რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

მედვედევი: სააკაშვილს არასდროს ჩამოვართმევ ხელს

რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განცხადებით მოსკოვი მზადაა  აღადგინოს თბილისთან ურთიერთობა, ოღონდ საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ” ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ   აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები  საქართველოსთან.. ჩვენ ხომ არ ჩაგვიშლია ეს ურთიერთობები,”- აღნიშნა მედვედევმა და იქვე   მიუთითა, რომ  ვისაც არასდროს ჩამოართმევს ხელს მიხეილ სააკაშვილია.

” ერთადერთი ადამიანია ვისთანაც არ მსურს საქმის დაჭერა და  თავად მიხვდებით ვისაც ვგულისხმობ. მე მას არასდროს შევხვდები და ხელს არასდროს გავუწვდი. რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ მოღვაწეებს და მთლიანად ქართველ ხალხს, მე ძალიან მინდა ეს გაუცხოების ფაზა რაც შეიძლება  სწრაფად დასრულდეს”,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მედვედევმა აღნიშნა ავია მიმოსვლის  აღდგენა, თქვა ისიც, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში  რუსეთის გაწევრიანებით ორ ქვეყანას შორის  სავაჭრო ტვირთბრუნვა  ენერგიული გახდება და დაამატა: ” საჭიროა ადამიანებს შორის კავშირების აღდგენა, თუმცა აუცილებელია საპასუხო ქმედებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.”

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 1992 წლის 1 ივლისს დამყარდა.  2008 წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის, საქართველოს  ტერიტორიების ოკუპაციის, ამ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური  წმენდის და  აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის  ”დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” აღიარების შემდეგ, 2008 წლის 2 სექტემბერს საქართველომ  გაწყვიტა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა.

’საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს წესდების, საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების დარღვევით, საღი აზრის იგნორირებით გააჩაღა შეიარაღებული კონფლიქტი, რომლის მსხვერპლიც მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა. ასეთივე ბედი ელოდა აფხაზეთსაც. ცხადია, რომ თბილისში გათვლა იყო ბლიცკრიგზე, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობას უკვე მომხდარი ფაქტის წინაშე დააყენებდა. ამორჩეული იყო ყველაზე არაადამიანური მეთოდი მიზნის მისაღწევად - სამხრეთ ოსეთის შესაერთებლად მთელი მოსახლეობის განადგურების ფასად,”- 2008 წლის  აგვისტოს ბოლოს, მედვედევი შეეცადა    ამ სიტყვებით აეხსნა რუსეთის ქმედებები, თუმცა რამდენიმე თვის წინ მან აღიარა, რომ  2008 წელს  ქმედითი ნაბიჯების გადადგმის გარეშე ნატოს საზღვრები გაფართოვდებოდა.

”2008 წელს ჩვენ რომ მერყეობა გამოგვეჩინა, სხვა გეოპოლიტიკური ვითარება იქნებოდა და მთელი რიგი ქვეყნები, რომელთა ჩრდილოატრანტიკურ ალიანსში შეთრევას ხელოვნურად ცდილობდნენ იქ იქნებოდნენ." - გასული წლის ნოემბერში ,  დაუფარავად განაცხადა  რუსეთის პრეზიდენტმა  ვლადიკავკაზში, სამხედროებთან შეხვედრაზე.  

25 იანვარს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ  აღნიშნა, რომ რუსეთი იმ შემთხვევაშიც არ დაელაპარაკება თბილისს, თუ საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვა, რადგანაც მოსკოვის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ „სამართლებრივი ჩიხი“ შექმნა და ახლა რუსეთის ხელისუფლებამ „ არ იცის რაზე ილაპარაკოს. “

 

 

კომენტარები