნმა ბევრი ოჯახის ბიბლიოთეკა გაახალისა.

წარუმატებელი კი... ერთი კონკრეტული წიგნი კი არა, მთელი სერია მინდა დავასახელო. ჩვენ ამ სერიას პირობითად “ნამდვილი საბავშვო წიგნები” ვუწოდეთ. ეს საერთაშორისო ბესტსელერებია, თანამედროვე ზღაპრები, რომლებმაც საქართველოში ვერა და ვერ იპოვეს მკითხველი. ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, რამ შეუშალა ხელი საქართველოში ამ წიგნების პოპულარობას. რასაკვირველია, ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ ასე მგონია, რომ ქართველი მშობლების უმრავლესობა უფრთხის ფაქიზ, “არასტანდარტულ” წიგნებს, ორიგინალურ ტექსტსა და ილუსტრაციებს, და უპირატესობას ორიათასხუთასჯერ გადამღერებულ ერთსა და იმავე სიუჟეტებს ანიჭებს. მეტი გაბედულება, ძვირფასო მშობლებო! შემოიარეთ დიოგენეში და ნახეთ წიგნები, რომლებსაც მთელ მსოფლიოში უკითხავენ მშობლები შვილებს და მათთან ერთად მშვენივრად ერთობიან!

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომავალი ელექტრონული წიგნებისაა. ამას ვგრძნობ და ვამბობ, როგორც მკითხველი და გამომცემელი. სხვაგვარად შეუძლებელია და მიკვირს, როცა ამ მოვლენას ჩემი კოლეგები წინააღმდეგობით ხვდებიან.

ამჟამად დიოგენე ინტენსიურად იწყებს მუშაობას ადრე გამოცემული წიგნების ელ.ფორმატში გადასაყვანად. ბუნებრივია, იმასაც შევეცდებით, რომ ყოველმა ახალმა წიგნმა პარალელურად ორივე – ტრადიციული და ელექტრონული – სახით იარსებოს. ეს, უპირველეს ყოვლისა, ტექსტურ გამოცემებს შეეხება. ჯერჯერობით ზუსტად ვერაფერს გეტყვით ილუსტრირებული წიგნების შესახებ, თუმცა ამ მიმართულებითაც გვინდა ექსპერიმენტირება.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 

ბაკურ სულაკაური

1996-98 წლებში ვიყავი გამომცემლობა დიოგენეს ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. იმის გამო, რომ მისი და მისი თანადამფუძნებელი მეგობრების (ამჟამად ყველას ცალ-ცალკე გამომცემლობა აქვს) ხედვები გამომცემლობის როგორც სარედაქციო პოლიტიკასთან, ასევე გაყიდვებისა და ფინანსების მენეჯმენტთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა, გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მემოქმედა და ცალკე გამომცემლობა შემექმნა. პირველი წიგნები 1998 წელსვე გამოვუშვი, ხოლო შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა დაფუძნდა 1999 წლის 30 ივნისს. იმ დროს კომპანიაში მხოლოდ ორი ადამიანი მუშაობდა – მე და თინა მამულაშვილი, რომელიც ამჟამადაც გამომცემლობის დირექტორია.

იმ დროს ძალიან ცოტა გამომცემლობა არსებობდა, წიგნის ბაზარი ჩანასახოვან მდგომარეობაშიც კი არ იყო და, ბუნებრივია, როდესაც იქმნება გამომცემლობა, რომელსაც აქვს ამბიციური მიზანი, შექმნას და განავითაროს ისეთი წიგნის ბაზარი საქართველოში, რომელიც თავისი არსით მსგავსია და მხოლოდ ზომით განსხვავდება განვითარებული ქვეყნების წიგნის ბაზრებისაგან, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელი, რომელიც უნდა იქცეს ბრენდად. ჩვენი იდეა საკმაოდ მარტივი იყო: ის, რაც მუშაობს ყველა განვითარებულ ქვეყანაში, სავარაუდოდ, იმუშავებს საქართველოშიც. ეს ეხება როგორც ბაზრის მოწყობის პრინციპებს (ვთქვათ, წიგნის საფასო პოლიტიკას), ისე გამომცემლობის სახელსაც. უდიდესი უმრავლესობა მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობებისა ატარებს გამომცემლობის დამფუძნებლის სახელს და, როგორც წესი, მისდევს დამფუძნებლის მიერ შემუშავებულ საგამომცემლო სტრატეგიას. ბუნებრივია, მე-20 საუკუნის ბოლოს საქართველოში ჯერ კიდევ უჩვეულოდ ჟღერდა ადამიანის სახელი და გვარი კომპანიის სახელწოდებაში, მაგრამ პრეცედენტიც არსებობდა (იმ დროს უკვე მოქმედებდა, მაგალითად, პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა). ამიტომ სახელის შერჩევას ძალიან დიდი დრო არ დასჭირვებია.

მთავარი წინააღმდეგობა, რაც იმ დროს ხელს უშლიდა წიგნის ბაზრის განვითარებას საქართველოში, ახლა ძალიან სასაცილო ჩანს, მაგრამ იმ დროს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა: წიგნის საცალო ფასი გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე სტამბაში მისი ბეჭდვა ჯდებოდა. ასე მაგალითად, საშუალო ზომის რომანის გასაყიდი ფასი იყო დაახლოებით 1 ლარი, მაშინ როცა მისი მხოლოდ დასტამბვა ჯდებოდა დაახლოებით 1.5 ლარი. ბუნებრივია, ასეთ პირობებში შეუძლებელია შეიქმნას წიგნის ბაზარი. პირველივე რამ, რაც დასაწყისში ჩვენ გავაკეთეთ, იყო შემდეგი: გამოსაცემად მოვამზადეთ 6 თანამედროვე მწერლის წიგნი (მათ შორის იყო, მაგალითად, შემდგომში უკვე გახმაურებული „გადაფრენა მადათოვზე და უკან”). დიდი ყურადღება მივაქციეთ იმას, რომ ამ წიგნების შეფუთვა (როგორც გარეკანის, ასევე შიგთავსის დიზაინი და დაკაბადონება) ყოფილიყო მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი. ამისათვის მოვიწვიეთ გრაფიკული დიზაინის ცნობილი სპეციალისტი თამაზ ვარვარიძე და მას შევუკვეთეთ გარეკანის დიზაინი. სიახლე იყო ისიც, რომ ფერადი გარეკანები დავბეჭდეთ მაღალი ხარისხით, რაც იმ დროს ძალიან უჩვეულო იყო – იმისათვის, რომ სასტამბო ხარჯები დაეზოგათ, შავ-თეთრ ყდებს აკეთებდნენ და იმასაც უხარისხოდ ბეჭდავდნენ ხოლმე. და მაინც, მთავარი სიახლე ის გახლდათ, რომ ამ წიგნების გაყიდვა დავიწყეთ იმ დროისათვის უპრეცედენტოდ ძვირად – 3 ლარად. ახლაც გვახსოვს უკმაყოფილო ადამიანების ბუზღუნი, როგორ შეიძლება წიგნის ასე ძვირად გაყიდვაო. შესაბამისად, ეს წიგნები ცუდად იყიდებოდა, რადგან მყიდველს სხვა საფასო მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ სიტუაცია ნელ-ნელა იცვლებოდა...

ჩვენი საგამომცემლო მიმართულებები დასაწყისშივე მკაფიოდ განვსაზღვრეთ: ეს უნდა ყოფილიყო თანამედროვე პროზა (როგორც ქართული, ისე ნათარგმნი) და საბავშვო ლიტერატურა (როგორც მხატვრული, ისე შემეცნებითი). მომავალში ჩვენი პრიორიტეტები ოდნავ გაფართოვდა და ამას დაემატა სასკოლო სახელმძღვანელოები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლიტერატურა და ილუსტრირებული გამოცემები უფროსებისათვის (კულინარია, ჯანმრთელობა, მებაღეობა...). ძალიან ხშირად, მცდარად ჰგონიათ, რომ, მაგალითად, პოეზიას იმიტომ არ გამოვცემთ, თითქოს ის ცუდად იყიდება. ამას ვინც ამბობს, ის წიგნის ბაზარს საერთოდ არ იცნობს, თორემ ეცოდინებოდა, რომ ბოლო წლების კომერციულად ყველაზე წარმატებული გამოცემები სწორედ პოეტური კრებულები იყო. პოეზიას არ გამოვცემთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ არის ჩვენს საგამომცემლო პრიორიტეტებში (ისევე, როგორც, მაგალითად, იურიდიული ან ეკონომიკური ხასიათის ლიტერატურა). როდესაც მხატვრულ ლიტერატურას გამოვცემთ, ჩვენი უპირველესი მიზანი არის არა კომერცია, არამედ ლიტერატურული ხარისხი. ბუნებრივია, შემდეგ ვცდილობთ, ყველაფერი, რასაც გამოვცემთ, ვაქციოთ კომერციულად წარმატებულადაც და ძალიან ხშირად გამოგვდის კიდეც. სწორედ ამან შექმნა მითი, რომ ჩვენ მხოლოდ კომერციულად წარმატებულ პროექტებს ვეძებთ. სინამდვილეში საქმე ასეა: ვცდილობთ მოვძებნოთ და გამოვცეთ კარგი წიგნები და ვაქციოთ ისინი კომერციულად წარმატებულად.

საერთოდ, წიგნის ბაზარი ფასდება გაზომვადი კრიტერიუმებით. ესენია: რამდენი დასახელების წიგნი გამოდის ყოველწლიურად; რამდენი გამომცემლობა მოღვაწეობს ბაზარზე; რამხელაა ბაზრის მოცულობა გაყიდვებით; რამხელაა ბაზრის მოცულობა მთლიანი ჯამური ტირაჟით; რამდენი წიგნის მაღაზია და წიგნების გაყიდვის სხვა სარეალიზაციო წერტილი არსებობს; და ა.შ.

ამ კრიტერიუმებით, დღევანდელი წიგნის ბაზარი განუზომლად წინაა საბჭოთადროინდელზე. მაგალითად: დასახელებების რაოდენობა, სულ მცირე, 2-ჯერ მეტია; გამომცემლობების რაოდენობა – 10-ჯერ; გაყიდვების ჯამური მოცულობა – დაახლოებით 2-ჯერ; წიგნის საცალო ქსელიც კი, სულ მცირე, 2-ჯერ დიდია ახლა, ვიდრე საბჭოთა დროს იყო.

ამ ყველაფერს მარტივი მიზეზი აქვს: საბჭოთა დროს ყველაფერს (მაგალითად, წიგნის ტირაჟს) განსაზღვრავდა არა რეალური მოთხოვნა, არამედ ჩინოვნიკების შეხედულებები მოთხოვნაზე. შესაბამისად, წიგნის ბაზარს ბუნებრივად მოწყობილს ვერ დაარქმევდი. სულ უბრალო მაგალითი: წიგნის საცალო ფასი გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე ამ წიგნისთვის დახარჯული ქაღალდის ფასი მსოფლიო ბაზარზე.

დღემდე ჩვენი ყველაზე წარმატებული წიგნია „საბავშვო ენციკლოპედია”, რომელიც ფაქტობრივად პირველი, ზოგადი ხასიათის, უხვად ილუსტრირებული და პოლიგრაფიულად უზადოდ შესრულებული ენციკლოპედიური გამოცემაა საქართველოში. ეს წიგნი შემთხვევით არ გვითარგმნია. მაშინაც მიგვაჩნდა, რომ არსებობს სფეროები, სადაც არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება – უნდა აიღო საუკეთესო, რაც არსებობს მსოფლიო ბაზარზე და გააკეთო მისი ზუსტი ანალოგი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვერჩია საუკეთესო საბავშვო ენციკლოპედია, რომელიც იმ დროს არსებობდა მსოფლიო ბაზარზე. მრავალი წიგნიდან, სულ ბოლოს ორი დარჩა – ორი სხვადასხვა ბრიტანული გამომცემლობის გამოცემა: ერთი, იმ დროისათვის ძალიან პოპულარული, ფოტოსურათებით გაფორმებული, ეფექტური დიზაინის მქონე წიგნი, გამომცემლობა Dorling Kindersley-ის მიერ გამოცემული; ხოლო მეორე – მთლიანად ნახატებით ილუსტრირებული, გამომცემლობა Osborne-ის მიერ გამოცემული. ყველა, ვინც ამ ორ წიგნს ერთად ხედავდა, პირველ რიგში Dorling Kindersley-ს წიგნს იღებდა ხელში, მაგრამ ბავშვებზე ჩატარებული მცირე დაკვირვების მერე შევამჩნიეთ, რომ Dorling Kindersley-ის წიგნი მალე ბეზრდებოდათ, ხოლო Osborne-ის წიგნი შეეძლოთ დაუსრულებლად ეთვალიერებინათ. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ უკანასკნელის გამოცემა და არც შევმცდარვართ – ეს წიგნი ქართულ ბაზარზე დღესაც საუკეთესოდ იყიდება.

ყოველწლიურად გამოვცემთ ათობით წიგნს, რომლებზედაც წინასწარ ვიცით, რომ კომერციულად წარმატებული ვერ იქნება. მიუხედავად ამისა, მაინც გამოვცემთ და მათ დოტირებას ვახდენთ კომერციულად წარმატებული პროექტებიდან. შესაბამისად, არ გვაქვს რაიმე კრიტერიუმი, რომლითაც წარუმატებლობას განვსაზღვრავთ არაკომერციულ გამოცემებზე.

გარკვეული ტიპის წიგნები ახლო მომავალში ქაღალდზე საერთოდ აღარ იარსებებს (მაგალითად, ცნობარები, ლექსიკონები და ა.შ.), პროზა შედარებით ნელა გადავა მთლიანად ელექტრონულ ფორმატში. ამ პროცესისთვის ფეხის აწყობა უკვე დავიწყეთ და უახლოეს მომავალში გვექნება პირველი ელექტრონული გამოცემები. ზოგადად, წიგნის ბაზარი (როგორც ქაღალდზე დაბეჭდილი, ისე ელექტრონული გამოცემების) საქართველოში ყოველწლიურად იზრდება და იმედია, ზრდის ეს ტემპები უახლოეს წლებშიც შენარჩუნდება.

 

 

 

კომენტარები