2011

+-

31 მილიონ 557 ათას 600 წამი. როგორ ფიქრობთ, ბევრია თუ ცოტა? ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ამდენის გასვლაა საჭირო ახალი წლის კვლავ შესახვედრად. სულ ცოტა ხნით ადრე, ჩვენი წელთაღრიცხვის დაწყებამდე, ერთმა რომაელმა ასე გადაწყვიტა და ახლა უკვე ვეღარაფერს შეცვლით. სამაგიეროდ, ახალი წლის დადგომა ყოველთვის გვაყენებს იმის ხასიათზე, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც შევცვალოთ. „ახალი წლიდან აუცილებლად...” ხომ ყველასთვის ნაცნობი ფრაზაა.

ისე კი, საახალწლო განწყობა მაინც ყველაზე უცნაური ქმედებებისკენ გვიბიძგებს. სხვაგვარად როგორ უნდა უწოდო ფაქტს, როდესაც 31 მილიონ 557 ათას 601 წამზე, უამრავი ადამიანი ხილით სავსე ქოთნების დამტვრევას შეუდგება. ამის მიზეზი წესიერად მგონი ჩრდილოეთშიც არ იციან. ახალი წლის ღამის წეს-ჩვეულებებიდან ყველაზე საინტერესო იტალიელებთან და სამხრეთ აფრიკის

რესპუბლიკის მცხოვრებლებთან უნდა ვეძებოთ. მაგალითად, იოჰანესბურგის ერთ-ერთ კვარტალში ახალი წლის ღამეს პოლიცია ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. მიზეზი მძღოლების სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. საფრთხეა, აბა რა არის, როდესაც შენთვის ქუჩაში მიდიხარ და მთელი კვარტალი ფანჯრიდან თავზე მაცივრებს, ბოთლებსა და დიდი ზომის ავეჯს გაყრის. იტალიელ ბაბო ნატალესაც მიაჩნია, რომ ახალი წელი ყველაფერი ძველის გარეშე უნდა დაიწყო – თუ სახლში ძველი უთო გაქვს, არ ღირს ბევრი ფიქრი – ადგე და ის ფანჯრიდან გადაუძახო.

დაძველებული და თავიდან მოსაშორებელი ალბათ ყველა ჩვენგანს თავისი ექნება. 2011 წლის სიახლეებიდან ამგვარი საერთო რაღაცების მონახვაც არ უნდა იყოს რთული – ბევრი რამ არსებობს, რასაც 2012 წელს არც ისე მოვისაკლისებთ:

მაშინ როდესაც არსებობს Apple-ის iPad-ი, Motorola-ს Zoom-ი, Sony-ის Tablet-ი და Amazon-მაც ბოლოს და ბოლოს მოისაზრა ფერადეკრანიანი Kindle Fire-ის გამოშვება, 2011 წლის დასაწყისში გამოსული ამერიკული Dell Streak 7 უსარგებლო გამოგონებათა სიაში შეგვიძლია შევიყვანოთ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფასი არც ისე მაღალია (ის სამასი ამერიკული დოლარიდან იწყება), ბაზარზე უფრო დაბალფასიანი კონკურენტებიც მოიძებნება. თუ გავითვალისწინებთ პატარა ეკრანს და არც ისე კარგ ფერებს, ანდროიდის თითქმის მოძველებულ სისტემას და ბატარეას დაბალ სიცოცხლისუნარიანობას, ერთ დასკვნამდე მივალთ – ჯობია გადაიხადო ცოტა მეტი და პროდუქტისგან სიამოვნება მიიღო, ვიდრე გვერდით ისეთი არამიმზიდველი მეგობარი გყავდეს, როგორიც Dell-ის ტაბლეტია.

ხდება ხოლმე, როცა მოდას ლამაზი და საინტერესო ტენდენცია მოაქვს, რაც დროთა განმავლობაში ბანალურ კიტჩად იქცევა. ოსკარ უაილდი შესაძლოა ფიქრობს, რომ მოდა იმდენად მახინჯია, ყოველ ექვს თვეში მისი შეცვლაა აუცილებელი. ხანდახან კი, ეს სილამაზის შესანარჩუნებლად არის საჭირო. უკვე მერამდენე სეზონია, ვხედავთ ლეოპარდის თუ ზებრას პრინტს სამოსზე, აქსესუარებზე თუ სხვადასხვა ნივთზე. შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში ნანახი დათვის ქურქისებური კაბა (Just Cavalli), ვეფხვის ტყავის ნახატიანი ჩექმა (Sergio Rossi), კატები ჟივანშის ჟაკეტზე უკვე აღარ ახდენს კარგ შთაბეჭდილებას, რადგან ანიმალისტური ესთეტიკა ანიმალისტურ ისტერიაში ტრანსფორმირდა. ვფიქრობ, მომავალი წლის მოდაში აბსტრაქტული ხელოვნების, ბაროკოსა და გრაფიკული პრინტის თემა გაცილებით საინტერესო და ორიგინალური იქნება.

ის, რის გარეშეც არ შეიძლება ცხოვრება, აპოსტერიორი არ განიხილება – ეს Google-ია საუკეთესო საფოსტო სერვისით, საძიებო სისტემით, მაგრამ თუ ვინმე გვეტყვის, რომ ხვალ Google+ აღარ იარსებებს, ჩვენ, უბრალოდ, მხრებს ავიჩეჩავთ და Facebook-ის კედლის კითხვას გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, Google+-ს ცუდი მხარეების გარდა, კარგიც გააჩნია, მაგრამ ამაზე საუბარს აზრი არ აქვს – ახალი სოციალური ქსელი არ აღმოჩნდა წარმატებული არც თავისი ფუნქციებით, არც რაიმე განსხვავებული შემოგვთავაზა და იმ პროექტად იქცა, რომელმაც არსებობის პირველივე წელს მომხმარებლის ინტერესი დაკარგა.

წელს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოვლენად ისლანდიელი მომღერლის, ბიორკის ახალი ალბომი, Biophilia იქცა, რომელმაც დღის სინათლე ოქტომბერში იხილა. ბიორკის თაყვანისმცემელთა აზრი ორად გაიყო: მათი მცირე რაოდენობა ფიქრობს, რომ ამ ალბომის მოსმენა წამებას უდრის, უმრავლესობა კი ამტკიცებს, რომ ეს საოცარი ნამუშევარია, თუმცა ამის ასახსნელად არგუმენტები არ ჰყოფნის. ალბომი საინტერესოა, ოღონდ ალბათ იმ კუთხით, თუ როგორ შეიძლება დისჰარმონიის შექმნაში ასეთ მწვერვალს მიაღწიო. თუ ქაოსი მელოდიაში ახალი მუსიკალური bonne ton არის, Biophilia-ს აქვს შანსი, შემდეგი ათწლეულის ყველაზე წარმატებულ ალბომად იქცეს. The Independent-ი წერს, რომ ბიორკი ზედმეტად გაერთო მულტიმედიისა და iPad-ის აპლიკაციების თემით – ალბომში მშვენიერ მომენტებს რაც უფრო უსმენ, მით უფრო შემთხვევითად გეჩვენება ისინი. მომავალ წელს The Independent-ის კითხვას აუცილებლად გავაგრძელებთ, ბიორკის ახალი „სიმღერების” მოსმენასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება, ყველა ჩვენგანმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს.

არაფერში დაგვჭირდება მომავალ წელს მაიკლ ბეის „ტრანსფორმერები 3: მთვარის ბნელი მხარეც” – ფანტასტიკური ბოევიკი, რომლის პრემიერა ივნისში გაიმართა, ხოლო აგვისტოში ისტორიაში მეათე ფილმი გახდა, რომელმაც სალაროში მილიარდ დოლარზე მეტი შეიტანა. იმასაც ამბობენ, რომ „ავატარის” შემდეგ ეს საუკეთესო 3D ფილმია, თუმცა ეფექტები ასეთ ცუდ ნამუშევარს უკეთესად ვერ აქცევს. როჯერ ებერტმა „ვიზუალურად მახინჯი ფილმი უთავბოლო სიუჟეტით” უწოდა, რაც მისგან რბილ შეფასებად შეიძლება ჩაითვალოს. მესამე ტრანსფორმერების ნახვა კი არც მომავალ და არც სხვა შემდეგ წლებში აღარ მოგვინდება.

ის ფრეზიის, ვარდის, ზამბახის, მუშკის, სანდლის ხის სურნელების ნაზავს წარმოადგენს. კომპოზიცია ატმის თბილი სურნელით უნდა იხსნებოდეს, მაგრამ ერთადერთი, რის ასოციაციასაც დასაწყისი იწვევს, საპონია. მომწარო, მძაფრი, მოსაწყენი სურნელი ხასიათის გარეშე სულაც არ ჰგავს Burberry-ის ხელწერას, მაგრამ Body სწორედ ასეთი გამოვიდა. როგორც ჩანს, მთელი ფინანსები ამ შემთხვევაში ლამაზი ბოთლისა და რეკლამის მოფიქრებას მოხმარდა. არომათერაპიულ სამყაროს ნამდვილად არაფერი დააკლდებოდა ამ ახალი არომატის გარეშე.

Canon PowerShot SX230 HS – ჰარმონიზებული სისტემის აღმნიშვნელი ნიშანი უკვე თავისთავად საუბრობს პროდუქტის ხარისხზე, თუმცა ეს Canon-ის ახალი ციფრული კამერის მთავარ ღირსებას არ წარმოადგენს. თოთხმეტი ოპტიკური ზუმი და 1080p ვიდეო შესანიშნავი სტერეოსაუნდით უკვე მიმზიდველი დაპირებაა. რაც მთავარია, კარგი მონაცემების ხარჯზე აპარატი დიდი ზომის სულაც არ არის – მისი ტარება მოგზაურობის დროს იოლად შეიძლება. მართალია, ფოტოს მხოლოდ თორმეტი მეგაპიქსელით იღებს, მაგრამ ყველა ფოტომოყვარულს კარგად მოეხსენება, რომ აპარატის ხარისხს პიქსელები ნაკლებად განსაზღვრავს. Canon-ის ახალი პროდუქტი კი ძალიან მკაფიო ფოტოებს იღებს, მათ შორის სუსტ განათებაზეც. ფერადი დიზაინი კარგი ფუნქციონირებით გამოწვეულ განწყობას კიდევ უფრო აამაღლებს.

გასულმა წელმა სავაჭრო ქსელებისა და დიზაინერების კოლაბორაციების წყალობით კარლ ლაგერფელდის შემოქმედების თაყვანისმცემლებს საშუალება მისცა, მისი შარფი, Macy’s-ში სულ რაღაც რვა ამერიკულ დოლარად შეეძინათ. 2012 წლის თებერვალში კარგად ჩაცმის მოყვარულებზე, რომლებსაც ბანკში არცთუ დიდი დანაზოგი გააჩნიათ, Target-ი და ცნობილი ამერიკელი დიზაინერი ჯეისონ ვუ იზრუნებს. ადამიანი, რომელიც მიშელ ობამას, ამბერ ვალეტას, ივანკა ტრამპს და სხვა გამოჩენილ ადამიანებს აცმევს, ამ თანამშრომლობაზე გატაცებით საუბრობს: „ქალის ხელმისაწვდომი სამოსის ამ ლიმიტირებულ კოლექციაში ამაღელვებელია ის, რომ საშუალება მეძლევა უფრო ფართო აუდიტორიას დავუკავშირდე”. ამ უკანასკნელს ისღა დარჩენია, ლიმიტირებულ კოლექციას დაელოდოს, რადგან, დიდი ალბათობით, ის ამად ნამდვილად ეღირება.

როდესაც საქმე საყვარელ შემსრულებელზე მიდგება, ყველა ჩვენგანს საკუთარი, პერსონალური იესო ჰყავს და მაინც, ყველამ კარგად ვიცით, რომელია ყველაზე პოპულარული ელექტრონული ჯგუფი მუსიკის ისტორიაში. Depeche Mode ინგლისში შორეულ 1980 წელს შეიქმნა და ძალიან მაგარი სიმღერების წყალობით წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, არა მხოლოდ ელექტრონული მუსიკის სცენაზე. ახლახან ჯგუფის ორმა წევრმა, მარტინ გორმა და ვინს კლარკმა ახალი პროექტის შექმნა გადაწყვიტა. ინიციალებისგან შექმნილი სახელით, VCMG, გაზაფხულზე ტექნო ჟანრში ახალ მუსიკალურ ალბომს გამოუშვებს, მანამდე კი ალბათ რამდენიმე სიმღერის მოსმენის საშუალებასაც მოგვცემს. საინტერესოა იმ ხალხის შემოქმედებით ევოლუციას დააკვირდე, რომლებმაც რამდენიმე თაობის მუსიკოსებზე უდიდესი გავლენა მოახდინეს.

ეკომოდა თანდათან უფრო მეტი ხდება, ვიდრე რომელიმე წლისა და სეზონის ტრენდი. ეს ბუნებრივიცაა, რადგან გარემოზე ზრუნვა თანამედროვე ადამიანებისთვის ერთგვარი აუცილებლობა გახდა. შესაბამისად, ბუნებრივი ქსოვილებისა და საღებავების გამოყენების იდეა ბევრი დიზაინერისთვისაა მისაღები. მაგალითად, სტელა მაკარტნის კოლექციებში სამოსის თითქმის ოცდაათი პროცენტი ეკოპროდუქტია. შეიქმნა ეკომოდის ბრენდები – People Tree, Howies, Ciel... გარემოზე ზრუნვის გარდა, არანაკლებ სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ეკოლოგიური ქსოვილით შეკერილი სამოსი არა მხოლოდ კომფორტულია, არამედ საიმედოც – ის ხელოვნურზე დიდხანს ძლებს.

კიდევ ერთი, რაც 2012-ში აუცილებლად უნდა „გვქონდეს” – „პრომეთეა”. რიდლი სკოტი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს დაუბრუნდა.

ეს საშუალებას გვაძლევს, ფილმზე, როგორც წარმატებულსა და საინტერესოზე, ისე ვიფიქროთ. „პრომეთე” 1979 წელს გადაღებული „უცხოს” პრიქველია და მკვლევრებზე მოგვითხრობს, რომლებიც კაცობრიობის წარმოშობის საიდუმლოს აღმოჩენას ცდილობენ. სკოტის თქმით, ფილმი ძალიან მაგარი გამოდის. „ჩვენ ღმერთებსა და ინჟინრებზე ვსაუბრობთ. კოსმოსის ინჟინრებზე. უცხოპლანეტელები, როგორც ბიოლოგიური იარაღის ფორმა, ისე შექმნეს თუ როგორც ბიოლოგია, რომელიც პლანეტას გაწმენდს?” – ამ კითხვებზე პასუხებს რეჟისორი ჯერჯერობით არ სცემს – ამას მისი „პრომეთე”, სავარაუდოდ, 2012 წლის ივნისში გააკეთებს

თუ გასულ წელს iPhone-ის მფლობელმა ღვინის მოყვარულმა ადამიანებმა ეს სიახლე გამოტოვეს, ახლა სწორედ ის დროა, კომპანია Simple-ის შექმნილი აპლიკაცია iSimple-ს ინსტალაცია გაუკეთონ. ეს უბრალო დამატება არაა – მას შეუძლია თქვენი პერსონალური სომელიე და მეგზური გახდეს ღვინის სამყაროში. აპლიკაცია გვთავაზობს კატალოგს, რომელშიც მსოფლიოს ორმოცდაათი რეგიონიდან შეიძლება ღვინის მოძებნა მისი ფერის, ფასის, წარმოშობის, ჩამოსხმის წლის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. აქ ისეთი დეტალების აღმოჩენაც კი შეიძლება, როგორიც, მაგალითად, კონკრეტულ ღვინოში შაქრის შემცველობაა. რაც მთავარია, აპლიკაციას შეუძლია სწორი რჩევები მოგცეთ ღვინისა და კერძების შეხამების შესახებ, ოფლაინ რეჟიმშიც კი. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ანდროიდზე Apple-ის ოპერაციული სისტემის უდავო უპირატესობაზე დაგაფიქრებს... თუმცა, ალბათ, ზოგს ამისთვის მაინც ორას გრამზე მეტი კარგი კაბერნეს დალევა დასჭირდება...

 

კომენტარები